გადაწყვეტილება №24132/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24132/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ე“ (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ეს 15.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24132/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №094-39 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 198 447,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 114 140 დღგ - 293
მოგების გადასახადი - 11 517
საშემოსავლო გადასახადი - 102 330
ჯარიმა - 56 727
საურავი - 27 580,83
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის ძირითადი საქმიანობაა საამშენებლო მასალების, ძირითადად ლამინირებული იატაკის და კარების შეძენა-რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6596 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები, სალაროს ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით და საბუღალტრო პროგრამა „ორისიდან“ ამოღებული ბრუნვითი უწყისები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არსებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა სულ 77 732 ლარი. შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები (საბანკო ამონაწერები), რომლის მიხედვით ვერ მოხდა ბანკში არსებული ფულადი ნაკადების მოძრაობიდან გამომდინარე შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება. აგრეთვე, განხორციელდა აღნიშნული საკითხის ანალიზი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 24.07.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.07.2024 წლის №094-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადაანგარიშების ფარგლებში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები. ასევე დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%), ხოლო სალაროს ნაშთთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებების (საბანკო ამონაწერები) საფუძველზე ვერ მოხდა ბანკში არსებული თანხების მოძრაობის იდენტიფიცირება და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, მათ შორის 2023 წლის ივნისის თვის საბანკო ამონაწერებიც, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დარიცხული თანხები შემცირებული. აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად უგულვებელყოფილი იქნა წარდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი, რის გამოც შესაბამისი საჩივრით და მასზე დართული უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, თუმცა შემოსავლების სამსახურმა დასწრების გარეშე და საჩივარზე დართული უტყუარი მტკიცებულებების შესწავლის გარეშე და ამ მტკიცებულებების უგულვებელყოფის გზით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, უფრო მეტიც, საგადასახადო ორგანომ საერთოდ საშემოსავლო გადასახადში ისე განახორციელა ძირითადი დარიცხვა, რომ გადასახადის გადამხდელთან ერთად საერთოდ არ გამოუკვლევია ამ კუთხით არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებები და არ მიუღია შესაბამისი განმარტებები, ხოლო შემოსავლების სამსახურმა კი სრულად უგულვებელყო წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ბანკის მიერ დადასტურებული საბანკო ამონაწერები.
შემოწმებას წარუდგინა პროგრამა ორისის სრული ასლი 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ასევე 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდზე, სადაც შეტანილი იქნა მხოლოდ მოგების გადასახადში წინა საჩივარში აღნიშნული და ნახსენები ცვლილება, რომლის შედეგადაც 2019 წელში დივიდენდად გაცემულად შეცდომით ზედმეტად დეკლარირებული 100 ათასი ლარის ანგარიშში გაუქმდა დამფუძნებლის დავალიანების იმავე ოდენობით დაფარვა, მოხდა 100 ათასი ლარის სალაროდან დივიდენდად გაწერა, შესაბამისად, იმავე ოდენობით 100 ათასი ლარით გაიზარდა დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანება (ვინაიდან 100 ათასი ლარის დივიდენდად აღიარების გამო, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში სალაროს ნაშთი გაწითლდებოდა 100 ათასი ლარით). გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოსთვის ამავე საბუღალტრო პროგრამის მონაცემებიდან ნათელი იყო, რომ 2022 წლის მაისის, აგვისტოს და დეკემბრის თვეებში ზედმეტად იყო დეკლარირებული სახელფასო განაცემები, მათ შორის 2022 წლის მაისის თვეში ზედმეტად იყო დეკლარირებული ხელზე გაცემული ხელფასის სახით 2 400 ლარი, 2022 წლის აგვისტოს თვეში ხელზე გაცემული ხელფასის სახით 33 200 ლარი, 2022 წლის დეკემბრის თვეში ზედმეტად იყო დეკლარირებული ხელზე გაცემული ხელფასის სახით 45 944 ლარი, ანუ ჯამში ზედმეტად დეკლარირებული იქნა ხელზე გაცემული 81 544 ლარის ხელფასი. ამასთან, აღნიშნული გარემოების შესახებ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ოფიციალური წერილობითი განმარტება, რომლითაც შემოწმებისგან მოითხოვდა ამ სამ თვეში ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის 81 544/0,8*20%=20 386 ლარის შემცირებას. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანოს ჰქონდა სალაროს მოძრაობა 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან ბანკში შეტანილია 94 860 ლარი, ხოლო 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს შეეძლო შეეხედა საბუღალტრო პროგრამაში 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით საწარმოს დამფუძნებლის და ერთდროულად დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების თანხისათვის, რომელიც ამ მომენტისათვის შეადგენდა 110 080 ლარს. იმის ნაცვლად, რომ საგადასახადო ორგანოს ყველა ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ემსჯელა და მოეხდინა 2022 წლის სამ თვეში ზედმეტად დეკლარირებული სახელფასო განაცემების და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მან 81 544 ლარი ჩათვალა გაცემულ ხელფასად, რის შედეგადაც 31.05.2023 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის წინაშე დავალიანების თანხა დამატებით გაიზრდებოდა 85 144 ლარით და გახდებოდა 110 080+85 144=195 224 ლარით მეტი და ასეთ პირობებში, საგადასახადო ორგანო 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით „არაგონივრულ ნაშთად“ მიიჩნევს 79 887 ლარს, მაშინ როცა ამ დროისათვის მათი ქმედების მიხედვით დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების თანხა შეადგენდა ამ თანხაზე გაცილებით მეტს - 195,2 ათას ლარს და ის მის მიერ გამოყვანილ არაგონივრულ ნაშთს დამფუძნებლის წინაშე დავალიანების თანხაში კი არ ქვითავს, არამედ მას მიიჩნევს ხელზე აღებულ ხელფასად და მას ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით 79 887/0,8*20%=19 972 ლარს, ასევე მასზე ავრცელებს ჯარიმის სახით 9 986 ლარს, რაც ყოვლად დაუშვებელია.
გარდა ამისად, აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტს, ასევე შემოსავლების სამსახურსაც წარუდგინეს მტკიცებულებების სახით ბანკის მიერ დამოწმებული საბანკო ამონაწერი, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის ივნისს სალაროდან ბანკში შეტანილია 94 860 ლარი, ხოლო 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი (დანართი ბანკის მიერ დამოწმებული 2023 წლის ივნისის თვის საბანკო ამონაწერი). აღნიშნულ ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან გასული 94 860 ლარი სრულად არის შეტანილი ამავე დღეს საბანკო დაწესებულებაში (ამ დღის საბანკო ამონაწერის შესაბამისი ჩანაწერი გაფერადებულია), ანალოგიურად ამავე საბანკო ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ 2023 წლის 8 ივნისიდან 2023 წლის 12 ივნისის ჩათვლით ბანკში სალაროდან შეტანილი თანხის ოდენობამ დამატებით შეადგინა 245 308 ლარი და ყოველივე ამის ფონზე აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნის მე-4 გვერდზე საუბრობს, რომ თურმე საბანკო ამონაწერის მიხედვით ვერ ხერხდება შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და არსებული მტკიცებულებების გაყალბების და იგნორირების უდავო ფაქტს წარმოადგენს. ამ ტყუილს მხარი აუბა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც ასევე არ გამოიკვლია საბანკო ამონაწერები, სადაც სიტყვა-სიტყვით და ნათლად ჩანს, რომ საბანკო ანგარიშზე სალაროდან აღნიშნულ დღეებში შეტანილია ზუსტად ის თანხები, რომლებიც იმავე დღეს გატანილია სალაროდან ბანკში შესატანად და ასეთ ფონზე შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში საუბრობს იმაზე, რომ თანხების იდენტიფიცირება შეუძლებელია - არსებობს ერთი ქართული ანდაზა - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო - თუ აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახურიც ამბობს, რომ თანხების იდენტიფიცირება შეუძლებელია, მაშინ როგორ გამოდის, რომ ერთსა და იმავე დღეს სალაროდან გატანილი თანხები და იმავე დღეს საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხები ერთმანეთის იდენტურია? თუ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე სალაროდან არ არის შეტანილი, მაშინ საბანკო ამონაწერში რატომ არ წერია მისი შემტანის დასახელება და დანიშნულება და რატომ არ წერია, რომ ეს თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით რომელიღაც დებიტორის მიერ არის ჩარიცხული? სამწუხაროდ, ამ კუთხით სახეზეა, რომ ორივე ორგანოს მიერ მოხდა წარდგენილი მტკიცებულებების აბსოლუტური იგნორირება.
გულდასმით და ყურადღებით უნდა იქნეს შესწავლილი აღნიშნული კონკრეტული ფაქტი - წარდგენილი 2023 წლის ივნისის თვის საბანკო ამონაწერი, ამავე თვის სალაროს მოძრაობის ანგარიში და ნათლად დარწმუნდება იმ ფაქტში, რომ სალაროში არსებული ნაშთის თანხები მართლაც, რომ საბანკო დაწესებულებაშია შეტანილი იმავე დღეს და რომ ამ კუთხით შედგენილ დასკვნაში ადგილი აქვს ფაქტიური მტკიცებულებების იგნორირების ფაქტს. იმედია ამ ნაწილში არ მოუწევს საფინანსოსაბუღალტრო ექსპერტიზის დანიშვნა და ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შესაბამისი საჩივრის გადაგზავნა.
იმის ნაცვლად, რომ საგადასახადო ორგანოს 2022 წლის სამ თვეში ზედმეტად ხელზე დეკლარირებული 81 544 ლარით შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზა, მან ეს თანხა მაინც ჩათვალა ხელზე გაცემულ ხელფასად, მაგრამ ასეთი პირობებში 2022 წლის დიდი პერიოდის განმავლობაში და 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სალარო სულ გაწითლებული იქნებოდა, იქნებოდა მინუსიანი და მაშინ, მარტივი ენით რომ ვთქვათ, 2023 წლის იანვარ-თებერვალ-მარტის პერიოდში ვერანაირად ვერ გასცემდა ამ თვეებში ხელზე დეკლარირებულ ხელფასებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ოდენობის თანხით სალაროს და ბანკის ნაშთი გავიდოდა მინუსში. შესაბამისად, წარმოადგენს 2022-2023 წლების სალაროს მოძრაობის ამსახველ ამონაწერებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2022 წლის მარტში, --------ზე ხელზე ხელფასის სახით გაცემული არ არის 32 000 ლარი. 2022 წლის აგვისტოში, ხელზე ხელფასის სახით არ არის გაცემული - ------ზე 15 000 ლარი, 2022 წლის დეკემბრის თვეში 13 500 ლარი, ჯამში 60 000 ლარი, ასევე -------ზე, 2022 წლის აგვისტოში არ არის დაფიქსირებული 15 000 ლარის ხელზე ხელფასის სახით გაცემა და დეკემბერში 20 000 ლარის გაცემა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ თანხის გაცემა მოხდებოდა 31.01.2023 წელს სალაროს ნაშთი წითელი იქნებოდა 53 643,96 ლარის ოდენობით და ა.შ. ყოველივე ამის ფონზე, კი იბადება ერთი მარტივი კითხვა, თუ აღნიშნული თანხის მაინც შემოწმება ხელფასის სახით გაცემულად თვლის, მაშინ რა თანხებიდან მოხდებოდა და 2023 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში შესაბამისი ხელფასების გაცემა სალაროდან, იმ პირობებში, როცა სალაროს ნაშთი გამოდის წითელი.
უფრო მეტიც, აღნიშნული განაცემის განხორციელების შემთხვევაში იმავე თანხით გაიზრდებოდა დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების თანხა და ის შეადგენდა 195,2 ათას ლარს და საგადასახადო ორგანოს ეს „არაგონივრული ნაშთი“ სრულიად საფუძვლიანად შეეძლო გაეკლო დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანების თანხისათვის და არ დაებეგრა, როგორც ხელფასი. გარდა ამისა, 2023 წლის 2 ივნისს სალაროდან ბანკში შეტანილი იქნა 94 860 ლარი და ეს კარგად იყო ცნობილი საგადასახადო ორგანოსთვის. შესაბამისად, ეს 79 887 ლარი ვერანაირად ვერ იქნებოდა 2023 წლის 31 მაისს „არაგონივრული ნაშთი“, მითუმეტეს იმ დროს, როცა 8 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით ბანკში დამატებით იქნა შეტანილი სალაროდან კიდევ 245 308 ლარი, რის შემდეგაც სალაროში 2023 წლის 14 ივნისს ნაშთის სახით დარჩა 103 224 ლარი, ხოლო საგადასახადო ორგანოს მხრიდან 81 544+79 887=161 431 ლარის ხელფასად გაცემულად განხილვის პირობებში, სალაროს ნაშთი იქნებოდა წითელი, ანუ მინუსიანი 103 224-161 431=(-58 207) ლარი და მაშინ ვერანაირად ვერ შევძლებდით სალაროდან ბანკში ამ ოდენობის თანხის შეტანას. ასევე 2023 წლის 14 ივნისს სალაროდან ბანკში დამატებით შეტანილი იქნა 95 209 ლარი და ამის შემდეგ სალაროში ნაშთის სახით დარჩა 30 673 ლარი ხოლო ზემოთ აღნიშნული 81 544 ლარის და 79 887 ლარის სალაროდან ხელფასის სახით გაცემულად ჩათვლის პირობებში ამდენი თანხა ამ დღეებში ბანკში ფიზიკურად ვერანაირად ვერ შევიდოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამდენი თანხა სალაროში ფიზიკურად ვერ იქნებოდა, სალარო იქნებოდა წითელი, ანუ მინუსიანი 30 673-161 431=(-130 758) ლარზე და კიდევ დამატებით ფულადი სახსრები იქნებოდა საჭირო ბანკში შესატანად. კიდევ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იმ პირობებში თუ 2022 წლის 3 თვეში ზედმეტად ხელზე დეკლარირებული 81 544 ლარი მაინც ჩაითვლება ხელზე გაცემულ ხელფასად, ხოლო 31 მაისის მდგომარეობით დამატებით 79 887 ლარი განხილული იქნებოდა ასევე დირექტორის მიერ ხელზე აღებულ ხელფასად, მაშინ 2023 წლის ივლისის მდგომარეობით სალაროს ნაშთი ასევე გაწითლებული იქნებოდა 81 544+79 887=161 431 ლარით, რის გამოც 2023 წლის ივლისში ვერანაირად ვერ გავცემდით ამ თვეში ხელზე დეკლარირებულ 100 000 ლარის დივიდენდს, ანუ ეს ავტომატურად გამოიწვევს 2023 წლის ივლისის თვეში გაცემული დივიდენდის ანგარიშში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებას (შემცირებას), კერძოდ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემცირებას უნდა დაექვემდებაროს ძირითადი გადასახადი 100 000/0,95*5%=5 263 ლარის ოდენობით, ხოლო მოგების გადასახადში 100 000/0,95/0,85*15#%18 576 ლარის ოდენობით, ანუ საგადასახადო ორგანოს ეს ქმედება ავტომატურად იწვევს 2023 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში სალაროს გაწითლებას და 2023 წლის ივლისში დეკლარირებული გადასახადების შემცირებას 5 263+18 576=23 539 ლარის ოდენობით, ასევე ამავე თვეებში 81 544+79 887-100 000=61 431 ლარის ოდენობით ხელზე გაცემული სახელფასო განაცემების დაზუსტებას და საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 61 431/0,8*20%=15 358 ლარის ოდენობით.
ანუ ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოების გათვალისწინებით სრულიად ნათელია, რომ აქტის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ახორციელებს ისეთ არამართებულ და უსაფუძვლო დარიცხვას, რომელიც დოკუმენტალურად და ფაქტობრივი მტკიცებულებებით გამაგრებული არაა და თავის მხრივ პირიქით აუცილებლად მინიმუმ იწვევს იმავე შემოწმებულ პერიოდში დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის და მაქსიმუმ შემოწმების პერიოდის შემდეგ მეორე საანგარიშო თვის შედეგებით დეკლარირებული საშემოსავლო და მოგების გადასახადების აუცილებელი წესით შემცირებას. ასევე ამ ნაწილში საერთოდ გაუგებარია თუ რატომ თვლის და ამბობს საგადასახადო ორგანო ამ ნაწილში წინა აქტის შესაბამის ჩანაწერში, რომ გადასახადის გადამხდელი ეთანხმება აღნიშნულ თემას, ვინაიდან ასეთი პოზიცია შემოწმების მსვლელობისას არასოდეს გაჟღერებულა და პირიქით, საგადასახადო ორგანოსგან წერილობითი ახსნა-განმარტებით ითხოვდა ამ ნაწილში 2022 წელში ზედმეტად დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
საგადასახადო ორგანომ ასევე 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით რიცხული დებიტორული დავალიანების თანხის ნაწილი 396 728 ლარი ჩათვალა ხელზე მიღებულ თანხად და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით 396 728/0,8*20%=99 182 ლარის ოდენობით, რასაც ასევე დაერიცხა ჯარიმის სახით 49 591 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ ამ ნაწილში დარიცხვა ისე გააკეთა, რომ გადასახადის გადამხდელისგან არც სათანადო ახსნა-განმარტება არ მიუღია და არც ამ პირებთან განხორციელებული ოპერაციები არ შეისწავლა სრულად.
საგადასახადო ორგანომ ამ თანხების ამსახველი ცხრილი შესაბამისი დებიტორების ჩამონათვალით გამოაგზავნა მხოლოდ აქტის შედგენამდე 1 დღით ადრე და ისიც ისე, რომ ამ ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ გამოუკვლევია და მომჩივანთან ერთად სრულყოფილად არ გაუვლია. კერძოდ, სრულ მათ მიერ დიდი დაგვიანებით წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით 396 728 ლარის დებიტორული დავალიანება ირიცხება 444 პირის მიმართ.
საწარმოში 2022 წელს დაინიშნა გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის დროსაც თავად შემმოწმებლის მიერ დებიტორული დავალიანების ოდენობების დადასტურების შესახებ შესაბამისი მოთხოვნები გაეგზავნა უამრავ დებიტორს, მათ შორის იმ დებიტორების ნაწილს, რომელიც საგადასახადო ორგანომ ახალი 2023 წლის შემოწმების დროს ჩათვალა დირექტორის მიერ ხელზე მიღებულ თანხად. გასათვალისწინებელია, რომ წინა საგადასახადო შემოწმება გაუქმდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა დებიტორმა დაადასტურა დავალიანების არსებობის ფაქტი და ყოველივე ამის ფონზე, იგივე საგადასახადო ორგანო ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე (დებიტორის მხრიდან დავალიანების არ აღიარების ფაქტები) აღნიშნულ თანხებს თვლის ხელზე აღებულ თანხად და ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით.
წინა საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში მისცა შესაბამისი დავალება როგორც მომჩივანს, ასევე აუდიტის დეპარტამენტის, რომელიც მომჩივნის მიერ ზედმიწევნით შესრულდა და აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა უამრავი მტკიცებულება.
აღნიშნული დებიტორებიდან ერთი პირი------ რეალურად წარმოადგენს არარეზიდენტ იურიდიულ პირს, ხოლო მისი დებიტორული დავალიანების თანხა 55,61 ლარი კი რეალურად წარმოადგენს უარყოფით საკურსო სხვაობას, რომელიც არ ყოფილა გადატანილი წინა წლების მოგებაზარალის ანგარიშში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ანგარიშზე, ანუ მასზე საკურსო სხვაობა არ ყოფილა გატარებული. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხვა ყოვლად უსაფუძვლო და გაუმართლებელი იყო და აუდიტის დეპარტამენტმა ეს თანხა ამოიღო ხელზე აღებული თანხების სიიდან.
გარდა ამისა, სიაში მყოფი პირებიდან ზოგი პირი 2-ჯერ არის საბუღალტრო პროგრამაში გატარებული, საიდანაც ერთზე ირიცხება დებიტორული დავალიანების თანხა, ხოლო მეორეზე კი გადახდილი ავანსი. ასე მაგალითად, --------ზე დებიტორული დავალიანების თანხად ირიცხება 1 000 ლარი, ხოლო ამავე პირზე საბუღალტრო პროგრამაში წინასწარ გადახდილზე სხვა ანგარიშზე ზის 500 ლარი, ხოლო ამავე პირის მიერ გადახდილი 500 ლარი ასახულია არაიდენტიფიცირებულ გადახდაში. შესაბამისად, ამ პირის მიმართ რეალურად არანაირი დებიტორული დავალიანება არ ირიცხება და ამ კუთხით 1 000 ლარის დაბეგვრა ყოვლად დაუშვებელია. ანალოგიურად, გასან მამედოვზე სიაში რიცხული დებიტორული დავალიანების თანხა 529 ლარი გადახდილი ტერმინალით -------ს მიერ 2022 წლის 20 იანვარს, შეცდომით ზის გადახდილ ავანსში და ის უნდა გაიქვითოს ამ დავალიანების თანხაში და ასეთი მაგალითი უამრავია.
გარდა ამისა, წარმოდგენილი სიის მიხედვით 132 ფიზიკურ პირზე მოდის საერთო დებიტორული დავალიანების თანხა 15 996,88 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თითოეულ პირზე დებიტორული დავალიანების თანხა თითოეულ მათგანთან მიმართებაში შეადგენს 12 ლარს, 14 ლარს, 15 ლარს, 16 ლარს, 18 ლარს, 20 ლარს, 25 ლარს და ა.შ. 300 ლარამდე დიაპაზონში. ამ 132 ფიზიკური პირიდან თითოეულს სხვადასხვა დროს წაღებული აქვს კონსიგნაციის წესით 1 500 ლარიდან 15 ათას ლარამდე ღირებულების პროდუქცია, ჯამში 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია, საიდანაც მათ მიერ გადახდილი იქნა დავალიანების უდიდესი ნაწილი და დარჩა უმნიშვნელო დავალიანების თანხა და საგადასახადო ორგანოს ლოგიკით თურმე ჩვენ თუ თითოეულ პირს მივაწოდეთ 1 000 ლარის ან/და 15 ათასი ლარის პროდუქცია და მათ გადაიხადეს 985 ლარი, ან 14,7 ათასი ლარი, კომპანიას თურმე ჩეკი არ ამოუბეჭდია 12 ლარზე, 14 ლარზე, 15 ლარზე და ეს იმ პირობებში, როცა ძირითადი დავალიანების თანხა თითქმის სრულად არის დაფარული. საწარმოს ბიუჯეტში 13,4 მლნ ლარის გადასახადი აქვს შეტანილი მთელ პერიოდში და თურმე საგადასახადო ორგანოს ლოგიკით კომპანიას ჩეკი არ ამოუბეჭდია 12 ლარზე, 14 ლარზე, 15 ლარზე და ა.შ და 132 სხვადასხვა დებიტორზე რიცხული ეს თანხა მიუთვისებია. ამ ნაწილში და ამ პირებთან მიმართებაში არსებული დებიტორული დავალიანების თანხა რეალურია.
უფრო მეტიც, საწარმოს შეეძლო სრულიად სამართლიანად ეხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის №1657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და საერთოდ ჩამოეწერა ბალანსიდან ასეთი 132 უიმედო დებიტორის დავალიანება 15 99,88 ლარის ოდენობით, იმ მოტივით, რომ მათი ამოღებისათვის გასაწევი ხარჯი ბევრად აღემატება მათ საერთო თანხას. ცნობისათვის, მარტო სასამართლო ბაჟის სახით იურისტების ხარჯის გარდა, კომპანიას გადასახდელი ექნებოდა მინიმუმ 132*50=6 600 ლარი. არ მოუხდენია დებიტორების ჩამოწერა ამ სახელმძღვანელო დოკუმენტით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაძლოა მომავალ პერიოდში მაინც ამოიღოს ეს დავალიანება, ხოლო ამის ნაცვლად საგადასახადო ორგანო ამ თანხას უთვლის ხელზე მიღებულ თანხად და ეს იმ პირობებში, როცა თითოეულ პირთან მიმართებაში მიწოდებული საქონლის ღირებულება და დებიტორული დავალიანების არსებული თანხა სრულიად არაპროპორციულია და მათზე მიწოდებული საქონლის ღირებულების 5%-საც არ შეადგენს, ხოლო არცერთ ასეთ პირს არ უთქვამს, რომ მან გადაიხადა მაგალითისათვის ათას ლარზე ან შეიძლება 14 ათას ლარზე მეტი და მას ჩეკი არ ამოვურტყით 12 ლარზე, 14 ლარზე, 15 ლარზე, 18 ლარზე, 19 ლარზე და ა.შ. და ეს თანხები მიითვისა. საქმიანობის მთელ პერიოდში ბიუჯეტში ჯამურად შეტანილი იქნა 13,4 მლნ ლარზე მეტი და ასეთ პირობებში თურმე ამავე პერიოდში 15 996,88 ლარის უიმედო დებიტორის თანხა აუღია ჩეკის ამობეჭდვის გარეშე, რაც სრულიად ალოგიკური და აბსურდულია. უიმედო დებიტორის არსებობა ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია და მთელ პერიოდში თითქმის 100 მლნ ლარის ბრუნვის პირობებში ასეთი ოდენობის უიმედო დებიტორის არსებობა სრულიად ლოგიკურია.
აღნიშნული დებიტორული დავალიანების თანხებიდან, საგადასახადო ორგანომ მხოლოდ 77 პირის დავალიანების თანხა ჯამში 3 891 ლარი ამოიღო ხელზე აღებულად ჩათვლილი თანხის ნუსხიდან და მხოლოდ იმ კრიტერიუმით, რომ არცერთი დავალიანების თანხა არ აღემატება 100 ლარს, ხოლო დარჩენილი 132-77=55 პირის დავალიანების თანხა 15 997-3 891=12 106 ლარი ისევ ხელზე აღებულ თანხად ჩათვალა.
აღნიშნული 55 პირიდან თითქმის ყველა პირი არის ისეთი ფიზიკური პირი, რომელთაც წინა წლებში ბინები შეიძინეს საცხოვრებელ კომპლექსში -----ი და რომლის ადმინისტრაციასთანაც შეთანხმებით წარმოებული აქციის ფარგლებში ამ პირებს კონსიგნაციის წესით ვაძლევდით მათ მიერ განვადებით შეძენილი საცხოვრებელი ბინების რემონტისთვის საჭირო საქონელს. თითოეულ ასეთ პირზე კონსიგნაციის წესით მიწოდებული საქონლის ღირებულება არის მინიმუმ 3 ათასი ლარი, მაქსიმუმ 15 ათასი ლარის ფარგლებში, საიდანაც ამ პირებმა წლების განმავლობაში დაფარეს დებიტორული დავალიანების 95 %-ზე მეტი, ხოლო ამ თითოეულ 55 პირზე რიცხული დავალიანებების თანხების - 100 ლარიდან 300 ლარამდე, ჯამში 12,1 ათასი ლარის ამოსაღებად სახელმწიფო ბაჟის და იურისტებისათვის, ასევე აღმასრულებლისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა მინიმუმ 6 ათას ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოთხოვნაა, რომ ამ ნაწილში მოხდეს შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა და აღნიშნული 12,1 ათასი ლარიც ამოღებული იქნეს დასაბეგრი ბაზიდან.
გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო ორგანოს არ გადმოუცია ასეთი დებიტორების სრული სია შემოწმების დასრულებამდე და არ მოუთხოვია ამ დებიტორების დიდ ნაწილთან მიმართებაში 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის ბოლომდე წარმოებული ოპერაციების ამსახველი ბარათები, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად ადვილად ნახავდნენ, რომ 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის ბოლომდე მათ მიერ 444 პირიდან ხელზე აღებულად ცნობილი 396 728 ლარიდან, 158 პირს უკვე ჰქონდა გადახდილი და დაფარული 116 0852,58 ლარი. ანუ თუნდაც ამ მარტივი მიზეზის გამო, ეს აბსურდული და უსაფუძვლო დარიცხვა არ მოხდებოდა თუნდაც ამ თანხის ნაწილში. გარდა ამისად, ამ დებიტორებისგან თანხების ამოღება და მიღება მოხდა 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდშიც.
საგადასახადო ორგანომ ამ ეტაპზე არასწორად და უსაფუძვლოდ დაბეგრილი 396 728 ლარიდან დასაბეგრ ბაზას ამოაკლო ჯამში მხოლოდ 77 731 ლარი, საიდანაც 70 050,69 ლარი მოდის იმ დებიტორებზე, რომლებიც ნოტარიულად ადასტურებენ დავალიანების არსებობას, ერთმა დებიტორმა დავალიანების თანხა 1 536 ლარი 2024 წელს ჩარიცხა უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ერთი დებიტორი კი არის კომპანიის თანამშრომელი ------ი, რომელმაც მის მიერ ჩეკით გადახდილ 1 491 ლარის დებიტორული დავალიანების თანხაზე ამობეჭდილი ჩეკის გარდა, ხელი მოაწერა სალაროს შემოსავლის ორდერზე და ისიც მხოლოდ ამ ჩეკის ამობეჭდვიდან 7 თვის ვადის შემდეგ და ისიც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზით, რომ ის დღესაც კომპანიის თანამშრომელია, ყოველდღიურად მოდის სამსახურში და ამის გამო, მას ხელის მოწერა ჩეკის ამობეჭდვიდან 7 თვის შემდეგაც შეეძლო, განსხვავებით სხვა დებიტორებისგან, რომლებმაც თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადეს 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის ივნისის ბოლომდე პერიოდში და რომლებიც კომპანიასთან პოსტფაქტუმ ჩეკის ამობეჭდვიდან 1 თვის, 2 თვის ან 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ მათ მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხებზე სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელის მოსაწერად თავიდან ვეღარც და აღარც მოვიდოდნენ.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწარმო არის კეთილსინდისიერი და პატიოსანი გადასახადის გადამხდელი, არ ახდენს ყალბი დოკუმენტების დამზადებას და არა იკადრებს იმას, რომ ყველა ამ პირზე თანხების გადახდის მომენტიდან 2-12 თვის ვადით გასვლის შემდეგ თანამშრომლის ანალოგიურად გაეკეთებინა სალაროს შემოსავლის ორდერები და მათზე სხვის მაგივრად მოეწერა ხელი, საითკენაც კომპანიას საგადასახადო ორგანო ნებით თუ უნებლიედ უბიძგებს თავისი გაუაზრებელი და უკანონო მოთხოვნით. ასევე ვერ ივლის კარდაკარ ამ დებიტორებთან იმის გამო, რომ მათ ამ სალაროს შემოსავლის ორდერებზე ხელი აწერინოს, ხოლო ადგილზე ხელმოსაწერად მოსვლის თხოვნა შეიძლება მხოლოდ 5 ან მაქსიმუმ 10 დებიტორმა შეასრულოს. ამასთან, ის ფაქტი, რომ საგადასახადო ორგანო, დოკუმენტად თვლის მხოლოდ დებიტორის ხელმოწერით დამოწმებულ სალაროს შემოსავლის ორდერს, კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფარული დავალიანების თანხითაც დასტურდება.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანების მიღების შემდეგ იძულებული გახდა კონტაქტი დაემყარებინა ამ თანხის გადამხდელი პირების ნაწილთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დებიტორული დავალიანების თანხა ერიცხებოდა -------ს, რომელიც აწ გადაცვლილია და მისი დავალიანების თანხა დაფარა მისმა შვილმა და კომპანია მის მიერ გადახდილ თანხაზე გასვლის ვერ გააკეთებს და მას ხელს ვერ მოაწერინებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს პიროვნება გარდაცვლილია, ხოლო თანხა მისმა შვილმა დაფარა. შესაბამისად, შესაძლებელია, ამ თანხაზე გაკეთდეს სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელსაც ხელს მოაწერს მისი შვილი და არა გარდაცვლილი პიროვნება. ასევე თანხის გადამხდელი პირებიდან 5 პირი (------ი პ/ნ -------, გადახდილი თანხა 7460 ლარი, --------ი პ/ნ ---------, გადახდილი თანხა 4367 ლარი, ---------ი პ/ნ ---------, გადახდილი თანხა 2785 ლარი, ---------ი პ/ნ -----------, გადახდილი თანხა 1536 ლარი, ----------ი პ/ნ ---------, გადახდილი თანხა 427 ლარი) ამ ეტაპზე არ იმყოფება საქართველოში, რის გამოც მათზე სალაროს შემოსავლის ორდერების გაკეთება და მათი მხრიდან ხელმოწერა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან მიმართეს იმ პირებს, რომლებმაც 1.01.2023 წლიდან 2023 წლის ბოლომდე დაფარეს დავალიანების თანხები და მათ ხელი მოაწერინეს სალაროს შემოსვლის ორდერებზე, ასევე ურთავენ მათი პირადობის მოწმობის ასლებს, ასე მაგალითად ---------მა (პ/ნ -----------) 2023 წლის 8 ივლისიდან დაფარა 1 000 ლარი დავალიანება, ხოლო 2023 წლის 10 სექტემბერს კიდევ დამატებით 290 ლარი, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს. ანალოგიურად ------მა (პ/ნ ---------) 2023 წლის 19 ივლისს დაფარა 1 008 ლარის დავალიანება, ხოლო 2023 წლის 11 სექტემბერს კიდევ დამატებით 10 ლარი, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს. ანალოგიურად, ----------ა (პ/ნ --------) 2023 წლის 3 აგვისტოს დაფარა 1720 ლარის დავალიანება, ხოლო 2023 წლის 7 ნოემბერს კიდევ დამატებით 1 985 ლარი, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს. ასევე --------ა (პ/ნ -----------) 2023 წლის 31 ოქტომბერს დაფარა 1 380 ლარის დავალიანება, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს. ასევე, --------ა (პ/ნ -------------) 2023 წლის 20 ოქტომბერს დაფარა 1 300 ლარის დავალიანება, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს. ანალოგიურად,----------ემ (პ/ნ ---------) 2023 წლის 3 ოქტომბერს დაფარა 1 150 ლარის დავალიანება, რასაც ის სალაროს შემოსვლის ორდერებზე ხელმოწერით ადასტურებს და ასეთი, სალაროს გასავლის ორდერები სხვა თანხის დამფარავი პირების ხელმოწერით, ასევე თან ახლავს საჩივარს. ყველა ეს ფაქტობრივი გარემოება, ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, თუ რაოდენ არასწორი და დაუსაბუთებელია დარიცხვა ამ კუთხით და რაოდენ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ კუთხით შემოსავლების სამსახურმა.
აუდიტის დეპარტამენტმა და შემოსავლების სამსახურმა მომჩივნის კითხვაზე, თუ რას წარმოადგენს მაშინ 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის აპრილის ბოლომდე, ამ დებიტორული ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული 154 479.87 ათას ლარზე მეტი თანხა პასუხი ვერ გასცა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს თანხა არანაირად არ წარმოადგენს ინკოგნიტო მყიდველისგან მიღებულ ავანსებს, ასევე ეს თანხები არ წარმოდგენს 2023 წლის 1 ივნისის შემდგომ სარეალიზაციო ოპერაციების ანგარიშში მიღებულ თანხას, ვინაიდან მათ ანგარიშში საქონლის მიწოდება სხვა პირებზე არ მომხდარა, ხოლო თავის მხრივ დასძენს, რომ კომპანიის გაყიდვების თითქმის 100% სრულად იდენტიფიცირებულია მყიდველებზე (ფიზიკური და იურიდიული პირები) გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. ასევე აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს უცხო და გაურკვეველი პირებისაგან ნაჩუქარ თანხას, ხოლო თანხების მიღება დასტურდება საკასო აპარატების მონაცემებით და თითოეული დებიტორის პირადი საბუღალტრო ბარათებით, ეს თანხა სრულადაა შემოსული კომპანიის სალაროში და შემდგომ საბანკო ანგარიშზე და ამ თანხებით გადახდილია კომპანიის თანამშრომლების ხელფასები და დამფუძნებლის დივიდენდები. შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა და მიიღო ყოვლად დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული გადაწყვეტილება.
ფაქტია, რომ ამ ნაწილში საგადასახადო ორგანომ განახორციელა ყოვლად უსაფუძვლო და არამართებული დარიცხვა, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არაა გამაგრებული. ასევე შეეძლო შემოსავლების სამსახურის №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოთი საერთოდ ჩამოეწერა ბალანსიდან 55 უიმედო დებიტორის დავალიანება 12,1 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დებიტორული დავალიანების თანხები კი არასწორად არის აღებული და არაა განაშთული შესაბამისი ავანსების თანხებში, რის გამოც ამ კუთხით დარიცხული ძირითადი გადასახადი 99 182 ლარის ოდენობით, ასევე მასთან დაკავშირებული ჯარიმის თანხა 49 591 ლარის ოდენობით, ჯამში 148 773 ლარის ოდენობით, სრულად ექვემდებარება გაუქმებას.
მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (მოცემულ შემთხვევაში გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტისა და გარემოებების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია. ასევე დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებაზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც დასაბუთებულია წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტაციით და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტების ბათილობის საფუძველია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.09.2024 წლის №20891 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №6596 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №6596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები . აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №6596 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა: საბანკო ამონაწერები, სალაროს ორდერები, ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით და საბუღალტრო პროგრამა „ორისიდან“ ამოღებული ბრუნვითი უწყისები. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არსებული ანალიზით დებიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შემცირებას დაექვემდებარა სულ 77 732 ლარი. შესაბამისი შედეგების გათვალისწინებით, ასევე, დაკორექტირდა სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო შემოსავლის 10%). რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები , რომლის მიხედვით ვერ მოხდა ბანკში არსებული ფულადი ნაკადების მოძრაობიდან გამომდინარე შესაბამისი თანხების იდენტიფიცირება. აგრეთვე, განხორციელდა აღნიშნული საკითხის ანალიზი შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ (დანართი №9) მეთოდური მითითების მიხედვით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის №094-39 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №20891 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);