ბრძანება N 1228
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1228
30.01.2023
შპს ,,------’’ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2022 წლის 18 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს ,,-----’’ (ს/ნ ------) №73967/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №081-124 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს.მიუთითებს, რომ ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსების დროს განხორციელდა სისტემური შეცდომა,რის გამოც საწარმოს არსებობის პერიოდის გრაფაში თვეების რაოდენობაში 11 თვის ნაცვლად მიეთითა 1 თვე და მხოლოდ აღნიშნული სისტემური შეცდომის გამო მოხდა გადასახადის შემცირება.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 მაისის №11313 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----’’ (ს/ნ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმებას დაექვემდებარა 2021 წლის ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 18 ივლისის №19002 ბრძანება და ამავე თარიღის №081-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 7004 ლარი, მათ შორის: გადასახადი 5456 ლარი, ჯარიმა 1364 ლარი, საურავი 184 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საოფისე ტექნიკის, მოწყობილებების და სხვა კომპიუტერული ტექნიკის იჯარით/ლიზინგით გაცემა. საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 თებერვლიდან, ამავე პერიოდიდანაა რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. გადამხდელის მიერ წარდგენილი 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 327 364,11 ლარს, ხოლო დარიცხული გადასახადი შეადგენს 272,8 ლარს (არსებობის პერიოდის გათვალისწინებით გამოანგარიშებულია 1 თვეზე). შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის თანხა, კერძოდ არსებული თანხა დაკორექტირდა საწარმოს არსებობის პერიოდის გათვალისწინებით და ქონების გადასახადის დარიცხვა მოხდა 11 თვეზე (საწარმო რეგისტრირებულია 2021 წლის 2 თებერვლიდან). საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
ამავე კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე,რომლის მიხედვით დგინდება,რომ საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 თებერვლიდან.გადამხდელის მიერ წარდგენილი 2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 327364,11 ლარს, ხოლო დარიცხული გადასახადი შეადგენს 272,8 ლარს (არსებობის პერიოდის გათვალისწინებით გამოანგარიშებულია 1 თვეზე). შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის თანხა, კერძოდ არსებული თანხა დაკორექტირდა საწარმოს არსებობის პერიოდის გათვალისწინებით და ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა 11 თვეზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია 2021 წლის 2 თებერვალს, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო ქონება დაებეგრა დარეგისტრირების დღიდან 11 თვის პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხა მითითებულია 3 273.64 ლარი, იგივე თანხაა მითითებული გრაფაში სადაც ეთითება თანხა, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას. თუმცა, „საწარმოს/ორგანიზაციიის არსებობის პერიოდის“ გრაფაში არასწორადაა მითითებული თვეების რაოდენობა, რამაც გამოიწვია კუთვნილი გადასახადის თანხის შემცირება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადთან ერთად, გადამხდელს განესაზღვრა მიმდინარე გადასახდელი 2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით 2 728 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით განხორციელებულია გპაბ-ზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა, კერძოდ,2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით განხორციელდა მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა დეკლარაციაში ასახული 3 273.64 ლარის გათვალისწინებით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების
შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,-----’’ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ქონების გადასახადის მიმდინარე გადასახდელის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით,სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში დარიცხულ თანხებს.მიუთითებს.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბრუნვითი უწყისები და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის თანხა, კერძოდ არსებული თანხა დაკორექტირდა საწარმოს არსებობის პერიოდის გათვალისწინებით და ქონების გადასახადის დარიცხვა მოხდა 11 თვეზე.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადამხდელის საჩივარი მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
201,202,205,269(7).