გადაწყვეტილება №22375/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22375/2/2024
14 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22375/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №007-426 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2208 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 543 598 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 266 944
დღგ - 76 890
საშემოსავლო გადასახადი - 190 054
ჯარიმა - 185 002
საურავი - 91 652
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა ფერადი ლითონების ჩამოსხმა (წარმოება), რომლის ძირითადი ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს ექსპორტის გზით.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №7828 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 26.12.2023 წლის საგადასახდო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიამ შემოწმების პროცესში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა, საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და სხვადასხვა ტიპის ახსნა განმარტებები.
წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შეძენილი პროდუქტები ჯამურად არის ასახული და არ ემთხვევა ფაქტობრივ შეძენებს (ზედნადებებსა და შესყიდვის აქტებს). ამასთან, პროდუქცია ჩამოწერილია ჯამურად. ასევე, წარმოება და რეალიზებული პროდუქცია აღრიცხული არ არის სრულყოფილად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
მიწოდებული კალკულაციებით და წარმოებული საქონლის რაოდენობით, განხორციელდა, წარმოებისთვის საჭირო თითოეული პროდუქტის ჩამოწერა. ამასთან, დარჩენილი საქონლით დამატებით იქნა წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია (ტყვიის სხმულები), რომელიც ჩაითვალა ადგილობრივ რეალიზაციად, რის საფუძველზეც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებისას განხორციელდა, კომპანიის ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საწარმოს დეკლარირებული აქვს ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, ჯამურად 3 829 397 ლარი (დაბეგრილი აქვს 3%-იანი განაკვეთით), ხოლო წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით, თანხა შეადგენს 4 163 417 ლარს. აღნიშნულ სხვაობაზე კომპანიას, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა გადასახადი.
საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებულის ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33478 ბრძანება და №007-426 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2208 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
პანდემიის პერიოდმა დააზარალა ბიზნესი, შეეზღუდათ ოპერაციების განხორციელება და საქონლის ექსპორტზე გატანის საშუალება, ეს კი ძალიან მძიმედ აისახა კომპანიის ფუნქციონირებაზე. აღნიშნავს, რომ კომპანიას არ აქვს საშუალება, რომ სრულად დაფაროს დავალიანება, მაგრამ სურვილი აქვთ გააგრძელონ საწარმოს ფუნქციონირება და ითხოვს მოეხსნას დაკისრებული ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს მიერ, წარდგენილ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში შეძენილი პროდუქტები ჯამურად არის ასახული და არ ემთხვევა ფაქტობრივ შეძენებს (ზედნადებებსა და შესყიდვის აქტებს). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანიას გამოუვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
275(2);272(1);269(7);269(7)