გადაწყვეტილება №18477/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18477/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18477/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ --------- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "--------" 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18477/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №007-208 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29873 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 404 774 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 214 915

დღგ - 129 152

საშემოსავლო გადასახადი - 85 453

ქონების გადასახადი - 310

ჯარიმა - 116 742

საურავი - 73 117

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 14.03.2022 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.03.2022 წლის №6189 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის საბოლოო შედეგები განისაზღვრა აუდიტის დეპარტამენტის მიერ. გამოვლინდა სხვაობა ფაქტიურად აღწერილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის (დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 783 793 ლარი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი გადანაწილებულია დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად.

მეწარმის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 21%-ს, ხოლო გადასახადის გადამხდელი საცალოდ პროდუქციის რეალიზაციას ახდენს დაბალი ფასნამატით. შესაბამისად, შემოწმებით საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მისივე დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, მომჩივანს გაეზარდა 2019, 2020 და 2021 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, 2019 და 2020 წლების ერთობლივი შემოსავალი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №19228 ბრძანება და ამავე თარიღის №007-208 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 17.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.11.2022 წლის №29873 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა ფაქტიურად აღწერილ სმფ-ების ნაშთებს და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ მონაცემებში დაფიქსირებულ სმფ-ებს შორის (დანაკლისი საბაზრო ღირებულებით 783 793 ლარი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტის დადგენილ გარემოებებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ თუ საქონლის დანაკლისი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 783 793 ლარის სარეალიზაციო ფასით, მაშინ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა უნდა ყოფილიყო 664 231 ლარი (783 793/1.18). სხვაობა არის 49 457,64 ლარი, რაც არის გაუქმებული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დასაბეგრ ბრუნვაში შეტანილია გაუქმებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემები. ასევე, გაურკვეველია რა მეთოდით დაანგარიშდა დამატებით დარიცხული დღგ. მისი გაანგარიშებით, 2019 და 2021 წელს არის ზედმეტად დარიცხული თანხები. კერძოდ, 2019 წელს დარიცხულ დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ უნდა იყოს დარიცხული 38 582,46 ლარი, აქტში მითითებულია 38 791 ლარი. ანალოგიური სხვაობაა 2021 წლის გაანგარიშებაში (2021 წლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მიღებული არ აქვს).

მომჩივანი არ ეთანხმება იმ ფაქტს, რომ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში დამატებით დარიცხულია თანხები ერთობლივი შემოსავალზე, ხოლო ამ შემოსავლის შესაბამისი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით არ არის შემცირებული წლის საბოლოო ნაშთები, რაც იწვევს წლიური დასაბეგრი შემოსავლის არასწორად დაანგარიშებას.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით. საქონლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თითოეულ სახეობას აქვს სხვადასხვა ფასნამატი, კერძოდ, ის 3 მერყეობს 14%-დან 16%-მდე. აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების დროს ფასნამატის დაანგარიშება მოახდინა სასაქონლო ზედნადებებში ასახული ყველაზე მაღალი ერთეულის ფასის მიხედვით და ფასნამატის ოდენობა განსაზღვრა 21%-ის ოდენობით, რაც არ არის რეალური. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე გაკეთებულია ზოგადი ჩანაწერი „საფარდე ქსოვილი“. ამიტომ ფასნამატის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა საქონლის დასახელებით, არამედ საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით. რაც შეეხება ზედნადებებში ასახულ მაღალ ერთეულ ფასს, ის ფასი არის 2019 წლამდე მიღებული საქონლის ფასი, რომელიც არის დარჩენილი მცირე ოდენობით. მაგალითად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ერთეულის ფასი 18 ლარი დაფიქსირებულია ერთხელ, 14 და 16 ლარი 2-ჯერ, 11-12.5-13.8 ლარი ერთხელ, 13-14 ლარი ორჯერ. ეს ფასები ვერ იქნება ძირითადი ფასნამატის განმსაზღვრელი, მაშინ როდესაც საქონლის ძირითადი სარეალიზაციო ფასი სასაქონლო ზედნადებებით არის 6.5 ლარამდე. ასევე, გასათვალისწინებელია წინა პერიოდის შემოწმების აქტი, სადაც 2018 წლის 25 იანვარს №1128 ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგებით ფასნამატი შეადგენდა 17.74%-ს. ამიტომ პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში ის 21%-მდე ვერ გაიზრდებოდა. პანდემიის პერიოდში "-----" ბაზრობაზე ვაჭრობა აკრძალული იყო თვეების მანძილზე, და მაშინაც კი როდესაც ეს ნებადართული ხდებოდა, ვაჭრობა მაინც ძალიან შემცირებული იყო, რის გამოც უწევდა საქონლის გაყიდვა ძალიან დაბალ სარეალიზაციო ფასში, რომ არ შეეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა და მოსახლეობაშიც ამ პერიოდში მსყიდველუნარიანობა იყო ძალიან დაბალი, რადგან მყიდველების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური. პანდემიის პერიოდში ვაჭრობის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, 2021 წელს არანაკლებ 100 000 ლარამდე თვითღირებულების საქონელი მიწოდებული იყო ბოშებზე თვითღირებულებით, რაც მიღებული პრაქტიკაა "------" ბაზრობაზე. აქედან გამომდინარე, ფასნამატის მომატება საქონელზე ამ პერიოდში იყო შეუძლებელი, პირიქით, მოხდა მისი დაწევა და საშუალოდ ის 16%-ით განისაზღვრა. ინვენტარიზაციის ჩატარების დროს შედგენილი იყო საწყობში არსებული საქონლის ნაშთებისთვის აღწერის ფორმები. შემოწმების აქტში ნაშთების გადატანის დროს მოხდა მცირეოდენი უზუსტობა და გამორჩენილია სმფ-ების რაოდენობა 54 000 ლარის ოდენობით სარეალიზაციო ფასით. შემოწმების აქტში 2019-2020 საშემოსავლოს გაანგარიშების ცხრილში დეკლარაციით წარდგენილ და შემოწმების შედეგად წარდგენილ საწყისს და საბოლოო ნაშთებს შორის არავითარი სხვაობა არ ჩანს, როდესაც ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილია სმფ-ების დანაკლისი 783 793 ლარის ოდენობით. ითხოვს გაეგზავნოს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება და მიეცეს გონივრული ვადა დამატებით სრულყოფილი ინფორმაციის მისაწოდებლად.

წარმოადგენს მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის გაანგარიშებას, სადაც ასახულია რეალური სურათი 16%-იანი ფასნამატით. 2019 წლის საწყის ნაშთად აღებულია 1 355 898 ლარის საქონელი და არა დეკლარაციით წარდგენილი, რადგან 25.01.2018 წლის ინვენტარიზაციით დადგინდა, რომ ფაქტიური ნაშთი იყო 1 229 195 ლარის საქონელი და იმავე წელს შეძენილი საქონლის თვითღირებულებამ შეადგინა 943 330 ლარი, ხოლო რეალიზაციამ 941 497 და ფასნამატმა 17,74%. აქედან გამომდინარე, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება არის 816 627 ლარი. შესაბამისად, 2018 წლის საბოლოო და 2019 წლის საწყისი ნაშთი არის 1 355 898 ლარი

მომჩივანი წარმოადგენს ექსელის ფაილს სადაც ასახულია საშემოსავლო დეკლარაციების სწორი გაანგარიშება 16% ფასნამატის გამოყენებით, წარდგენილი ინვენტარიზაციის ცხრილები და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ფაქტიური ნაშთი ამა წლის 14 მარტისთვის სარეალიზაციო ფასით და თვითღირებულებით. 2021 წლის დეკლარაციაში გათვალისწინებულია ბოშებზე მიწოდებული საქონელი.

მომჩივანი ითხოვს მისი არგუმენტების გათვალისწინებით დაკორექტირდეს აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება, საგადასახადო მოთხოვნა და პირადი აღრიცხვის ბარათი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივანი განმარტავს, რომ დასაბეგრ ბრუნვაში შეტანილია გაუქმებული სასაქონლო ზედნადებების მონაცემები. 2019 წელს დარიცხულ დასაბეგრ ბრუნვაზე დღგ დარიცხული უნდა იყოს 38 582,46 ლარი, აქტში მითითებულია 38 791 ლარი. ანალოგიური სხვაობაა 2021 წლის გაანგარიშებაში. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში დამატებით დარიცხულია თანხები ერთობლივი შემოსავალზე, ხოლო ამ შემოსავლის შესაბამისი რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით არ არის შემცირებული წლის საბოლოო ნაშთები, რაც იწვევს წლიური დასაბეგრი შემოსავლის არასწორად დაანგარიშებას. აუდიტის დეპარტამენტმა ფასნამატის დაანგარიშება მოახდინა სასაქონლო ზედნადებებში ასახული ყველაზე მაღალი ერთეულის ფასის მიხედვით და განსაზღვრა 21%-ის ოდენობით, რაც არ არის რეალური. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულ საქონელზე გაკეთებულია ზოგადი ჩანაწერი „საფარდე ქსოვილი“. ამიტომ ფასნამატის დაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა საქონლის დასახელებით, არამედ საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით. გასათვალისწინებელია წინა პერიოდის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგებით ფასნამატი შეადგენდა 17.74%-ს. ამიტომ პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში ფასნამატი 21%-მდე ვერ გაიზრდებოდა.

მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელს საქონელი იმპორტირებული აქვს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქონელი ძირითადად ერთი სახისაა და თვითღირებულებები მცირედით განსხვავდება. რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში, რომელიც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის დაახლოებით 45%-ს და შეძენის სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია საქონლის სახელი ზოგადი ფორმით „საფარდე ქსოვილი“, შესაბამისად მათზე დაყრდნობით შეუძლებელი იყო კავშირის დადგენა და ვინაიდან ბუღალტრულად დაკავშირებული იყო ჩამოწერილი საქონელი რეალიზებულ საქონელზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებთან შემოწმებამ იხელმძღვანელა აღნიშნულით და განსაზღვრა ფასნამატი, რაც გავრცელდა საცალოდ რეალიზებულ საქონელზე. 2022 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი დაახლოებით ემთხვევა შემოწმების შედეგად დადგენილ და გავრცელებულ ფასნამატს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, დოკუმენტური ფასნამატის დადგენა და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.