ბრძანება N 4379
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4379
07.03.2023
ი/მ "-------" (ს/ნ „------“ )
(მის:"---------------------" )
2023 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა ი/მ „------“ (ს/ნ „------“) 2023 წლის 10 იანვრის №77900/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №002-270 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას. მიუთითებს მასსა და შპს „------“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც მისი ყველა ვალდებულების (მათ შორის საგადასახადო) შესრულება ეკისრება შპს „------“ .
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის №23403 და 26 დეკემბრის №32848 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „------“ (ს/ნ „------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, მიღებული ეა-74 №„------“ , ეა-74 №„------“ , ეა-№74 „------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან, მის მიერ გამოწერილი ეა-74 №„------“ და ეა-74 №„------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33713 ბრძანება და ამავე თარიღის №002-270 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 259 737 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 289 ლარი, ჯარიმა 212 448 ლარი და საურავი 0 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ი/მ „------“ (ს/ნ „------“ ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 23 მაისს. შემოსავლების სამსახურს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება შპს „------“ და ი/მ „------“ მიერ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება/გამოყენების ფაქტი. კერძოდ:
შპს „„------“ “ (ს/„------“ ) მიერ გამოწერილია ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ეა-74 №„------“ , ეა-74 №„------“ და ეა-74 №„------“ . შემოწმებით გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 280-ე მუხლების შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა.
ი/მ „------“ (ს/ნ „------“ ) მიერ გამოწერილია ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: ეა-74 №„------“ და ეა-74 №„------“ . შემოსავლების სამსახურს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, შემოწმებით განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვაზე გადასახდელი დღგ-ს თანხა შემცირდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერა იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებულ მასალებით და საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გადამხდელის მიერ გამოწერილი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე გაზრდილია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო მიღებული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილია დღგ. შესაბამისად, შემოწმებით ი/მ „------“ (ს/ნ „------“ ) მიერ 2019-2020 წლებში გამოწერილი ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა შემცირებას, ასევე შემცირებას დაექვემდებარა 2022 წელს შპს „------“ მიღებული სამი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ „------“ (ს/ნ „------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.