ბრძანება N 14208

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 14208
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14208

20.06.2023

შპს „---------“ (ს/ნ --------)

(მის.: ------------)

2023 წლის 24 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 ივნისის სხდომაზე (ოქმი №63) განიხილა შპს „--------” (ს/ნ --------) №88575/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის №11322 ბრძანებას შპს „--------“ (ს/ნ -------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 18 აპრილს წარადგინდა დეკლარაცია, რომელიც მოხვდა ყვითელ დერეფანში და დოკუმენტების შემოწმების შემდეგ დეკლარირებული საქონლის ნაწილზე დაინიშნა ექსპერტიზა სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით.

ექსპერტიზის შედეგად საქონელს განესაზღვრა დეკლარაციაში მითითებულისგან განსხვავებული სასაქონლო კოდი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის გაზრდა. რადგან დეკლარაციის წარდგენის მომენტში არ ჰქონდათ საქონლის წარმოშობის ორიგინალი სერთიფიკატი, სადავო ბრძანებით დაეკისრა სანქცია გადასახდელის შემცირების გამო. შემდგომში კომპანიის მიერ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილ იქნა პრეფერენციული სერთიფიკატი, რის საფუძველზეც საქონელი გაათავისუფლა იმპორტის გადასახადისგან.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 18 აპრილს შპს „--------“ (ს/ნ ------) მიერ №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულ იქნა ------- რესპუბლიკიდან გამოგზავნილი სხვადასხვა დასახელების საქონელი: სიფონი (გოფრირებული მილი), სეს ესნ კოდით – 3917 39 000 09; პლასტმასის კაბინა, საშხაპე პადონი, სეს ესნ კოდით – 3922 10 000 00; საშხაპე კარის გორგოლაჭი, სეს ესნ კოდით – 3926 90 970 00; აბაზანა ხელოვნური ქვის, სეს ესნ კოდი – 6912 00 830 00; საშხაპე მინა, სეს ესნ კოდით – 7020 00 080 00 (საერთო საბაჟო ღირებულება – 128 993.35 ლარი, საერთო წონა – 16 260 კგ).

მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით დამუშავებისას, №------ საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას. აღნიშნული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას კი წარმოიშვა ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელზე (აბაზანა ხელოვნური ქვის, რაოდენობა – 39 ერთეული, საბაჟო ღირებულება – 59 444.65 ლარი) დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდი – 6912 00 830 00 არ შეესაბამებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით (სეს ესნ)“ ასეთი საქონლისთვის გათვალისწინებულ სასაქონლო კოდს.

მიღებულ იქნა საქონლის დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილება და დასახელებული საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“.

დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონელი კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 3922 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 21 აპრილის №003486/2023 ექსპერტიზის დასკვნა).

გამომდინარე იქიდან, რომ დეკლარანტის მიერ განსაზღვრულ 6912 00 830 00 სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი იბეგრება მხოლოდ დღგ-ით, ხოლო საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგენილ 3922 10 000 00 სასაქონლო კოდში შემავალი საქონლის იმპორტი – დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, შპს „---------“ მიერ №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 გრაფაში გაცხადებული საქონლისათვის არასწორი კოდის მითითებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 8 416.94 ლარით (დღგ – 1 283.94 ლარი და იმპორტის გადასახადი – 7 133 ლარი).

ვინაიდან №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონლის (რომელთან დაკავშირებით არასწორი მონაცემების შეტანითაც შემცირებულ იქნა იმპორტის გადასახდელის ოდენობა) საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 15 000 ლარს, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილის რეგ.: №21-10/33662; 24/04/2023).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 15 მაისის №8819/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ დაწყებულა გამოძიება.

დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის შპს „---------“ (ს/ნ ------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, 2023 წლის 22 მაისს გამოცემულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის №11322 ბრძანება, რომლითაც შპს „--------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის − 8 416.94 ლარის ოდენობით.

შპს „----------“ (ს/ნ -------) მიერ 2023 წლის 8 მაისის №79027/21-10-21 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ იქნა რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი (№2023337408000013, 25/04/2023), რომლის საფუძველზეც №------ (18.04.2023) საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და აღნიშნული დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონლის: აბაზანა ხელოვნური ქვის, რაოდენობა – 39 ერთეული, საბაჟო ღირებულება – 59 444.65 ლარი) იმპორტზე გავრცელდა იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საგადასახადო შეღავათი – საქონლის იმპორტი დაექვემდებარა მხოლოდ დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.

დადგენილია ასევე, რომ 2023 წლის 8 მაისის №79027/21-10-21 განცხადებით წარმოდგენილი რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის (№2023337408000013, 25/04/2023) საფუძველზე, №------- (18.04.2023) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონლის: აბაზანა ხელოვნური ქვის, რაოდენობა – 39 ერთეული, საბაჟო ღირებულება – 59 444.65 ლარი) იმპორტზე გავრცელდა იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საგადასახადო შეღავათი – საქონლის იმპორტი დაექვემდებარა მხოლოდ დღგ-ით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 22 მაისის №11322 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

ექსპერტიზის შედეგად, მომჩივნის საქონელს განესაზღვრა დეკლარაციაში მითითებულისგან განსხვავებული სასაქონლო კოდი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის გაზრდა. რადგან დეკლარაციის წარდგენის მომენტში არ ჰქონდათ საქონლის წარმოშობის ორიგინალი სერთიფიკატი, სადავო ბრძანებით დაეკისრა სანქცია გადასახდელის შემცირების გამო. შემდგომში კომპანიის მიერ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილ იქნა პრეფერენციული სერთიფიკატი, რის საფუძველზეც საქონელი გაათავისუფლა იმპორტის გადასახადისგან. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და დეკლარირებული საქონელი დაექვემდებარა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას. აღნიშნული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას კი წარმოიშვა ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებულ საქონელზე დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდი ასეთი საქონლისთვის გათვალისწინებულ სასაქონლო კოდს. დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონელი კლასიფიცირდება სხვა სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის − 8 416.94 ლარის ოდენობით.

მომჩივნის მიერ 2023 წლის 8 მაისის განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარდგენილ იქნა რეტროსპექტიულად გაცემული წარმოშობის სერტიფიკატი რომლის საფუძველზეც საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და აღნიშნული დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის მე-4 პოზიციაზე გაცხადებული საქონლის) იმპორტზე გავრცელდა იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლების საგადასახადო შეღავათი – საქონლის იმპორტი დაექვემდებარა მხოლოდ დღგ-ით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით)

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35, 13, 163(1)(11), 167(1).