გადაწყვეტილება №27183/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27183/2/2026
25 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27183/2/2026).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2026 წლის №001-26 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6407 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 881,33 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 15 254,23
ჯარიმა - 7 627,10
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კვლევების წარმოება და ექსპერიმენტული დამუშავება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.06.2025 წლიდან 1.07.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
შემოწმების შედეგები აისახა 11.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-----, რაც ასახული არ ჰქონდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 18.02.2026 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3587 ბრძანება და №001-26 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.03.2026 წლის №6407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ახორციელებს არქეოლოგიურ-კვლევით სამუშაოებს, რომელთა შესრულება დამოკიდებულია კონკრეტულ დაკვეთებზე. კომპანიის საქმიანობა არ არის უწყვეტი და ხასიათდება პერიოდული აქტიურობით. შესაძლებელია წლის განმავლობაში რამდენიმე პროექტის განხორციელება ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობის არარსებობა. 2025 წლის ივნისის შემდეგ კომპანიას თითქმის ცხრა თვის განმავლობაში ახალი პროექტი არ განუხორციელებია და შემოსავალი არ მიუღია. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიას ბუღალტრული მომსახურება აქვს დისტანციურ რეჟიმში და პერიოდულად - მხოლოდ დაკვეთების არსებობის შემთხვევაში. 2025 წლის 9 ივნისს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოები დასრულდა 2025 წლის 30 ივნისს, რაც დადასტურებულია 2025 წლის 30 ივნისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტით. მომსახურების ანაზღაურება დამკვეთის მხრიდან ჩაირიცხა 2025 წლის ივლისში. 2025 წლის ივნისის საგადასახადო დეკლარაცია წარდგენილ იქნა 2025 წლის 15 ივლისს. შემდგომში, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 17 ივლისს გამოიწერა შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა.
კომპანიის ბუღალტერი ადასტურებს, რომ დეკლარაციის არასწორად წარმოდგენა მოხდა ტექნიკური და ორგანიზაციული ხასიათის შეცდომის შედეგად, რაც განპირობებული იყო კომპანიის საქმიანობის არასტაბილური და ეპიზოდური ხასიათით ბუღალტრული მომსახურების დისტანციური რეჟიმით პირველადი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დაგვიანებით მიღებით. 2025 წლის ივნისის დეკლარაციის წარდგენის მომენტში, ბუღალტრის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანიას არ უფიქსირდებოდა დასაბეგრი ბრუნვა, რის გამოც დეკლარაცია წარდგენილ იქნა ნულოვანი მაჩვენებლით. 2025 წლის 17 ივლისს დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის შემდეგ, დეკლარაციის დაზუსტება არ განხორციელდა დაუყოვნებლივ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მომსახურება ფაქტობრივად დასრულებული იყო 2025 წლის ივნისში და აღნიშნული ბრუნვა ექვემდებარებოდა ივნისის საგადასახადო პერიოდში ასახვას. დეკლარაციის დაზუსტება დარჩა განხორციელების გარეშე, ვინაიდან შემდგომ პერიოდში კომპანიას არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა და არ დაწყებულა ახალი პროექტები, რაც განაპირობებდა ოპერაციული პროცესების შეჩერებას. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება დასაბეგრი თანხის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 7,627 ლარს. ამასთან, აღნიშნული დასაბეგრი ბრუნვის შესაბამისი დამატებული ღირებულების გადასახადი სრულად და დროულად არის გადახდილი. საგადასახადო პორტალის „აღრიცხვა-ანგარიშგების“ განყოფილებაში ფიქსირდება დღგ-ის ზედმეტად გადახდილი თანხა 16,024 ლარის ოდენობით. კომპანიის ქცევის რეიტინგი 2026 წლის შეადგენს 9,7 ქულას, სადაც ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მაჩვენებელი შეფასებულია 100%-ით. რეიტინგის შემცირება განპირობებულია მხოლოდ აღნიშნული ერთჯერადი დარღვევით, რაც არ ასახავს კომპანიის რეალურ საგადასახადო ქცევას. კომპანია სისტემატურად და კეთილსინდისიერად ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არასდროს ჰქონია ბიუჯეტთან დავალიანება.
მომჩივანი ითხოვს მხედველობაში იქნეს მიღებული შეცდომის არამიზანმიმართული, ტექნიკური ხასიათი, აგრეთვე ის გარემოება რომ სახელმწიფოსთვის ზიანი არ დამდგარა. შეფასდეს კომპანიის კეთილსინდისიერი საგადასახადო ქცევა და მაღალი ქცევის რეიტინგი. გათვალისწინებულ იქნეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, (ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობა არ განხორციელებულა და შემოსავალი არ ფიქსირდება). ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოხდეს სანქციის კორექტირება და ნაწილობრივ მაინც შემცირდეს ჯარიმის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ფიქსირდებოდა შემოწმებულ პერიოდში იმ ოდენობის თანხის გადახდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე, რომელიც შემოწმების შედეგად დაუდეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულებების კომპენსირებისთვის იქნებოდა საკმარისი, რაც შემმოწმებლის განცხადებით ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მიერ შემოწმებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობა განპირობებული იყო შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, ვინაიდან იგი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ჰქონდა გაცნობიერებული. მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2026 წლის №001-26 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 18.02.2026 წლის №001-26 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.06.2025 წლიდან 1.07.2025 წლამდე პერიოდის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.შემოწმების შედეგები აისახა 11.02.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ჰქონდა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა , რაც ასახული არ ჰქონდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.აღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №3587 ბრძანება და №001-26 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6407 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, ვინაიდან იგი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში მოქმედებდა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, სრული მოცულობით ასრულებდა იმ საგადასახადო ვალდებულებებს, რომელთა შესრულების საჭიროებაც ჰქონდა გაცნობიერებული. მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის №001-26 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);