გადაწყვეტილება №25280/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.07.2025
№ დოკუმენტი 25280/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25280/2/2025

01 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ --------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 8.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №10049 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - გაფრთხილება.

 

ფაქტების აღწერა

8.04.2025 წელს (ქ. თბილისში, ----ს ქუჩა №---) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება (სახ. №-----) და დადგინდა, რომ ------ძე (პ/ნ -----) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (5 933 ლარის ღირებულების 215 ტომარა წიწიბურა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე 8.04.2025 წელს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------ და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.05.2025 წლის №10049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-60-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილებით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მომავალში მათ მიერ განხორციელებული მსგავსი ქმედება ჩაითვალოს კანონიერად, კერძოდ, შიდა გადაზიდვის ზედნადების არარსებობის პირობებში, საბაჟო დეკლარაციის თანხლებით მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ჩაითვალოს კანონიერად და კომპანიის მიმართ არ იქნეს გამოყენებული რაიმე ტიპის სანქცია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 60-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს დაკისრებული სანქციის (გაფრთხილების) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის შეძენა ხდება, ძირითადად იმპორტის გზით. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული (იმპორტირებული) საქონელი ქ. თბილისამდე მოემართება სარკინიგზო ტრანსპორტის (ვაგონებით) საშუალებით, ხოლო შემდგომ ქ. თბილისში შემოსული ტვირთი უშუალოდ საწყობამდე - სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო გზის ჩვენ საწყობამდე არარსებობის გამო, შემოსული ტვირთი ვაგონებიდან გადმოიტვირთება სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში), რომელსაც თან ახლავს საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებას უწევს რამდენიმე რეისის შესრულება, რათა სრულად მოხდეს ვაგონებში არსებული საქონლის საწყობამდე ტრანსპორტირება.

გადამოწმებისას, ხორციელდებოდა შემოსული საქონლის ტრანსპორტირება სარკინიგზო ვაგონებიდან საწყობამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც ტვირთის რაოდენობიდან და მოცულობიდან გამომდინარე (2 700 ტომარა) მოუწია რამდენიმე რეისი შესრულება, თუმცა აღნიშნულ ტვირთს თან ახლდა საბაჟო დეკლარაცია (შეფასების №-----, წიწიბურა 2700 ტომარა, 67500 კგ).

გამომდინარე იქიდან, რომ გარდა იმპორტირებული საქონლის რაოდენობრივი და მოცულობითი სირთულისა, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ტვირთის შემოსვლის დრო. კერძოდ, ქ. თბილისამდე შემოსული ტვირთის ვაგონებში დიდხანს დაყოვნება კომპანიისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს, ხშირად ხდება ტვირთის გადმოტვირთვა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და შემდგომ მისი ტრანსპორტირება საწყობამდე. არასამუშაო დროს, მათ შორის რიგ შემთხვევებში შუა ღამითაც, შესაბამისად, ამ დროს კომპანიის ბუღალტერი არაა ხელმისაწვდომი, რათა მოახდინოს თითოეულ ასეთ შემთხვევაზე შიდა გადაზიდვის ზედნადებების გამოწერა.

ითხოვს გაუქმდეს გამოყენებული სანქცია - გაფრთხილება და მომავალში, მსგავსი ქმედება ჩაითვალოს კანონიერად, კერძოდ, შიდა გადაზიდვის ზედნადების არარსებობის პირობებში, საბაჟო დეკლარაციის თანმხლებით მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ჩაითვალოს კანონიერად და არ იქნას გამოყენებული რაიმე ტიპის სანქცია, მათ შორის - გაფრთხილება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსი 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

დადგენილია, რომ 8.04.2025 წელს, ქ. თბილისში, რ. ---ს ქ. №--, გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ. №----, რა დროსაც დადგინდა, რომ ----------------ძე (პ/ნ -----------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (5 933 ლარის ღირებულების 215 ტომარა წიწიბურა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

მომჩივანს მიაჩნია, რომ მისი ქმედება უნდა ჩაითვალოს კანონიერად, იმპორტით შემოსული ტვირთი ვაგონებიდან გადმოიტვირთება სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომელსაც თან ახლავს საბაჟო დეკლარაცია. შიდა გადაზიდვის ზედნადების არარსებობის პირობებში, საბაჟო დეკლარაციის თანმხლებით მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება კანონიერია და არ უნდა იქნას გამოყენებული რაიმე ტიპის სანქცია, მათ შორის - გაფრთხილება.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ საბაჟო დეკლარაცია წარმოადგენს დოკუმენტს რომლითაც პირი აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება. საჩივარს ახლავს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში საქონლის (იმპორტში) მოქცევის დოკუმენტი, რომლითაც საქონელმა მიიღო საქართველოს საქონლის სტატუსი, რომლის მიმართაც დასრულებულია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ტრანსპორტირების შემთხვევები. ამდენად, ასეთი საქონლის მიმართ ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ზედნადები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული სანქცია მართებულია და არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №10049 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება და დადგინდა, რომ არაგადამზდელი ფიზიკური პირი ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქციის ნაცვლად, შეეფარდა 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - გაფრთხილება.

აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №10049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიმართ გამოყენებული სანქცია მართებულია და არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის №10049 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(1); 270(7);