სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ-540-22

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.02.2023
№ დოკუმენტი N3/ბ-540-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N080310017001894280

საქმე N3/ბ-540-22

განჩინება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2023 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები - შოთა სირაძე (მომხსენებელი), ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი: თ.ფ

აპელანტი (მოპასუხე) - ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი: გ.ბ

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი/მ თ.თ

წარმომადგენელი: გ.გ

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება

1 აპელანტთა მოთხოვნა - ქუთაისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა.

2 გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1 2017 წლის 21 აპრილის ი/მ თ.თ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და დაზუსტებული სასარჩელით მოითხოვა:

ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება

ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 22 დეკემბრის N021-162 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურს დაევალოს მოახდინოს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება სარჩელში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით

ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანება;

ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს მოახდინოს აქტით დარიცხული თანხმების გადაანგარიშება სარჩელში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით

მოსარჩელის მიერ სარჩელი დაფუძნებული იქნა შემდეგ გარემოებებზე:

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანებისა და მათ საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 22 დეკემბრის N021-162 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, ი/მ თ.თ დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164 770, 36 ლარი მათ შორის ძირითადი გადასახადი - 85 919 ლარი, ჯარიმა - 37286 ლარი და საურავი 41565,36 ლარი. შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვები ძირითადად გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ შემმოწმებლის მიერ არ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში ხარჯად აღიარება წინა პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალებისა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რაც შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რასაც ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელე და დავა გაგრძელდა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში. ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა დარიცხული სანქციების შემცირების შესახებ.

მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, შემოწმების აქტით არ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში წინა პერიოდში შეძენილი ძირითადი საშუალების ხარჯად აღიარება. აქტში მოყვანილია შემდეგი გარემოება: ,,2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი შპს ,,-----" (ს/ნ ------). პირველადი დოკუმენტების მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულებაში ფიქსირდება ქ. ქუთაისი, -------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788 ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა შპს ,,-----" (ს/ნ -------), სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად ასევე მითითებული არის ქუთაისი, ----------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შპს ,,-----" (ს/ნ -------) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქუთაისი, ----------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული მაცივრების ექსპლუატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი და შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი წლის დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისათვის".

მოსარჩელე მხარე აქტში აღნიშნული საკითხების სრულად შესწავლის მიზნით მიუთითებს, რომ ი/მ თ.თ-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ნაყინის შეძენა და მისი შემდგომი რეალიცაზია ძირითადად გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებზე (99 პროცენტი სარეალიზაციო საქონლის გაყიდულია გადასახადის გადამხდელ პირებზე სასაქონლო ზედნადებებით). მეწარმემ 2011 წლის 14 ნოემბერს შეიძინა 624 ცალი საყინულე მაცივარი (ე. წ. დაბალი მაცივრები, რომლებიც განკუთვნილია ნაყინის ნაწარმის შესანახად) შპს ,,-----" ყიდვამდე 624-ვე ცალი მაცივარი გამოიყენებოდა შპს ,,-----" მიერ შემდეგნაირად: მაცივრები განთავსებული იყო სხვადასხვა მაღაზიებში იმ პირობით, რომ იქ უნდა განთავსებულიყო შპს ,,-----" მიერ ამ მაღაზიებისათვის მიწოდებული სს ,,-----" ქუთაისში ნაწარმი ნაყინი. ი/მ თ. შეიძინა მაცივრები იმ განზრახვით, რომ თვითონ გააგრძელებდა იმავე მაღაზიებში ქუთაისში ნაწარმოები ნაყინის შეტანას, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ( ქუთაისის მწარმოებელმა კომპანიამ ვეღარ შეძლო პროდუქციის წარმოება) მეწარმემ საქმიანობის დაწყებისას ვერ შეძლო ამ პროდუქციით მაღაზიათა ქსელის მომარაგება. მაღაზიებისათვის ნაყინის მიწოდება მან დაიწყო მხოლოდ 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ახალ მომწოდებელს შეუთანხმდა ამის შესახებ (მიწოდება ხდება შპს ,,-----" დან შეძენილი საქონლის). ანუ რეალურად იმ საქმემ, რის გამოც მეწარმემ იყიდა ნაყინის შესანახი მაცივრები (უნდა მომხდარიყო ქუთაისში ნაწარმი პროდუქტის მაღაზიებისათვის მიწოდება. რასაც ახორციელებდა მაღაზიების მანამდე არსებული მეპატრონე - შპს ,,-----" ). არ იმუშავა და მეწარმემ ნაყინის (თბილისის ნაწარმი) შეძენა და მისი შემდგომი მიწოდება შეძლო მხოლოდ 2013 წლიდან (პროდუქციის ახალი მომწოდებლის მოძებდა და ბაზარზე შესასვლელი პროდუქციის განსაზღვრა). რაც შეეხება 2013 წლამდე არსებულ პერიოდს, 2011 წელს მეწარმეს საქონლის ანდა მომსახურების მიწოდება საერთოდ არ განუხორციელებია. მან საქონლის რეალიზაცია დაიწყო 2012 წლის ივნისიდან, თუმცა 2013 წლამდე ახორციელებდა მხოლოდ სარეცხი საშუალებების რეალიზაციას ( მთელ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სარეალიზაციო საქონლის 91 პროცენტს შეადგენს ნაყინი, ხოლო სხვა საქონელი შეადგენს 9 პროცენტს).

მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ნაყინის შეტანის პირობების განსაზღვრა იმისათვის იყო საჭირო, რათა რეალურად ეჩვენებინა ის ფაქტი, რომ მეწარმემ 2013 წლამდე ის პირობა, რისთვისაც მას მაცივრები უნდა ემუშავებინა სხვადასხვა სარეალიზაციო პუნქტებში და რისთვისაც მოახდინა სამაცივრე დანადგარების შეძენა. ვერ შეასრულა და ფაქტობრივად მაცივრები ი/მ თ.თ მიერ პირობით განსაზღვეული საქონლის მიუწოდებლობის გამო უფუნქციოდ იდგა სარეალიზაციო პუნქტებში.

მოსარჩელის წარმომადგენლის აღნიშვნით, მეწარმის მიერ 2011 წელს შეძენილი მაცივრების ღირებულების გათვალისწინება გამოსაქვით სარჯებში მოხდა 2013 წელს (ექსპლოატაციაში შესვლის პერიოდში). ის ფაქტი, რომ აღნიშნული ხარჯის გამოქვითვა არ მომხდარა წინა პერიოდებში, დასტურდება იმით, რომ 2011 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი. ვინაიდან ამ პერიოდში არავითარი ეკონომიკური საქმიანობა არ განხორციელებულა. ხოლო 2012 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გამოსაქვით ხარჯებში არ არის ასახული ძირითადი საშუალებების ღირებულება. გამომდინარე აქედან, შემოწმების აქტით წაერთვა ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლება. გარდა აღნიშნულისა, 2013 წელს როდესაც ფაქტობრივად მოხდა მაცივრების ექსპლუატაციაში შესვლა მათი ღირებულების გამოქვითვა უნდა მოხდეს სრულად ზედნადებში მითითებული 624 ცალი მაცივრის ყიდვის ღირებულების შესაბამისად. (დეკლარაციაში მეწარმეს სრულად გამოქვითული ჰქონდა ღირებულება დღგ-ს გარეშე, ამ ოპერაციაზე ანგარიშფაქტურა ამოწერილი არ ყოფილა და შესაბამისად, არც ჩათვლა არ არის მიღებული.

2.2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 სექტემბრის N25542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ თ.თ (ს/ნ-------) საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2016 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგემბზე გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბერის N37768 ბრძანება და N021-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ თ.თ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164770.36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 85919 ლარი, ჯარიმა 37286 ლარი, საურავი 41565.36 ლარი.

 

შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე შპს ,,-----" (ს/ნ ------). პირველადი დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულებაში ფიქსირდება ქ. ქუთაისი მის: -------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788ბ ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა შპს ,,-----" (ს/ნ -------), სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი ------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შემოწმების მიერ შპს ,,-----" (ს/ნ -------) გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისი, მის: --------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ მაცივრებს 2011 წლიდან იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და შესაბამისად ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის შესაბამისად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.

 

სსკ-ის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზირებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

 

ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა). რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სსკ-ის 272-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

 

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად, 1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადამხდელის მიერ შეძენილი საყინულე მაცივრები შეძენის მომენტიდან რეალიზაციის მომენტამდე განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებში და გამოიყენებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი, კანონშესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული და დაკორექტირდა 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები. ამდენად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ი/მ თ.თ მიმართ განხორციელებული დარიცხვა კანონშესაბამისია.

 

2.2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა ი/მ თ.თ სასარჩელო განცხადება, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს". შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ი/მ თ.თ 01.01.2012 წლიდან 01.08.2016 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა 21.12.2016 წლის აქტი. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2016 წლის N37768 ბრძანება N21-162 ,,საგადასახადო მოთხოვნა", რომლითაც გადამხდელს დაერიცხა სულ 164770.36 ლარი. გადამხდელს 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი შპს ,,-----" . პირველადი დოკუმენტის მიხედვით, ტრანსპორტირების დაწყება/დასრულება ფიქსირდება ქ. ქუთაისში, მის: -----. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788 ზედნადებით გადამხდელმა მიაწოდა შპს ,,-----" , სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: ------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შპს ,,-----" მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: ------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი და შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი წლის დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის თანახმად, ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზირებად აქტივებს. ამასთანავე, ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაზიაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

 

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება, ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად 1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებში.

 

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საურავი არის საგადასახადო სანქცია , რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი კანომდებლობით თანხის გადაუხდელობისათვის. 2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

 

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

 

მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშვნით, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს შპს ,,-----" შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით, რომლის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულებად ფიქსირდება ქ. ქუთაისში, მის: -----. აღნიშნული საყინულე მაცივრები გადამხდელმა მიაწოდა შპს ,,-----" 2013 წლის 30 აგვისტოს N078225788 ზედნადებით, სადაც ტრანსპორტირების საწყებად ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: -------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შპს ,,-----" მიერ შემმოწმებლისათვის მიწოდებული ინფორმაციით. აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: ------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი და აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადამხდელი აღნიშნავს, რომ მაცივრები შეიძინა იმ განზრახვით, რომ თვითონ გააგრძელებდა იმავე მაღაზიებში ქუთაისში ნაწარმოები ნაყინის შეტანას, თუმცა იმის გამო, რომ ქუთაისის ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ ვერ შეძლო პროდუქციის წარმოება, ვერ შეძლო საქმიანობის დაწყება და ამ პროდუქციით მაღაზიათა ქსელის მომარაგება. მაღაზიებისათვის ნაყინის მიწოდება დაიწყო 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ახალ მიმწოდებელს შპს ,,-----" შეუთანხმდა ამის შესახებ. რეალურად საქმემ რის გამოც იყიდა ნაყინის შესანახი მაცივრები, არ იმუშავა და ნაყინის (თბილისის ნაწარმი) შეძენა და მისი შემდგომ მიწოდება შეძლო მხოლოდ 2013 წლიდან. ამასთან აღნიშნავს, რომ 2011 წელს საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება საერთოდ არ განუხორციელებია. 2013 წლამდე ახორციელებდა მხოლოდ სარეცხი საშუალებების რეალიზაციას. აუდიტის დეპარტამენტი 2017 წლის 01 მარტს N925255-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს ,,-----" , მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა მისამართზე: ქ. ქუთაისი, ------ და განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე.

 

შპს ,,-----" წარმომადგენლის განმარტებით, შეძენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წელს მაცივრები უკვე მდებარეობდა სავაჭრო ობიექტებზე და შესაბამისად, შესული იყო ექსპლოატაციაში. აღნიშნული მაცივრების შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით საქონლის სხვა ტრანსპორტირების დაწყების/დასრულების ტერიტორიული ერთეული ვერ დგინდება, გარდა მისამართისა ქ. ქუთაისი, მის: ------. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით, საყინულე მაცივრები მას რეალიზაციამდე დასაწყობებული ჰქონდა თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში (წარმოადგენს დანართის სახით). მეწარმის წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დგინდება, რომ საყინულე მაცივრები მდებარეობდა სავაჭრო ობიექტებზე. შემოწმების მიერ ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საყინულე მაცივრებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისაგან, რომელთა სავაჭრო ობიექტებზეც განთავსებული იყო აღნიშნული მაცივრები. მათი განმარტებით, მაცივრები მათ ობიექტებზე შემოტანილი იქნა შპს ,,-----" მიერ და შემდგომ აღნიშნული მაცივრები გადავიდა შპს ,,-----" საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ საყინულე მაცივრები ჩაითვალა ექსპლოატაციაში შესულად 2013 წლამდე, მათ რეალიზაციამდე და აქედან გამომდინარე ხარჯი არ ეკუთვნოდა 2013 წლის საანგარიშო პერიოდს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშვნით, საბჭოს სხდომაზე საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადამხდელი 2012 წლიდან სარეცხ საშუალებებს ჰყიდდა, სასაქონლო ზედნადებებით ირკვევა, რომ მაცივრები რა ფასადაც იყიდა იმავე ფასად გაყიდა 2 წლის შემდეგ და მხოლოდ 2013 წელს აქვს ხარჯებში გამოქვითული. ვინაიდან, გადამხდელის მიერ შეძენილი საყინულე მაცივრები შეძენის მომენტიდან რეალიზაციის მომენტამდე განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებში. შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი, კანონშესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული და დაკორექტირდა 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ თანხების დარიცხვა კანონშესაბამისია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით /არცოდნით. დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გადამხდელი გათავისუფლდეს ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან.

 

მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით, საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც, არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ი/მ თ.თ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის N021-162 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება (საჩივარი N14137/2/17).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ი/მ თ.თ საჩივართან დაკავშირებით.

 

3.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 სექტემბერის N25542 ბრძანების საფუძველზე. ჩატარდა ი/მ თ.თ (ს/ნ 60001022641) საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2016 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება და N021-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ თ.თ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164770.36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 85919 ლარი, ჯარიმა 37286 ლარი, საურავი 41565.36.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენია, რომ 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი შპს,,------"სგან.

 

პირველადი დოკუმენტის მიხედვით, ტრასნპორტირების დაწყება/დასრულებაში ფიქსირდება ქ. ქუთაისი, მის ------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788ბ ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა პს,,------" (ს/ნ ---------), სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: ------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შემმოწმებლის მიერ პს,,------" (ს/ნ ------) გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისი მის: -----, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი, გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ მაცივრებს 2011 წლიდან იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და შესაბამისად ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას.

 

დადგენილია, რომ მეწარმის მიერ 2011 წელს შეძენილი მაცივრების ღირებულების გათვალისწინება გამოსაქვით ხარჯებში მოხდა 2013 წელს (ექსპლოატაციაში შესვილის პერიოდში).

 

აღნიშნული ხარჯის გამოქვითვა არ მომხდარა წინა პერიოდებში, რადგან 2011 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი, ვინაიდან ამ პერიოდში არავითარი ეკონომიკური საქმიანობა არ განხორციელებულა, ხოლო 2012 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციით გამოსაქვით ხარჯებში არ არის ასახული ძირითადი საშუალებების ღირებულება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14137/2/17), დავის საგანია - საყინულე მაცივრების ღირებულების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

 

აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის N021-162 ,,საგადასახადო მოთხოვნა", შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 164770; დღგ 5884 ლარი; საშემოსავლო გადასახადი 80035 ლარი (ძირითადი); ჯარიმა-37286 ლარი; საურავი - 41565 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 სექტემბრის N25542 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული იქნა ი/მ თ.თ (ს/ნ ------- ) საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2016 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება და N021-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ თ.თ ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164770.36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 85919 ლარი, ჯარიმა - 372886 ლარი, საურავი 41565.36 ლარი.

 

შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი პს,,------"(ს/ნ ------). პირველადი დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულება ფიქსირდება ქ. ქუთაისში, მის: -------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788ბ ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა პს,,------" (ს/ნ ------), სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისში, მის: --------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შემოწმების მიერ პს,,------" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: ------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ მაცივრებს 2011 წლიდან იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და შესაბამისად ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14137/2/17) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვილის N3865 ბრძანება; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მშნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოქსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლოს აღნიშვნით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დავის საგანს წარმოადგენს საყინულე მაცივრების ღირებულების გამოსაქვითი ხარჯებიდან ამოღება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან შემმოწმებელმა საყინულე მაცივრების ექსპლუატაციაში შეყვანის დროდ მიიჩნია 2011 და არა 2013, მხარეს წაერთვა ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის კანონმდებლობით მონიჭებული უფლება. 2013 წელს როდესაც ფაქტობრივად მოხდა მაცივრების ექსპლუატაციაში შესვლა მათი ღირებულების გამოქვითვა უნდა მოხდეს სრულად ზედნადებში მითითებული 624 ცალი მაცივრის ყიდვის ღირებულების შესაბამისად (დეკლარაციაში მეწარმეს სრულად გამოქვითული ჰქონდა ღირებულება დღგ-ს გარეშე, თუმცა ამ ოპერაციაზე ანგარიშ ფაქტურა ამოწერილი არ ყოფილა და შესაბამისად არც ჩათვლა არ არის მიღებული).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოში დავა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე . სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სსკ-ის მე-4- მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

მოცემულ შემთხვევაში მიუკერძოებელი არბიტრის თვალით დანახული და შეფასებული ფაქტი გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან განზრახ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენას, რადგან პირის მიერ ქმედების (უმოქმედობის) განხორციელება საკუთარ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ პირი საკუთარი ნებით და გაცნობიერებულად ბატონობს ქმედებაზე (უმოქმედობაზე). შესაბამისად, პიროვნება არ შეიძლება მოქმედებდეს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა არა მას, არამედ სხვა პირს აქვს ქმედებაზე რეალური ბატონობა. განზრახვა არის - პირის მიერ იმის ცოდნა, რასაც იგი აკეთებს. ნებელობა იმისა, რომ განახორციელოს ქმედება (საკუთარი პასუხისმგებლობა ქმედებაზე) და მართლწინააღმდეგობის შეგნება.ანუ, ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა იცოდეს (წინდახედულობის პრინციპით გაითვალისწინოს) ყველა ის გარემოება, რომელიც ქმედების ობიექტურ შემადგენლობას ეკუთვნის.

 

როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყაბა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქრობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

 

საგადასახადო ორგანო, საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, ცხადია უფლებამოსილია საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად: ქონების გადასახადის გადახდა მოთხოვოს გადასახადის გადამხდელს, მაგრამ აღნიშნული უნდა განხორციელდეს კანონთან ზუსტი შესაბამისობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება. საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. ამავე მუხლში 2012 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული (ამოქმედდა 2013 წლის 1-ლი იანვრიდან) საკანონმდებლო ცვლილებით საგადასახადო ორგანოებსა და საგადასახადო ხელისუფლებას მიენიჭა კომპეტენცია - გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დაკისრებული სანქციისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 სექტემბრის N25542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ თ.თ -ს საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2016 წლის 21 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება და N021-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ თ.თ- ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164770.36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 85919 ლარი, ჯარიმა - 37286, საურავი - 41565.36 ლარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 14 ნოემბრის ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი პს,,------". პირველადი დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულება ფიქსირდება ქ. ქუთაისში, მის: -------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788ბ ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა პს,,------", სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისში, მის: -------, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შემოწმების მიერ პს,,------" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის:------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ მაცივრებს 2011 წლიდან იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და შესაბამისად ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას.

 

დადგენილია, რომ მეწარმის მიერ 2011 წელს შეძენილი მაცივრების ღირებულების გათვალისწინება გამოსაქვით ხარჯებში მოხდა 2013 წელს (ექსპლოატაციაში შესვლის პერიოდში).

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვალს N3865 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14137/2/17) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანება; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს და შეფასება არ მისცეს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

 

კერძოდ, დადგენილია რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გამოქვითვა არ მომხდარა წინა პერიოდებში, რადგან 2011 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა.

 

გარდა ამისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადამხდელი 2012 წლიდან სარეცხ საშუალებებს ყიდდა. სასაქონლო ზედნადებებით ირკვევა, რომ მაცივრები რა ფასადაც იყიდა იმავე ფასად გაყიდა 2 წლის შემდეგ და მხოლოდ 2013 წელს აქვს ხარჯებში გამოქვითული.

 

ანალოგიური კატეგორიის საქმეებზე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი სამართალდარღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების პარალელურად ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, კერძოდ, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით (საგადასახადო კოდექსით 269.7 მუხლი). (იხილეთ ანალოგიური - Nბს-463-460 (კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი; Nბს-222-219(კ-14).

 

სასამართლოს მითითებით, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14137/2/17) ი/მ თ.თ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. გათავისუფლდა სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისაგან. საფუძველი - სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე რა წარმოადგენს საურავს, თუმცა არ მსჯელობს რატომ არ შეიძლება აღნიშნული საგადასახადო სანქციისაგან ი/მ თ.თ გათავისუფლება. მაშინ როდესაც იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა ჯარიმისგან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის ჯარიმისგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ყველა სანქციისგან.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ქმედება რის გამოცპირს დაეკისრა სანქცია გამოწვეულია შეცდომით (ან არცოდნით), იგი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ჯარიმისგან, არამედ ძირითადი სანქციისაგან, ვინაიდან, ჯარიმა მას სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული სანქციის გამო დაეკისრა" Nბს-463-460(2კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი; Nბს-222-219(კ-14)).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის არარად აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისაგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრედიტაციას მიკუთვნილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევის ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით. ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე. სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისასდ შეფასება არ მიეცა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო მოთხოვნას სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა რომლებსაც გადაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

 

3.1. აპელანტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ი/მ თ.თ 2012 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 01 აგვისტომდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება, რაზეც შედგა 2016 წლის 21 დეკემბრის აქტი. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანება და N021-162 ,,საგადასახადო მოთხოვნა", რომლითაც გადამხდელს დაერიცხა სულ 164770.36 ლარი. გადამხდელს 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი პს,,------". პირველადი დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულება ფიქსირდება მისამართზე - ქ. ქუთაისი, მის: -------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N00078225788 ზედნადებით გადამხდელმა მიაწოდა პს,,------", სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: ----------. ხოლო დასრულების ადგილი მითითებული არ არის.პს,,------"-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: --------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლუატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი და შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი წლის დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

აპელანტი სასამართლოს მსჯელობას - მოსარჩელე მხარის დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით. არ იზიარებს და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად ,,ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია".

 

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,ამორტიზაცია არ ერიცხება მიწას, ხელოვნების ნიმუშებს, სამუზეუმო ექსპონატებს, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებს (გარდა შენობა-ნაგებობებისა) და სხვა არაამორტიზირებად აქტივებს. ამასთანავე ამორტიზაცია არ ერიცხება 1000 ლარამდე ღირებულების ძირითად საშუალებას და ბიოლოგიურ აქტივს. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალება მთლიანად გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ექსპლუატაციაში გადაეცა, ხოლო ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული." საქართველოს საგადასახო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

 

საქართველოს საგადასახო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება, ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა".

 

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ,,1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში".

 

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ,,1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის 2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებას და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან".

 

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით".

 

აპელანტის მტკიცებით, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს შპს "---------" შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი 2011 წლის 14 ნოებრის N1/11 ზედნადებით, რომლის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულება ფიქსირდება მისამართზე - ქ. ქუთაისი, მის: -----. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N00078225788 ზედნადებით გადამხდელმა მიაწოდა შპს "---------" , სადაც ტრანსპორტირების დაწყების ადგილად ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: ------- . ხოლო დასრულების ადგილი მითითებული არ არის. შპს "---------" მიერ მიწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: -------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ ჩათვალა, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლუატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი და შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული შესაბამისი წლის დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

აპელანტის მითითებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მაცივრები შეიძინა იმ განზრახვით, რომ თვითონ გააგრძელებდა იმავე მაღაზიებში ქუთაისში ნაწარმოები ნაყინის შეტანას, თუმცა იმის გამო, რომ ქუთაისის ნაყინის მწარმოებელმა კომპანიამ ვერ შეძლო პროდუქციის წარმოება. ვერ შეძლო საქმიანობის დაწყება და ამ პროდუქციით მაღაზიათა ქსელის მომარაგება. მაღაზიებისათვის ნაყინის მიწოდება დაიწყო 2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ახალ მიმწოდებელს შპს "---------" შეუთანხმდა ამის შესახებ. რეალურად საქმემ, რის გამოც იყიდა ნაყინის შესანახი მაცივრები, არ იმუშავა და ნაყინის (თბილისის ნაწარმი) შეძენა და მისი შემდგომ მიწოდება შეძლო მხოლოდ 2013 წლიდან. ამასთან აღნიშნა, რომ 2011 წელს საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება საერთოდ არ განუხორციელებია. 2013 წლამდე ახორციელებდა მხოლოდ სარეცხი საშუალებების რეალიზაციას. აუდიტის დეპარტამენტი 01.03.2017 წლის N25255-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შპს "---------" . მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა მისამართზე: ქ. ქუთაისი, მის: ------ და განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე. შპს "---------" წარმომადგენლის განმარტებით შეძენის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წელს მაცივრები უკვე მდებარეობდა სავაჭრო ობიექტებზე და შესაბამისად, შესული იყო ექსპლუატაციაში. აღნიშნული მაცივრების შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით საქონლის სხვა ტრანსპორტირების დაწყების/დასრულების ტერიტორიული ერთეული ვერ დგინდება გარდა მისამართისა - ქ. ქუთაისი, მის: ---------. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებით საყინულე მაცივრები მას რეალიზაციამდე დასაწყობებული ჰქონდა თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში (წარმოადგენს დანართის სახით). მეწარმის წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დგინდება, რომ საყინულე მაცივრები მდებარეობდა სავაჭრო ობიექტებზე. შემოწმების მიერ ასევე გამოთხილი იქნა ინფორმაცია საყინულე მაცივრებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისაგან, რომელთა სავაჭრო ობიექტებზეც განთავსებული იყო აღნიშნული მაცივრები. მათი განმარტებით, მაცივრები მათ ობიექტებზე შემოტანილი იქნა შპს "---------" მიერ და შემდგომ აღნიშნული მაცივრები გადავიდა შპს "---------" საკუთრებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე , შემოწმების მიერ საყინულე მაცივრები ჩაითვალა ექსპლუატაციაში შესულად 2013 წლამდე, მათ რეალიზაციამდე და აქედან გამომდინარე ხარჯი არ ეკუთვნოდა 2013 წლის საანგარიშო პერიოდს.

 

აპელანტის აღნიშვნით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადამხდელი 2012 წლიდან სარეცხ საშუალებებს ყიდდა, სასაქონლო ზედნადებით ირკვევა, რომ მაცივრები რა ფასადაც იყიდა იმავე ფასად გაყიდა 2 წლის შემდეგ და მხოლოდ 2013 წელს აქვს ხარჯებში გამოქვითული ვინაიდან, მოსარჩელის მიერ შეძენილი საყინულე მაცივრები შეძენის მომენტიდან რეალიზაციის მომენტამდე განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებში. შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლუატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი, კანონშესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული და დაკორექტირდა 2013 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ თანხების დარიცხვა კანონშესაბამისია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით განთავისუფლებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გადამხდელი გათავისუფლდეს ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმისგან.

 

რაც შეეხება შეეხება სასამართლოს მსჯელობას საურავთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს პირის სანქციიდან გათავისუფლების შემთხვევაში საურავის გაუქმების ვალდებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის", ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან".

 

ამრიგად, აპელანტი სასამართლოს განუმარტავს, რომ საურავი ერიცხება გადასახადის ძირითად თანხას დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობისათვის, რომლის დარიცხვა ხორციელდება ყოველდღიურად, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნულად გამომდინარე, ვინაიდან სადავო არ არის, რომ დარიცხვა კანონიერია, შესაბამისად ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადამხდელი გაეთავისუფლებინა საურავისგან, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები გადახდილი არ არის და სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება არ შესრულებულა.

 

აპელანტი ასევე სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, მათ შორის სასამართლოს აძლევს დისკრეციულ უფლებამოსილებას გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციისაგან. ასეთ პირობებში სასამართლო უფლებამოსილი იყო თავად მიეღო გადაწყვეტილება და ი/მ თ.თ გაეთავისუფლებინა დარიცხული სანქციისგან სრულად.

 

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავის განმხილველმა ორგანომ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ყველა ფაქტისა და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე, რის გამოც არ არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

3.2. აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და მიიჩნევს, რომ ი/მ თ.თ მიმართ განხორციელებული დარიცვა კანონშესაბამისია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობით, ვინაიდან დავების განხილვის საბჭოს მიერ სსკ-ის 269-ემუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით გადამხდელი გათავისუფლდა ჯარიმისაგან, ის ასევე უნდა გათავისუფლდეს საურავისაგან. სასამართლოს ამგვარ მსჯელობას ვერ გაიზიარებენ, რადგან აღნიშნული ნორმა ორგანოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას. გაათავისუფლოს საგადასახადო კეთილსინდისიერი გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც არ გულისხმობს საგადასახადო ორგანოს ვალდებულებას, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს ზემოაღნიშნული საშეღავათო დანაწესი.

 

აპელანტის მტკიცებით, მითითებული ნორმის საფუძველზე კეთილსინდისიერი გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსულებაა, ისევე როგორც იმის განსაზღვრა თუ სანქციის რომელი სახისგან გათავისუფლება ჩაითვალოს მიზანშეწონილად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არგუმენტია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია გაათავისუფლოს გადამხდელი არა მხოლოდ ჯარიმისაგან, არამედ დარიცხული საურავისაგანაც. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის დავაზე საურავის გაუქმების საკითხი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სხვაგვარად იქნა განმარტებული (იხ. საქმე N3/188-17-20 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქმე N3.ბ 490-2020), სადაც სააპელაციო პალატის მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას Nბს-705(კ-19) 14.11.2019 წელი Nბს 222-219 (კ-14) 07.10.2014 წელი.)

 

აპელანტის თვალსაზრისით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იგნორირებით, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც სსსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მისი გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდაგამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. გადაწყვეტილება არ არის საკამრისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, სახეზეა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე" და ,,ე პრიმა" პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე, სარჩელით დავის საგანს შეადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის N37768 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 22 დეკემბრის N021-162 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების (საჩივარი N14137/2/17) კანონშესაბამისობის დადგენა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გადასახადი წარმოადგენს ბიუჯეტში სავალდებულო, უპირობო ფულად შენატანს, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე (სსკ-ის მე-6 მუხლი). კანონის ძალით გადასახადის გადამხდელი, განსაზღვრული პირობების არსებობისას, ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადახდის ვალდებულება კონსტიტუციური ვალდებულებაა. არასავალდებულო გადასახადი არ არსებობს. პირი ვალდებულია უპირობოდ გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ასგილობრრივი გადასახადები, რომლის მიხედვითაც ეს პირი გადასახადის გადამხდელია.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწყებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას (თითქმის იდენტური შინაარსისა დღეს მოქმედი რედაქციითაც საგადასახადო კოდექსის დასახლებული მუხლი).

 

ამდენად, საგადასახო კოდექსი ნებისმიერი სახლის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობას უკავშირებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტს, რაც ამა თუ იმ პირს აქცევს კონკრეტული გადასახადის გადახდაზე ვალდებულ სუბიექტად. ,,შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, შეიცვალოს ან შეწყდეს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით დადგენილი საფუძვლების არსებობისას. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის უშუალო გარემოებებს განეკუთვნება სუბიექტის გადასახადის გადამხდელად ცნობა, მასთან დაბეგვრის ობიექტის წარმოშობა, შეღავათების არარსებობა და ა.შ. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ნაწილში ყველა ასეთი გარემოება დადგენილია უშუალოდ საგადასახადო კოდექსით, ხოლო ადგილობრივი გადასახადების ნაწილში - როგორც საგადასახადო კოდექსით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული ნოტარიული აქტებით " ( ლ.ნადარაია, ზ. როგავა, კ. რუხაძე, ბ. ბოლქვაძე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი 2-255, usaid, თბილისი, 2012 წ.)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის დარიცხვის არსსა და საფუძვლებს. მითითებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობდა საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის თანახმად, გადასახადის დარიცხვის ერთ-ერთი საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია. ამასთან, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იყო საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილება პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას (იგივე შინაარსისაა დღეს მოქმედი რედაქციითაც აღნიშნული ნორმა).

 

გამსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 02 სექტემბრის N25542 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა თ.თ საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2016 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 22 დეკემბერის N37768 ბრძანება და N021-162 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ი/მ თ.თ -ს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 164770.36 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 85919 ლარი, ჯარიმა 37286 ლარი, საურავი 41565.36 ლარი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2011 წლის 14 ნოემბრის N1/11 ზედნადებით გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს 624 ცალი საყინულე მაცივარი შპს "---------" . პირველადი დოკუმენტის მიხედვით ტრანსპორტირების დაწყება/დასრულებაში ფიქსირდება ქ. ქუთაისი, მის: ---------. აღნიშნული საყინულე მაცივრები 2013 წლის 30 აგვისტოს N0078225788ბ ზედნადებით გადასახადის გადამხდელმა მიაწოდა შპს "---------" , სადაც ტრანსპორტირების დაწყება ასევე მითითებულია ქ. ქუთაისი, მის: -----, ხოლო დასრულება მითითებული არ არის. შემოწმების მიერ შპს "---------" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაცივრები არ მდებარეობდა ქ. ქუთაისში, მის: ------, არამედ განთავსებული იყო სავაჭრო ობიექტებზე და შეძენის ერთ პირობას წარმოადგენდა ამ საყინულე მაცივრების განთავსების ადგილზე დატოვება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მაცივრების ექსპლოატაციაში შეყვანის წელს არ წარმოადგენს 2013 წლის საანგარიშო პერიოდი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ მაცივრებს 2011 წლიდან იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და შესაბამისად ხარჯი არ იქნა გათვალისწინებული 2013 წელს დასაბეგრი მოგების გაანგარიშებისას.

 

დადგენილია, რომ მეწარმის მიერ 2011 წელს შეძენილი მაცივრების ღირებულების გათვალისწინება გამოსაქვით ხარჯებში მოხდა 2013 წელს (ექსპლოატაციაში შესვლის პერიოდში).

 

დადგენილია რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ( საჩივარი N14137/2/17) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 თებერვლის N3865 ბრძანება; დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

პალატის აღნიშვნით, განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დავის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ გამოიკვლიეს და შეფასება არ მისცეს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დადგენილია რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გამოქვითვა არ მომხდარა წინა პერიოდებში, რადგან 2011 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში არავითარ ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა. ამასთან, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ გადამხდელი 2012 წლიდან სარეცხ საშუალებებს ჰყიდდა, სასაქონლო ზედნადებებით ირკვევა, რომ მაცივრები რა ფასადაც იყიდა იმავე ფასად გაყიდა 2 წლის შემდეგ და მხოლოდ 2013 წელს აქვს ხარჯებში გამოქვითული.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო სამართალდარღვევის ცნება და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა).რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით განმარტებულია საგადასახადო სანქციის მნიშვნელობა. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად , საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,გადასახადის გადამხდელს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში და შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ ქმედება რის გამოც პირს დაეკისრა სანქცია გამოწვეულია შეცდომით (ან არცოდნით). იგი უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ჯარიმისაგან, არამედ ძირითადი სანქციისაგან. ვინაიდან, ჯარიმა მას სწორედ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საკისრებული სანქციის გამო დაეკისრა" Nბს-463-460(2კ-17) 20 ივლისი, 2017 წელი; Nბს-222-219(კ-14)).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით (საჩივარი N14137/2/17). ი/მ თ.თ სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან, თუმცა იგი არ გაუთავისუფლებია აღნიშნული ჯარიმის საფუძველზე დაკისრებული საურავისაგან. მართალია ადმინისტრაციული ორგანო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საურავის შესახებ, თუმცა არ მსჯელობს რატომ არ შეიძლება აღნიშნული საგადასახადო სანქციისაგან ი/მ თ.თს გათავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპეაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცებას, რომ პირის ჯარიმისაგან გათავისუფლება, რაც განხორციელდა თავად ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ნიშნავს იმას, რომ უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ყველა სანქციისაგან.

 

რაც შეეხება უშუალოდ სადავო აქტების კანონიერების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასების პროცესში, უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის მომზადების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების კანონიერებას, რადგან ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ამ გარემოების გარკვევას და დასაბუთებას არსებითი არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდეს, მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი ხომ არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის (უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე) იმპერატიული დანაწესის დარღვევას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს/კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტის მიღწევას, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძვნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენიი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება. 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებული იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს ამა თუ იმ გადაწყვეტილებამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთვევაში დაირღვევა სამართლის ნორმისა და ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის პრინციპს ემსახურება ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტის არსებობაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მიხევით, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთან სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით. საქართველოს ფინანსთან სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთან სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში - დავის განმხილველი ორგანოები).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ იქნა გამოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რის გამოც არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა.

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელ დასკვნას, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა გადასახადის გადამხელის საგადასახადო მოთხოვნას სანქციებისგან გათავისუფლების შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საფუძვლიან პრეტენზიას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6 სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტები, სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გათავისუფლებულნი არიან სააპელაციო საჩვრებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ "საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დაადგინა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N6) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32).

 

მოსამართლეები:

შოთა სირაძე,ხათუნა ხომერიკი

ლერი თედორაძე