ბრძანება N 24195

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 24195
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24195

2 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2022 წლის 29 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18313/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 29 ივლისის №73159/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №012-5 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ გარკვეულ პერიოდამდე აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ფიზიკურ პირებს და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადახდას ახორციელებდა კომპანია, ხოლო შემდეგ მათ განახორციელეს მცირე მეწარმეებად რეგისტრაცია და ამის შემდგომ ხელშეკრულების ცვლილების საფუძველზე განხორციელდა მომსახურების (ტექნიკით მომსახურება) ხელშეკრულების გაფორმება და ღირებულების განსაზღვრა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხის (მ.შ. სანქციის) კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13141 ბრძანების საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ------------) ჩაუტარდა საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ივლისის №19538 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №012-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 46 047 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 30 054 ლარი, ჯარიმა 9 355 ლარი და საურავი 6 638 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 29 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №28670 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 10 თებერვლის №18313/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №28670 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის №18313/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „მომჩივანი აღნიშნავს, რომ საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კომპანიას დაქირავებული ჰყავს მეწარმეები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით უწევენ მომსახურებას. საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულებები და მომსახურების გაწევის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზღაურებულია მომსახურების ღირებულება. აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელს დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უსრულებენ სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის გამოვლინდა პირები, რომლებიც გადამხდელის პორტალზე შევსებული კითხვარის მიხედვით, დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. შემოწმების მიერ, მოხდა მათი დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იყვნენ დღგ-ის გადამხდელები ან გააჩნდათ მძიმე ტექნიკა (ბობკატი, კატერპილარი, სატვირთო მანქანა) და ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ტექნიკით უწევდნენ მომსახურებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი აცხადებს, რომ კომპანიას დაქირავებული ჰყავს მეწარმეები, რომლებიც თავიანთი ტექნიკით უწევენ მომსახურებას. საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულებები და მომსახურების გაწევის და მიღებაჩაბარების აქტის საფუძველზე ანაზღაურებულია მომსახურების ღირებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირებზე ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხის (მ.შ. სანქციის) კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს დაქირავებული ჰყავს მცირე მეწარმის სტატუსის მქონე პირები, რომლებიც უსრულებენ სხვადასხვა მომსახურებას, მათ შორის გამოვლინდა პირები, რომლებიც გადამხდელის პორტალზე შევსებული კითხვარის მიხედვით, დაკვალიფიცირდა დაქირავებით მუშაობად. შემოწმების მიერ, მოხდა მათი დაბეგვრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იყვნენ დღგ-ის გადამხდელები ან გააჩნდათ მძიმე ტექნიკა (ბობკატი, კატერპილარი, სატვირთო მანქანა) და ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული ტექნიკით უწევდნენ მომსახურებას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(4,9);101(1);154(1ა);