ბრძანება N 28474
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28474
20 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 ოქტომბრის №83995/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №063-19 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არასწორად არის გამოთვლილი თვითღირებულება (არ არის გათვალისწინებილი/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები), არასწორად არის გამოთვლილი თვითღირებულების 25%-იანი რენტაბელობის პროცენტი. ამასთან, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ფასნამატი წლების მიხედვით მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის დროს მერყეობს 0,4% 4,1%-მდე (2020წ-0,4%, 2021წ-0,7%, 2022 წ- 14%, 2023 წლის იანვარმარტი- 4,1%), ხოლო წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში,1,1%-დან-2,5%-მდე (2020წ.-2,1%, 2021 წ- 2,5%, 2022 წ. -1,1%, 2023 წლის იანვარ-მარტი - 1,3 %). რაც შეეხება შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებს, რიგ შემთხვევაში შესაძლებელია მითითებული ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, რომლებსაც რეალიზებული აქვთ საქონელი. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ სხვაობა უნდა განსაზღვრულიყო შემდეგი პრინციპით: შემოსავალს გამოკლებული რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება და არა 75% ხარჯად გათვალისწინებული.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის №8734 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 სექტემბრის №22131 ბრძანება და ამავე თარიღის №063-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 13 472 639 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 604 820 ლარი, ჯარიმა 3 802 410 ლარი, საურავი 2 065 409 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა მსხვილფეხა/წვრილფეხა ცოცხალი ცხოველების (----------) ექსპორტი ძირითადად ---------- რესპუპლიკაში. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ფასნამატი წლების მიხედვით მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის დროს მერყეობს 0.4%-დან 4.1%-მდე (2020წ-0.4%, 2021 წ-0.7%, 2022 წ.- 1,4%, 2023 წლის იანვარ-მარტი- 4,1%), ხოლო წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში 1.1%-დან-2.5%-მდე (2020 წ.- 2,1%, 2021 წ. - 2,5%, 2022 წ. -1,1%, 2023 წლის იანვარ-მარტი-1,3%). რეალიზებული სმფ-ების ფასნამატის შესასწავლად, ----------- რესპუბლიკის საგადასახადო/საბაჟო სტრუქტურიდან გამოთხოვილი იქნა შპს „---------“ მიერ 2019 წლის 29 მარტიდან (რეგისტრაციის თარიღი) 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ---------- რესპუბლიკაში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის შესწავლით აღმოჩნდა, რომ სარეალიზაციო თანხა და საქონლის წონა (კგ) ემთხვევა საწარმოს წარმოდგენილ და საბაჟო მონაცემებს. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (შესყიდვის აქტები, ბუღალტრული პროგრამა) მიხედვით ---------- რესპუბლიკაში რეალიზებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, ძირითადად ორი სახისაა: საკლავი და სანაშენო. შესყიდვის აქტების მიხედვით სანაშენოდ განკუთვნილი პირუტყვის ფასი გაცილებით მაღალია. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თოთოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ ფიფო მეთოდით და სმფ-ის მარაგები ასევე შეფასებული იქნა ფიფო მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, შემდეგ მიღებული ღირებულებები, შემოწმებით, დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით, რეალიზებული სმფ-ების ფასნამატის შესასწავლად, ---------- რესპუბლიკის საგადასახადო/საბაჟო სტრუქტურიდან გამოთხოვილია შპს „--------------“ მიერ 2019 წლის 29 მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ----------- რესპუბლიკაში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის შესწავლით აღმოჩნდა რომ სარეალიზაციო თანხა და საქონლის წონა (კგ) ემთხვევა საწარმოს წარმოდგენილ და საბაჟო მონაცემებს. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის (შესყიდვის აქტები, ბუღალტრული პროგრამა) მიხედვით ---------- რესპუბლიკაში რეალიზებული წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველები, ძირითადად ორი სახისაა: საკლავი და სანაშენო. შესყიდვის აქტების მიხედვით სანაშენოდ განკუთვნილი პირუტყვის ფასი გაცილებით მაღალია. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია. შედეგად შემოწმებით, ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო N0256 და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირველ ეტაპზე თოთოეული რეალიზაციისათვის დათვლილი იქნა რპთ ფიფო მეთოდით და სმფ-ის მარაგები ასევე შეფასებული იქნა ფიფო მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ფასებით, მიღებული ღირებულებები, შემოწმებით, დაკორექტირდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის. აღნიშნული თანხების საწარმოში არსებობა ან რაიმე ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება. შედეგად, შემოწმებით სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებით შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა მსხვილფეხა/წვრილფეხა ცოცხალი ცხოველების ექსპორტი.საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით ფასნამატი წლების მიხედვით მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაციის დროს მერყეობს 0.4%-დან 4.1%-მდე. ხოლო წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში 1.1%-დან-2.5%-მდე.შესყიდვის აქტების მიხედვით სანაშენოდ განკუთვნილი პირუტყვის ფასი გაცილებით მაღალია. საწარმოს რეალიზებული პროდუქციის ჩამოწერის დროს არ აქვს გამიჯნული საკლავი და სანაშენე პირუტყვის შესყიდვის ღირებულება, ჩამოწერილია საშუალო ღირებულებით, საგამოძიებო სამსახურის მოწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული მონაცემები, რიგ შემთხვევაში არ არის სწორი, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში, მითითებულ ფიზიკურ პირებს საერთოდ არ განუხორციელებიათ საქონლის რეალიზაცია.აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლინდა სხვაობა რეალურად გადახდილ და შესყიდვის აქტებში დაფიქსირებულ თანხებს შორის.სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(1);61(3);73(5);101(1);12(1);154(1);105(2);