ბრძანება N 7780
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7780
08 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 25 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის სხდომაზე (ოქმი №27) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ---) 2024 წლის 25 იანვრის №87164/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-751 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სიყალბის საფუძვლით საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და ასევე, ამ ოპერაციისთვის სალაროდან გატანილი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას. მომჩივანი განმარტავს, რომ შემოწმება დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომლის შინაარსიც კომპანიისთვის უცნობია. დირექტორის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საგადასახადო ორგანო გასცდა მის უფლებამოსილებას, არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმება ეყრდნობა გამომძიებლის წერილს, რომელსაც არ გააჩნია იურიდიული ძალა და მიიჩნევს, რომ არამართლზომიერია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ოპერაციის ფიქტიურ ოპერაციად მიჩნევა მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი არ არის გამოტანილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33241 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია ავ----- და სერია ეა---- საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33626 ბრძანება და ამავე თარიღის №006-751 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 513 404 ლარი, მათ შორის, გადასახადი 880 959 ლარი, ჯარიმა 1 146 898 ლარი და საურავი 485 547 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ქ. -----ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „----“ (ს/ნ ---).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „---ის“ მიერ შპს „----“-ის (ს/ნ ---) სახელზე გამოიწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: სერია ავ----- და ეა---. ვინაიდან აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, აუდიტის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33241 ბრძანებით დაინიშნა შპს „----“-ის საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების - სერია ავ----- და სერია ეა----- საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმებით, გადამხდელს გაუუქმდა მიღებული ჩათვლა, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში მოწოდებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით, ზემოთაღნიშნული ფიქტიური ოპერაციის ფარგლებში ფიქსირდება სალაროდან 2 111 000 ლარის გაცემა. ვინაიდან ეს ოპერაცია არ განხორციელებულა და მეორე მხარე არ ადუსტურებს ზემოხსენებული თანხების მიღებას, სალაროდან გაცემული თანხა 2 111 000 ლარის ოდენობით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას გაცემის პერიოდების მიხედვით. შედეგად გადასახდის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს გამომძიებლის 2023 წლის 30 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება:
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 მარტსა და 15 აპრილს, ---- და ---მა ჯგუფურად, შპს „----ის“ სახელით შპს „----“-ის სახელზე გამოწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ნომრებით: ავ---- და ეა-----, რომლის მიხედვითაც, თითქოს შპს „----“-მა შპს „---ს“ ავანსის სახით გადასცა 815 490 ლარი და 1 500 000 ლარი, რაც რეალურად არ განხორციელებულა, ასევე, ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული ღირებულების სამუშაოებიც არ შესრულებულა.
----მა, შპს „----ის“ სახელით, და ----მა, შპს „----“-ის სახელით, აღნიშნული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაადეკლარირეს, რის შედეგად, შპს „----ს“ ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა 353 210,34 ლარი, ხოლო შპს „----“-მა მიიღო 353 210,34 დღგ-ის ჩათვლა, რომელიც გამოიყენა ბიუჯეტის წინაშე არსებულ მიმდინარე გადასახადებში.“
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით გაიცა ბრძანება შპს „----“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის ხელახალი საგადასახადო შემოწმების შესახებ, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სერია ავ----- და სერია ეა---- საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესწავლისა და ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებებეის სწორად განსაზღვრის მიზნით.
შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს გაუუქმდა ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა და ამასთან, აღნიშნული ფიქტიური ოპერაციის ფარგლებში სალაროდან გატანილი თანხა განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სიყალბის საფუძვლით საგადასახადო ანგარიშფაქტურებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას და ასევე, ამ ოპერაციისთვის სალაროდან გატანილი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33241 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33626 ბრძანება და ამავე თარიღის №006-751 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 513 404 ლარი, მათ შორის, გადასახადი 880 959 ლარი, ჯარიმა 1 146 898 ლარი და საურავი 485 547 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174; 175; 176; 178; 280; 73 (4,9); 101; 154.