ბრძანება N 18267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18267
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 24 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №78460/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №024-87 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს (13%). გადამხდელის განმარტებით, ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობის დიდი ოდენობა გამოწვეულია დეფექტური (დამტვრეული) კაფელ-მეტლახის არსებობით, რომლის ჩამოწერაც ფიზიკურად შეუძლებლია. გადამხდელის განმარტებით, შემოსავლების სამსახურისგან მიღებული აქვთ კონსულტაცია, რომ მასალების ჩამოწერისთვის საჭიროა მათი გადარჩევა და სახეობების მიხედვით დასაწყობება, თუმცა აღნიშნულის განხორციელება, დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. ითხოვს, მიეცეს საშუალება მოახდინონ ჩამოწერა. ფასნამატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ 2019-2021 წლებზე გავრცელებული ფასნამატი კოვიდპანდემიის გამო დაბალი იყო, ვიდრე 2022 წელს. განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის დროს შეუძლებელი იყო განსაზღვრულიყო აღწერილი პროდუქცია, რომელიც ფაქტიურ ნაშთს შეადგენდა, რომელი შესყიდვის ფასით იყო შესყიდული. ამის გამო ფასნამატის პროცენტი მიღებულ იქნა 13%, ხოლო რეალური შიდა ანგარიშებით გამოვლენილი ფასნამატი არ აღემატება 10%-ს.
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი - 617 878 ლარის ოდენობით, იმის გამო, რომ არ მომხდარა ზემოაღნიშნულ თანხაზე დამამტკიცებელი დოკუმენტის წარმოდგენა. გადამხდელი საჩივარში წარმოადგენს კაპიტალის ნაშთის შესახებ გაანგარიშებას, თუ რისგან შედგება ზემოაღნიშნული რიცხვი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელმა მოახდინა 2010 წლიდან 2019 წლამდე ინფორმაციის მოძიება, გაიანგარიშა 2010-2016 წლების მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციების ციფრები, რომელიც შედარდა ამ შემოსავლებისა და ხარჯების ციფრებთან, ასევე გაიანგარიშა 2017-2018 წლების გაუნაწილებელი მოგების რიცხვი და შედეგი არის შემდეგი: 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთი შეადგენს 617 878 ლარს, საწესდებო კაპიტალი - 241 513 ლარი, გაუნაწილებელი მოგება - 376 365 ლარი.
3. დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შემოწმების დროს ფიზიკურად ვერ მოხერხდა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა დამყარდა კომუნიკაცია არარეზიდენტ მომწოდებლებთან, სატელეფონო შედარებები მოხდენილია და ელოდებიან დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოგზავნას. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
4. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ არ იქნა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. ითხოვს ხელფასად განხილულ არაგონივრულ სალაროს ნაშთზე განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი დაკორექტირდეს მოგების გადასახადით და აღნიშნული სხვაობა დაექვემდებაროს 5%-ის ოდენობით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6246 და 15 დეკემბრის №31589 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 27 დეკემბრის №33077 ბრძანება და ამავე თარიღის №024-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 741 514 ლარი, მათ შორის, გადასახადი 845 141 ლარი, ჯარიმა 528 702 ლარი, საურავი 367 671 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1-2. გადამხდელის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების შეძენარეალიზაცია. გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ---ში --- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. გადამხდელს საქმიანობიდან გამომდინარე აქვს ასევე საწყობიც. ანგარიშსწორება ხორციელდება უმეტესად ნაღდი ანგარიშსწორებით. უფიქსირდება ორი მოქმედი საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა „ორისი“ და შემოწმების მიერ მოთხოვნილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც დათვლილ იქნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის N13326 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მონაცემები, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, რომელთა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად დათვლილ სმფ-ებსა და ბუღალტრულად არსებულ სმფ-ებს შორის თვითღირებულებით 1 680 167 ლარის ოდენობით. აღნიშნული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული - დოკუმენტური ფასნამატი 13%, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების შესაბამისად, დაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (1 680 167+1 680 167*13%) და დამატებით ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემების პერიოდების პროპორციულად. აღნიშნული ნორმისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი დამატებით მიღებული შემოსავალი 1 898 589 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა მიღებულ ფულად სახსრებად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელფასად დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისათვის დამატებით მიღებულ ფულად სახსრებს 2 240 335 ლარს (1 898 589*1.18) გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე გამოაკლდა შესამოწმებელ პერიოდში საწესდებო კაპიტალში შეტანილი და გატანილი თანხების სხვაობა 707 393 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, გადამხდელს ბუღალტრულად უფიქსირდება საწყისი საწესდებო კაპიტალი 617 878 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული კაპიტალის გათვალისწინება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშების დროს შემოწმების შედეგად არ მომხდარა, რადგან გადამხდელის მხრიდან არ არის დადასტურებული აღნიშნული საწყისი საწესდებო კაპიტალი რეალურად არის დამფუძნებლების შენატანი თუ წინა პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული გაუნაწილებელი მოგება.
3. გადამხდელი რეალიზებული საქონლის შეძენას ნაწილობრივ ახდენს არარეზიდენტებისგან იმპორტის გზით. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი არ იქნა წარმოდგენილი. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება სალაროდან ფულის გასვლა არარეზიდენტის დავალიანების დაფარვის მიზნით. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N8-ის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა საბაჟო დეკლარაციები, რითიც დადასტურებულია შესაბამისი საქონლის შეძენა, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. საქმიანობის პროცესში გადამხდელის მიერ შემოსავლის მიღება და ხარჯის გაწევა ხორციელდება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა“ორისი“, რომლის ანალიზით, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით განსაზღვრული N9 დანართის შესაბამისად, შემოწმების მიერ საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დაიბეგრა მოგების გადასახადით. დარიცხული პროცენტის თანხა განხილულ იქნა დირექტორის მიერ საწარმოსგან მიღებულ სარგებლად, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად პირი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის N13326 ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც დათვლილ იქნა გადამხდელის საკუთრებაში არსებული საქონლის ფაქტობრივი ნაშთის ოდენობა. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, რომელთა შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივად დათვლილ სმფ-ებსა და ბუღალტრულად არსებულ სმფ-ებს შორის, რაზეც გავრცელდა გადამხდელის მიერ დაფიქსირებული დოკუმენტური ფასნამატი 13%.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს არ უფიქსირდება წარდგენილი განცხადებები „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურების შესახებ“. შემოწმების დროს მოხდა შეძენილი და რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაკავშირება (600 ოპერაცია, 118 სახეობა) წლების მიხედვით, რის შედეგადაც არსებითი სხვაობა გადამხდელის აღიარებულ 13%-იან ფასნამატთან შედარებით არ გამოვლინდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2, მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვარის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საწესდებო კაპიტალის ნაშთი - 617 878 ლარის ოდენობით, იმის გამო, რომ არ მომხდარა ზემოაღნიშნულ თანხაზე შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა. საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ მათ მიერ განხორციელდა 2010 წლიდან 2019 წლამდე ინფორმაციის მოძიება და წარმოდგენილი აქვს კაპიტალის ნაშთის გაანგარიშება, რომლის მიხედვით 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კაპიტალის ნაშთი შეადგენს 617 878 ლარს, საწესდებო კაპიტალი - 241 513 ლარი, გაუნაწილებელი მოგება - 376 365 ლარს და ითხოვს აღნიშნული საკითხის შესწავლას.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების დროს ფიზიკურად ვერ მოხერხდა შემოწმებისთვის არარეზიდენტ პირებზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა მოხერხდა კომუნიკაცია არარეზიდენტ მომწოდებლებთან, მოხდა სატელეფონო შედარება და ელოდებიან დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოგზავნას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ არ იქნა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. აცხადებს, რომ 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხამ შეადგნიდა 32 062 ლარი, ხოლო ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობამ - 181 712.63 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ თანხაზე მოგების გადასახადის თანხა უკვე გადახდილი აქვს საწარმოს და იგი უნდა დაკორექტირდეს წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, ხელფასად განხილულ არაგონივრულ სალაროს ნაშთზე განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი დაკორექტირდეს მოგების გადასახადით და აღნიშნული სხვაობა დაექვემდებაროს 5%-ის ოდენობით დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს (13%).
2. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ფულადი სახსრების ოდენობას.
3.არარეზიდენტ პირებზე საქონლის შესაძენად გადახდილი დაუდასტურებელი ხარჯის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;
4. გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ არ იქნა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6246 და 15 დეკემბრის №31589 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 27 დეკემბრის №33077 ბრძანება და ამავე თარიღის №024-87 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 741 514 ლარი, მათ შორის, გადასახადი 845 141 ლარი, ჯარიმა 528 702 ლარი, საურავი 367 671 ლარი.
გადაწყვეტილება
პირველი სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საწარმოს სალაროში დარჩენილ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2); 136; 49; 61; 73 (9,4,5); 43; 101; 154; 2 (2); 159; 163; 164; 982.
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160; 161.