გადაწყვეტილება №20481/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 20481/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20481/2/2023

14 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს ,,---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20481/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწარმოსთვის დაბრუნებული თანხის სესხის გადახდად მიჩნევა;

2. საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 483 879,85 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 225 513

მოგების გადასახადი - (- 65 210)

საშემოსავლო გადასახადი - 286 723

ჯარიმა - 143 269

საურავი - 119 097,85

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოსთვის დაბრუნებული თანხის სესხის გადახდად მიჩნევა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანია დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (---) საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში 2018 წლის ივნისის თვიდან პერიოდულად ახორციელებს სესხად თანხის გაცემას, 9%-იანი სარგებლით. შესამოწმებელ პერიოდში სესხის ნაწილი დაბრუნებულია უკან სხვადასხვა საანგარიშო თვეებში. ბუღალტრული პროგრამის ანალიზით ირკვევა, რომ კომპანია აღნიშნულ ოპერაციაზე არ განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის მომენტში 2018 წელს გაცემული თანხა ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით. შესაბამისად, სესხის გაცემის მომენტში სესხის თანხა 24.12.2021 წელს დაბეგრილია მოგების გადასახადით. 1.01.2019-1.05.2021 წლებში სესხის დაბრუნების თარიღის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შეუძლია მოახდინოს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. შესაბამისად, შემცირდა მოგების გადასახადი. კომპანიამ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (---) გასცა სესხი 78 723 ევროს ოდენობით 2018 წლის ნოემბრის თვეში, 9%-იანი სარგებლით. ასევე, ბუღალტრული პროგრამის ანალიზით ირკვევა, რომ კომპანია აღნიშნულ ოპერაციაზე არ განსაზღვრავს საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის მომენტში 2018 წელს გაცემული თანხა ექვემდებარება დაბეგვრას მოგების გადასახადით. შესაბამისად, სესხის გაცემის მომენტში სესხის თანხა 24.12.2021 წელს დაბეგრილია მოგების გადასახადით. 1.01.2019-1.05.2021 წლებში სესხის დაბრუნების თარიღის შესაბამის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შეუძლია მოახდინოს დარიცხული მოგების გადასახადის ჩათვლა. შესაბამისად, შემცირდა მოგების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ დამფუძნებლების მიერ 25.01.2021 წელს სრულად დაბრუნდა სესხის თანხა, რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტის პირველ და მე-2 საკითხებში საუბარია ურთიერთდამოკიდებულ პირებზე (დამფუძნებელზე) სესხის გაცემაზე, რომლებიც გაცემის დროს არ იყო დაბეგრილი მოგების გადასახადით, შემმოწმებელმა 24.12.2021 წლის შუალედური აქტით დაბეგრა 2018 წელს გაცემული ე.წ „სესხის“ მთლიანი თანხა (28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი), ხოლო 1.01.2019-1.05.2021 წლების შესამოწმებელ პერიოდში შემმოწმებლის მიერ მოხდა მოგების გადასახადის დარიცხვის შემცირება, ვინაიდან ზემოაღნიშნულ პერიოდში მოხდა ე.წ „სესხის“ თანხის ნაწილის დაბრუნება. კომპანიის მიერ სესხის გაცემის მიზნობრიობა არ ყოფილა აღნიშნული თანხებით პირადი სარგებლობა, რაც გულისხმობს, რომ მიზნობრიობას წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 5.07.2018 წლის №145/04 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის დაკმაყოფილება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ საბროკერო კომპანიის კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს 500 000 ლარს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის აღნიშნული რეგულაცია 2018 წელს შედარებით ახალი ამოქმედებული იყო და შესაბამისად მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის მიდგომა გამოწვეული იყო გამოუცდელობით და ასევე მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ნორმების დაცვის მცდელობის საფუძველზე. გარდა ამისა, 25.01.2021 წელს მოხდა აღნიშნული „სესხების“ დაბრუნება კომპანიაში, რასაც მოწმობს მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების აქტის გაფორმება. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ამ ნაწილში კომპანია უნდა გათავისუფლდეს როგორც გადასახადის თანხის, ისე დარიცხული ჯარიმისა და საურავის დარიცხვისგან. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის მიერ 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: „ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“. საწარმომ აღნიშნული ბრძანება ჩაიბარა 16.07.2023 წელს, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო, ვერ მოხდა მითითებულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება/გაგზავნა. თუმცა, დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში კომპანია მზად არის თანამშრომლობისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (---) საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში 2018 წლის ივნისის თვიდან პერიოდულად ახორციელებს სესხად თანხის გაცემას, 9%-იანი სარგებლით. შესამოწმებელ პერიოდში სესხის ნაწილი დაბრუნებულია უკან სხვადასხვა საანგარიშო თვეებში. ასევე, კომპანიამ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე (---) გასცა სესხი 78 723 ევროს ოდენობით 2018 წლის ნოემბრის თვეში, 9%- იანი სარგებლით.

შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესწავლილი იქნა საბანკო ტრანზაქციების დანიშნულება და დადგინდა, რომ დამფუძნებელი/დირექტორი და კომპანიაში დასაქმებული, დატრენინგებული ფიზიკური პირები (ე.წ პროპ ტრეიდერები), რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ სავაჭრო პოზიციების გახსნა-დახურვას, პერიოდულად ახორციელებენ თანხების გატანას საბანკო ანგარიშებიდან. ასევე, კომპანიის დირექტორები პერიოდულად ახორციელებენ თანხების გატანას ომნიბასიდან (ომნიბასი - სადეპოზიტო ანგარიში, რომელზეც განთავსებულია კლიენტების თანხები). აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელის მხრიდან თანხების გატანის მიზნობრიობა ვერ დადგინდა. ასევე, არ ხდება აღნიშნული თანხების დაბრუნება. შემოწმებით აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოწმებით დადგენილია, რომ კონკრეტული პირების მიერ საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია თანხები. აღნიშნული პირები წარმოადგენენ როგორც დამფუძნებელ/დირექტორს, ისე კომპანიაში დასაქმებულ დატრენინგებულ პირებს, რომლებიც ახორციელებენ სავაჭრო პოზიციების გახსნა-დახურვას. შესაბამისად, აღნიშნული პირების მიერ გატანილი თანხები მიჩნეულ იქნა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიხედვით გატანილი თანხები კლიენტების მიერ საბროკერო მომსახურების შედეგად მიღებულ სარგებელს კი არ შეადგენდა, არამედ წარმოადგენდა კომპანიის საბანკო ანგარიშზე კლიენტების ჩარიცხული თანხების გატანას დამფუძნებელი/დირექტორის მიერ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მხრიდან საგადასახადო დავის ეტაპზე არ მომხდარა იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ყოველივე ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2018 წლიდან 18.02.2021 წლამდე კომპანია გახლდათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტს წარმოადგენდა ფორექსის ბაზარზე საბროკერო ანგარიშების გახსნა (omnibus). საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლი („ფინანსური ინსტრუმენტი, ფინანსური ოპერაცია, ფინანსური მომსახურება“) განმარტავს თუ რა არის ფინანსური ოპერაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ასევე განგვიმარტავს, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბროკერო მომსახურებას. შესაბამისად, პირთან, რომელთანაც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება MT5 პლატფორმით სარგებლობის შესახებ (ეს გახლავთ სავაჭრო პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც წარსულში, კომპანიის კლიენტებსა და ტრეიდერებს შეეძლოთ სავალუტო ბაზარზე წვდომა), ხორციელდება ფინანსური ტრანზაქციები ამ მომსახურების ფარგლებში. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოხდა მითითება, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს სავალუტო ბაზარზე გარიგებებს (ვაჭრობას) კომპანიის მხრიდან აღქმული უნდა იყოს კლიენტად და მის მიერ შესრულებული გარიგებები (თანხის შეტანა და გატანა, პოზიციების გახსნა და დახურვა) უნდა აისახოს შესაბამის ანგარიშგებაში (საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონული პორტალი AML ანგარიშგებისათვის). სრულიად გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ფინანსური ტრანზაქციების დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან? საგადასახადო ორგანო არაფრით ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას და არც იმას მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის რომელი ნაწილით იხელმძღვანელა. საბროკერო მომსახურების ანუ სხვა კლიენტებისა ან/და დაინტერესებული პირების მიერ წარმატებული ვაჭრობით მიღებული ნამეტის შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი („გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების შესახებ“) არ ითვალისწინებს, ასეთი ჩანაწერი არც საქართველოს საგადასახადო კოდექსშია და არც რამე შესატყვისი მეთოდური მითითება ან/და ბრძანება არის ცნობილი. შესაბამისად, დარიცხული გადასახადი და ჯარიმა სრულიად უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა; ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად, საბანკო ტრანზაქციების დანიშნულების შესწავლით დადგინდა, რომ დამფუძნებელი/დირექტორი და კომპანიაში დასაქმებული, დატრენინგებული ფიზიკური პირები (ე.წ პროპ ტრეიდერები), რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ სავაჭრო პოზიციების გახსნა-დახურვას, პერიოდულად ახორციელებენ თანხების გატანას საბანკო ანგარიშებიდან. ასევე, კომპანიის დირექტორები პერიოდულად ახორციელებენ თანხების გატანას სადეპოზიტო ანგარიშიდან, რომელზეც განთავსებულია კლიენტების თანხები. გადამხდელის მხრიდან თანხების გატანის მიზნობრიობა ვერ დადასტურდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან თანხის გატანა დადასტურებულია საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლით და გადასახადის გადამხდელის მიერ თანხების გატანის მიზნობრიობის შესახებ საგადასახადო შემოწმებისას სათანადო ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, მიიჩნევს, რომ გატანილი თანხების ხელფასად განხილვა მართლზომიერია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე 143 269 ლარის ოდენობით. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 119 097,85 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმისდა მიუხედავად, თუ რა ნაწილში ან რა მოცულობით იქნება გათვალისწინებული საჩივრის კონტრარგუმენტაცია, კომპანიას სრულად უნდა მოეხსნას დარიცხული ჯარიმები და საურავები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლების შესაბამისად, რადგან დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია ბიზნესის სირთულით, ბუღალტრული შეცდომებით/არცოდნით და გადასახადებისგან თავის არიდება მიზნად არ გვქონია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საწარმოსთვის დაბრუნებული თანხის სესხის გადახდად მიჩნევა;

2. საწარმოს საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვა;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №006-679 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15083 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982; 73; 101; 154; 270; 275; 272; 269.