გადაწყვეტილება № 25924/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 25924/2/2025
13 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25924/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №------- (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №081-260 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 10 243.18 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 5 799
დღგ - 4 159
ქონების გადასახადი - 1 640
ჯარიმა - 2 900
საურავი - 1 544.18
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა გარკვეული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვადასხვა ტიპის საქონლის მიწოდება ტენდერების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი, ძირითადი კონტრაქტორია -------.
აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის №3107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი ------ (პ/ნ ------). აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მიწოდების მიზნით. ფაქტობრივი გარემოებების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.04.2024 წლის №9257 ბრძანება და ამავე თარიღის №081- 77 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2024 წლის 3 და 28 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანება;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა პირველი დავის საგნის (კომპანიის მიერ ფერწერული ტილოების/ნახატების შეძენისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევის) ნაწილში იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის დასკვნით ირკვევა, რომ დარიცხული თანხა გადაანგარიშებას/შემცირებას არ დაექვემდებარა.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2025 წლის №15371 ბრძანება და ამავე თარიღის №081-179 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის დასკვნა, 8.07.2025 წლის №15371 ბრძანება და ამავე თარიღის №081-179 საგადასახადო მოთხოვნა;
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღსრულება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გადაწყვეტილების შესაბამისად;
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 10.09.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, კერძოდ მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა 62 176 ლარი (შესაბამისი ჯარიმა 31 088 ლარი) დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ამასთან, კომპანიის მიერ შეძენილი ფერწერული ტილოები განხილულია საინვესტიციო ქონებად და კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი 1 640 ლარი და დაეკისრა ჯარიმა 820 ლარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამდენად, შემოწმების შედეგები, სულ შემცირდა 93 264 ლარით, მათ შორის, მოგების გადასახადი 62 176 ლარით და ჯარიმა 31 088 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2025 წლის №20396 ბრძანება და ამავე თარიღის №081-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიის მფლობელობაში არსებული ფერწერული ტილოები (ნახატები) კლასიფიცირდა, როგორც საინვესტიციო ქონება, რამაც გამოიწვია ქონების გადასახადის დამატებითი დარიცხვა. ამასთან, დასკვნით დაერიცხა დღგ-ის ძირითადი თანხა არასწორად მიღებული ჩათვლის ნაწილში.
კომპანია არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას ნახატებზე, ხოლო დღგ-ის ძირითად თანხას ეთანხმება და იხდის, მაგრამ ითხოვს მასზე დარიცხული სანქციების გაუქმებას.
ფერწერულ ტილოებზე დარიცხული ქონების გადასახადის და სანქციების სრულად გაუქმებას ითხოვს შემდეგი მიზეზებით:
1. ბასს 40-ის ფუნდამენტური დარღვევა: ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40 „საინვესტიციო ქონება“-ს მიხედვით, საინვესტიციო ქონება შეიძლება იყოს მხოლოდ მიწა ან/და შენობა. კომპანიის მფლობელობაში არსებული ფერწერული ტილოები, როგორც მოძრავი ქონება, ვერ მოექცევა ამ სტანდარტის მოქმედების სფეროში.
2. ნახატების სწორი კლასიფიკაცია: კომპანიის ნახატებს ფლობს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში გასაყიდად. შესაბამისად, ბასს 2 „მარაგები“-ს მიხედვით, ეს აქტივები უნდა კლასიფიცირებულიყო როგორც მარაგები.
3. არასწორი დასაბეგრი ბაზა: აქტივის არასწორმა კლასიფიკაციამ გამოიწვია ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზის არასწორი განსაზღვრა (შეფასების წესის ცვლილების გამო), რამაც საბოლოოდ გამოიწვია ქონების გადასახადის უკანონო დარიცხვა.
დასკვნა: ვინაიდან ნახატები არ არის საინვესტიციო ქონება, მათზე ქონების გადასახადის დარიცხვა არის არასწორი და სრულად უნდა გაუქმდეს.
რაც შეეხება დღგ-ის დარიცხვას არასწორად მიღებული ჩათვლის ნაწილში, კომპანია ეთანხმება დღგის თანხას, ვინაიდან არასწორი ჩათვლა მოხდა შეცდომით. ამ ნაწილში ითხოვს დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. კომპანიის მიერ ჩადენილი საგადასახადო ვალდებულების დარღვევა გამოწვეული იყო ბუღალტრული შეცდომით და არა საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების განზრახვით, რაც უკვე დადასტურდა ჩატარებული შემოწმებით და შემცირებული დარიცხვით, ეს ყველაფერი ადასტურებს კომპანიის კეთილსინდისიერებას. ითხოვს, საბჭომ ისარგებლოს ამ უფლებამოსილებით და გაათავისუფლოს სანქციებისაგან კეთილსინდისიერების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და საგადასახადო მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება ფერწერული ტილოების (ნახატების) საინვესტიციო ქონებად კლასიფიკაციას და მათზე ქონების გადასახადის და სანქციების დარიცხვას და გაუქმდეს დღგ-ის არასწორი ჩათვლის გამო დარიცხული სანქციები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კეთილსინდისიერების ფარგლებში. შემოსავლების სამსახურს დაევალოს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი, დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო, დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღსრულება და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა გადაწყვეტილების შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია შემდეგი:
„გადაწყვეტილებაში აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გარემოებები/ფაქტები, რომელიც მოიკვლია აუდიტის დეპარტამენტმა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ოპერაცია მხარეებს შორის რეალურად განხორციელდა, შესაბამისად, აღნიშნული ფერწერული ტილოები კომპანიისთვის შესაძლებელია წარმოადგენდეს გრძელვადიან აქტივს, რომელსაც მოგების მიღების მიზნით გამოიყენებს მომავალში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ დასტურდება კომპანიის მხრიდან არაეკონომიკური ხარჯის გაწევა და განხორციელებული ოპერაცია, ფერწერული ტილოების შეძენა, უნდა შეფასდეს საინვესტიციო ქონებად. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საბჭოს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილების აღსრულება მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა“.
საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია 10.09.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, კერძოდ მოგების გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა 62 176 ლარი (შესაბამისი ჯარიმა 31 088 ლარი) დაექვემდებარა სრულად შემცირებას, ამასთან, კომპანიის მიერ შეძენილი ფერწერული ტილოები განხილულია საინვესტიციო ქონებად და კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი 1 640 ლარი და დაეკისრა ჯარიმა 820 ლარი საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. ამდენად, შემოწმების შედეგები, სულ შემცირდა 93 264 ლარით, მათ შორის, მოგების გადასახადი 62 176 ლარით და ჯარიმა 31 088 ლარით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა მიუთითა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტზე და განმარტა, რომ საინვესტიციო ქონება შეიძლება იყოს მხოლოდ მიწა ან/და შენობა. ამდენად, ნახატები არ არის საინვესტიციო ქონება, მათზე ქონების გადასახადის დარიცხვა არის არასწორი და სრულად უნდა გაუქმდეს, ეს აქტივები უნდა კლასიფიცირებულიყო როგორც მარაგები.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ამ ნაწილში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამდენად, ვინაიდან აღნიშნულ დავის საგანზე (1.07.2024 და 5.09.2024 წლის საჩივრები) საბჭოს ნამსჯელი და გადაწყვეტილება მიღებული აქვს 10.10.2024 წლის №23407/2/2024 (რეგ. 31.10.2024წ. 03/81034) გადაწყვეტილებით, ამ ნაწილში საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი, დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირისგან. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარმოდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მოწოდების მიზნით. კომპანიის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.07.2025 წლის №25446/2/2025 (რეგ. 12.08.2025წ. 03/58744) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საჩივარი, დღგ-ის ნაწილში დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 301(ზ);304(21)