ბრძანება N 27451

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2023
№ დოკუმენტი 27451
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27451

07 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------"-ის (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------")

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 14 აგვისტოს №138085/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №077- 15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1.მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ვინაიდან არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა. ამდენად, გადამხდელი მიუთითებს, რომ მისთვის გაუგებარია რით გაიზარდა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. განმარტავს, რომ შემოწმების ცხრილში არის არსებითი უზუსტობები, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების დათვლისას დამატებულია სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული რეალიზაციები, რომელზეც თავის მხრივ მყიდველების მიერ ხორციელდებოდა საბანკო ტერმინალზე გადახდა, საბანკო გადარიცხვა ან საკონტროლო-სალარო აპარატზე ჩეკის ამობეჭდვა და შესაბამისად, მისი დამატებით რეალიზაციად განხილვა რეალობას მოკლებულია. ამდენად, მომჩივანი ითხოვს არასწორად გაზრდილი შემოსავლის შედეგად 2021 წლის საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი პროპორციებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირებას.

2.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებას. აღნიშნავს, რომ 2021 წლის განმავლობაში მეწარმეს ჰქონდა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენები, ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი და ასევე ელექტროენერგიის ხარჯი.

3.მომჩივანი აღნიშნავს, რომ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №6715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივლისის №17113 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №077-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 122 989 ლარი, მათ შორის გადასახადი 68 710 ლარი, ჯარიმა 34 122 ლარი და საურავი 20 157 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხორცით, ყველით და სხვა სურსათით ვაჭრობა ქ. "------"-ში, იჯარით აღებულ ფართში. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები) დამუშავების შედეგად გაანგარიშდა პირის ერთობლივი შემოსავალი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეწარმეს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა, დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, 2021 წელს შემცირდა ხარჯების (სმფ, ელ.ენერგია, სხვა ხარჯები) თანხა სულ 34 555 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. მეწარმის დასაბეგრმა შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს.

შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად გაანგარიშდა პირის ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და შესაბამისი პროპორციებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმებით, ი/მ "------"-ის ს შემოსავლები გაანგარიშდა შემდეგი მეთოდით: ტერმინალით მიღებული თანხების, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკებისა და სასაქონლო ზედნადებების ჯამით. შემოსავლების გაორმაგებისგან თავის აცილების მიზნით, მოხდა საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული თანხების შედარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზედნადებებით რეალიზაციის უმეტეს შემთხვევაში თანხის ანაზღაურება ხდება საბანკო გადარიცხვების მეშვეობით, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებების ჯამი აჭარბებს საბანკო ჩარიცხვებს, შემოსავლების გაანგარიშების მიზნით, უგულებელყოფილი იქნა საბანკო ანგარიშებზე იმ პირების ჩარიცხული თანხები, რომლებზეც გამოწერილია დოკუმენტები. შესაბამისად, გაანგარიშებაში საბანკო ჩარიცხვები არ არის ჩართული. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, საბანკო ჩარიცხვებზე არ ფიქსირდება სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, კერძოდ, 2022 წლის ივნისის, აგვისტოსა, ოქტომბრის და 2023 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდებში, ჯამურად 29 425 ლარის ოდენობით, რაც ასახულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების საფუძველზე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები. შემოწმების მიერ 2021 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები (სმფ, ელ. ენერგია და სხვა) შემცირდა სულ 34 555 ლარით.

გადამხდელის პოზიციასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების შეძენის დამადასტურებელი ,,შესყიდვის აქტები“, გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არ იქნა წარმოდგენილი, კერძოდ, შემოწმებით, დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ჯამი 84 175 ლარით ნაკლებია დეკლარირებულ მონაცემზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, მეთოდური მითითების შესაბამისად, სმფ-ების ხარჯებში დამატებით გათვალისწინებულ იქნა გამოვლენილი სხვაობის 75%.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.მომჩივანი ითხოვს არასწორად გაზრდილი შემოსავლის შედეგად 2021 წლის საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი პროპორციებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირებას.

3. მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს დარიცხული ჯარიმისაგან გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე, 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ და დღგ-ის დეკლარაციებში არ ჰქონდა სრულად ასახული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მეწარმეს უფიქსირდებოდა როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მოხდა, დღგ-ით დასაბეგრი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენების პროპორციულად. შედეგად, დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არასრულად/არასწორად ჰქონდა დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაქვემდებარებული ხარჯები.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. მეწარმის დასაბეგრმა შემოსავალმა 2021 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს.

შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

80,100,102,105,158,159,163,164,269,270.