გადაწყვეტილება №21604/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21604/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21604/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „----------“ 15.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21604/2/2023).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ქონების ღირებულების მიხედვით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა - 1 095 748 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა სასტუმროს ტიპის განთავსების საშუალებების, აპარტამენტების, კომერციული ფართების მართვა (რეალიზაცია, გაქირავება).

აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №40579 ბრძანებით დაინიშნა სს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება სს „----------“ (ს/ნ ----------) (დამფუძნებელი კომპანია) მიღებული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრის მიზნით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში.

საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან.

სს „----------“ არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. შემოწმებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 1 კვ. მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს „----------“ მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს 1 კვ. მ ღირებულება (არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის ქონების შეფასების დასკვნა), კორექტირებული 31.12.2018 წლის სავალუტო კურსის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 და 41 ნაწილების და საერთაშორისო სტანდარტების (ფასს 13) გათვალისწინებით, პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №081-2561 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2022 წლის №081-2561 შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10244 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 1.06.2023 წლის №16541/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.04.2022 წლის №10244 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 1.06.2023 წლის №16541/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.11.2023 წლის №29386 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ (აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ).

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-420 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ, მე-2 და 41 ნაწილებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ არ ეთანხმება მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს ღირებულების შესაბამისად სს „----------“ ქონების გადასახადით დასაბეგრი ძირითადი საშუალების ღირებულების გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ არ დაეყრდნო შემოწმება შპს „----------“-ის დასკვნას, რომლის თანახმად, 29.11.2018 წლის მდგომარეობით ქონების ღირებულებაა 62 000 000 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ შპს „----------“-ის შეფასების დასკვნა წარმოდგენილია დავის მიმდინარეობისას. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით 1 კვადრატული მეტრი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 226 ლარს, ხოლო საგადასახადო შემოწმების დროს გამოყენებული (შესაფასებელი ობიექტის გვერდით არსებული ქონების) შეფასების დასკვნის მიხედვით 1 კვადრატულ მეტრი ქონების ღირებულება შეადგენს 2 237 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შესაფასებელი ობიექტები მდებარეობს ერთ ქუჩაზე და ქონების მახასიათებლები მსგავსია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნა, ასევე, შეფასების ეტაპზე გამოყენებული დაშვებები და მეთოდოლოგია არ იძლევა ლოგიკურ ახსნას ქონების ღირებულებების საბაზრო ფასის არსებითი სხვაობების მიზეზების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2017 წლის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ანგარიშგებას არ ახორციელებს (საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს დეკლარაციებს).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

როგორც შემმოწმებელი საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებს, მათ მიერ განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის თანახმად ქონების ღირებულების შეფასება, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს არგუმენტირებულ დასაბუთებას აღნიშნული ქონების შეფასების ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების თაობაზე.

მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება ენიჭება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულია, რომ ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ: ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საბაზრო ფასი არ გამოიყენება, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი არაუმეტეს 10%-ით აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

სს „----------“ წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (სდპ) და აღრიცხვას აწარმოებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ 29.06.2012 წლის საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანია ექვემდებარებოდა სავალდებულო აუდიტს და კომპანიის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგებები შედგენილი და გამოქვეყნებულია ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სდპ სტატუსის უფლებამოსილი პირის მიერ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლება საქართველოში ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს. ზემოაღნიშნულ ნორმის მოთხოვნათა დაცვით კომპანიას სს „----------“ (ს/ნ ----------) (დამფუძნებელი კომპანიისგან) მიღებული უძრავი ქონების (შენობანაგებობების) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში არსებული რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით განხორციელებული აქვს უძრავი ქონების შეფასება (დანართი №7). აღნიშნული შეფასება გაკეთებულია შპს „----------“-ის დირექტორის, სერთიფიცირებული აუდიტორშემფასებლის ---------- მიერ (აკრედიტაციის №----------) შესაბამისობის სერთიფიკატი – ---------- და P----------). შესაბამისად, კომპანიას ბალანსზე ქონება აღრიცხული აქვს რეალური ღირებულებით და აღნიშნული დადასტურებულია ფინანსური ანგარიშგებით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XXIV1 კარით განსაზღვრულია საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი. აღნიშნული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ხოლო, შემმოწმებლის მიერ უგულვებელყოფილი იქნა ის გარემოება, რომ კომპანიას გააჩნია უძრავი ქონების შეფასების თაობაზე კომპეტენტური პირის დასკვნა და ქონების ღირებულების განსაზღვრა განახორციელა სხვა პირის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემმოწმებლის მიერ ქონების ღირებულების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიმართ 2021 წლის საანგარიშო პერიოდის მდგომარეობით განსაზღვრული ღირებულება და აღნიშნულის მიხედვით და 31.12.2018 წლის მდგომარეობით არსებული კურსით იქნა განსაზღვრული ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება, რაც მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

შემმოწმებლების მიერ, შესაბამისი კვალიფიკაციის არ ქონაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ შეუძლებელია ქონების ღირებულება ერთი და იგივე ყოფილიყო 2018 და 2021 წლებში. აღნიშნული კატეგორიულად მიუღებელია და საკანონმდებლო ნორმების უხეში დარღვევით იქნა უგულვებელყოფილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნა და შემმოწმებელმა, რომელსაც არ გააჩნია უძრავი ქონების შეფასების კომპეტენცია, ქონების ღირებულება განსაზღვრა თვითნებურად, სხვა, მესამე პირის ინფორმაციის მიხევდით.

საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს მიდგომა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. კერძოდ, შემმოწმებელთა მიერ ქონების შეფასებისთვის გამოყენებულ იქნა დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ შედგენილი სს „----------“ საბაზრო ღირებულების შეფასების დასკვნა, რომლითაც შეფასებულია შეფასების თარიღისთვის სს „----------“ 100%- იანი წილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და აღნიშნული განკუთვნილია სს „----------“. აღნიშნულ დასკვნაში გამოყოფილია უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც შემმოწმებელმა გამოიყენა სს „----------“ უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მიუღებელია მესამე პირის მიმართ გაცემული უძრავი ქონების შეფასების დასკვნის გამოყენება.

ამდენად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურისთვის სარწმუნო საშემფასებლო დასკვნა უნდა გამხდარიყო მხოლოდ აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც აღიარებული იქნებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო კომპანიის მიერ წარდგენილია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დასკვნის უგულვებელყოფა და შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების სრულად უნდა გაუქმდეს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ რომც განხორციელებულიყო ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება და ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, ქონების გადასახადის მიზნებისთვის დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული დღგ-ის თანხა და გადასახადის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს ქონების ღირებულებაზე დღგ-ის გარეშე. რამდენადაც, საერთაშორისო აღრიცხვის პრინციპების თანახმად დღგ-ის გადამხდელი პირისთვის დღგ წარმოადგენს ვალდებულების ნაწილს, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას/უკან დაბრუნებას და სწორედ ამიტომ აღნიშნული ვერ იქნება ძირითადი საშუალების ღირებულების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოა ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.

ამასთან, ქონების გადასახადის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (მათ შორის, უძრავი ქონების) საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს მათი რეალური ღირებულებისაგან საგადასახადო წლის ბოლოს, რასაც უზრუნველყოფს ბასს 16-ით რეკომენდებული გადაფასების მოდელის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს ბალანსზე თავდაპირველად თვითღირებულებით (შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხის გარეშე) ასახული დასაბეგრი ქონების შემდგომში ასახვას გადაფასებული (აფასებული ან ჩამოფასებული) თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისათვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, შემდგომში დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით. ის გარემოება, რომ აქტივის რეალური ღირებულება მოიცავს ამ აქტივის მიწოდების ფასზე დანამატის სახით დადგენილ დღგ-ის თანხას, არ ცვლის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივის ღირებულება არ მოიცავს დღგ-ის კომპონენტს.

შესაბამისად, როდესაც საწარმოს გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება, ამ ანგარიშგებაში დასაბეგრი უძრავი ქონების საბალანსო ღირებულება ასახულია საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე და მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ამ საწარმოს საგადასახადო შემოწმებისას არ წარმოიშობა დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის საფუძველი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის მოქმედი კანონმდებლობა საგადასახადო ორგანოს მიერ საბაზრო ფასის გამოყენების შემთხვევას უთანაბრებს გადასახადის გადამხდელის მიერ გადაფასების მოდელის გამოყენებას. კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ ფინანსური ანგარიშგება და იყენებენ გადაფასების მოდელს მათზე არ ვრცელდება ქონების საბაზრო ღირებულებით განსაზღვრის წესი. შესაბამისად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ღირებულების პრინციპი ვერ იქნება განსხვავებულად განსაზღვრული იმ პირებისთვის ვისაც არ გააჩნია აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და არ იყენებს გადაფასების მოდელს. ამდენად, ვინაიდან ნორმათა ერთობლიობით ცალსახად დგინდება, რომ ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება არ მოიცავს დღგ-ს, ყოვლად უსაფუძვლოა შემოწმების შედეგად ქონების გადასახადის დარიცხვა აქტივის ღირებულებაზე დღგ-ის ჩათვლით.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა არგუმენტაცია და საჩივარი ხელახლა განსახილველად დააბრუნა შემოსავლების სამსახურში იმ საფუძვლით, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შეფასებული არ იყო დავის პროცესში წარდგენილი კომპეტენტური პირის დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და გამოსცა ბრძანება, რომლითაც კომპანიას მიეცა წინადადება ხელახალი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის თაობაზე. აღნიშნული მიუღებელია და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. შემოსავლების სამსახური ვერ ასაბუთებს, კვალიფიციური ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნის გაუთვალისწინებლობას. შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილების მიღებისას მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნა, ასევე, შეფასების ეტაპზე გამოყენებული დაშვებები და მეთოდოლოგია არ იძლევა ლოგიკურ ახსნას ქონების ღირებულებების საბაზრო ფასის არსებითი სხვაობების მიზეზების შესახებ.

ქონების შეფასება მოიცავს სპეციფიურ ცოდნას და სწორედ ამიტომ აღნიშნული შეფასების გაკეთება შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ პირს. განსახილველ შემთხვევაში კი შემოსავლების სამსახური აპელირებს საგადასახადო ორგანოს, შემმოწმებლის განმარტებაზე, რომელიც არ წარმოადგენს კვალიფიციურ პირს ქონების გადასახადის შეფასების ნაწილში. ამასთან, შემოსავლების სამსახური წარდგენილი მტკიცებულების უგულვებელყოფის საფუძვლად უთითებს, რომ აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2017 წლის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ანგარიშგებას არ ახორციელებს (საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს დეკლარაციებს). აღნიშნულის მითითება სრულიად ალოგიკურია და არ წარმოადგენს აღნიშნული დასკვნის მართებულობის შეფასების კრიტერიუმს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია არამართლზომიერად და შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების უგულვებელყოფით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და დარიცხული თანხები სრულად. საჩივრის განხილვას უნდა მოხდეს კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი, მე-2 და 41 ნაწილების თანახმად:

1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

2. დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

41. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. მომჩივანი არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის საბაზრო ფასით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანებით, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის ქონების ღირებულების მიხედვით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. მომჩივანი არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის საბაზრო ფასით განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანებით, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29386 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202(1);