ბრძანება N 26761
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26761
30 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის” (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 24 მარტის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ოქტომბრის №20235/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) №79900/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 თებერვლის №081-23 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ:
1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწესდებო კაპიტალში გადატანის გზით. აღნიშნული ფინანსური ოპერაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ხშირად გამოიყენება პრაქტიკაში. შესაბამისად, გადამხდელისთვის გაუგებარია რა დამატებითი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა აუდიტი. მიაჩნიათ, რომ საკითხი არ საჭიროებს დამატებით შესწავლას. ითხოვს დარიცხული თანხების გადაანაგრიშებას.
2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს. აცხადებს, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდათ 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწედებო კაპიტალში გადატანის გზით, რასაც ადასტურებს თავად შემმოწმებელი შემოწმების აქტის პირველ საკითხში. აცხადებს, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხადაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, 30 ოქტომბერი 2023 N 26761 ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბეგრილად, ხოლო ასევე ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი მოგების გადასახადი. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27696 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №081-121 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ის” (ს/ნ ---) 2022 წლის 11 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, ასევე ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხი, კერძოდ: აღნიშნულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27696 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 21 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 24 025 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 16 016 ლარით და ჯარიმა 8 009 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 თებერვლის №081-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 ივნისის №14907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 ოქტომბრის №20235/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14907 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27696 ბრძანების აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის საკითხი შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტაცია, რითიც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული კაპიტალის რეალურობის დადგენა და მოცემულ შემთხვევაში სალაროდან გატანილი თანხა, რომელიც ზუსტად ემთხვევა შესამოწმებელი პერიოდის საწყისს ნაშთად დასმული კაპიტალის ოდენობას, ჩაითვლებოდა კაპიტალის შემცირებად. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ,,---თან’’ გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ დანადგარი საბოლოოდ მიწოდებულად ჩაითვლება მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კერძოდ, როდესაც აღნიშნული დანადგარით მოხდება პროდუქციის წარმოება. შემოწმების მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და დადგინდა, რომ შპს ,,---ის’’ შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს წარმოებული პროდუქცია, შესაბამისად დანადგარი ექსპლუატაციაში არ არის გაშვებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ ანალიზისათვის შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის წინა საანგარიშო პერიოდების ბუღალტრული ჩანაწერები. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა 2019 წელს გაანაწილა 2017 წლის შემდგომ პერიოდში მიღებული მოგება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც:
A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბუღალტრულად საწესდებო კაპიტალში ერიცხებოდა 207 784 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2018 წელს წინა საანაგრიშო პერიოდების გაუნაწილებელი ფინანსური მოგების საწედებო კაპიტალში გადატანის გზით.
ასევე, მიუთითებს, რომ აუდიტორმა შემოწმების პროცესში იხელმძღვანელა ხადაზმულ პერიოდში მომხდარი ოპერაციების კვალიფიკაციის შეცვლით. კერძოდ, ხანდაზმულ პერიოდში დაუბეგრავი მოგების გადასახადი ჩათვალა დაბერილად, ხოლო ასევე ჩაუთვლელი ხანდაზმულ პერიოდში გადახდილი მოგების გადასახადი ჩათვალა ჩათვლილად და აღნიშნულის გათვალისწინებით არახანდაზმულ პერიოდში შეამცირა 2019 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში კანონიერად ჩათვლილი მოგების გადასახადი. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების მოხსნას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების და ჩასათვლელი მოგების გადასახადის კორექტირების საკითხში შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27696 ბრძანება არ არის აღსრულებული და საჭიროებს დამატებით შესწავლას.
ამდენად, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არ ეთანხმება შესამოწმებელ პერიოდში სალაროდან გატანილი კაპიტალის ოდენობის, რომელიც დასმული იყო საწყისს ნაშთად, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.
2. არ ეთანხმება ჩასათვლელი მოგების გადასახადის შემცირების შედეგად დარიცხულ მოგების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
№081-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 27 ივნისის №14907 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 ოქტომბრის №20235/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ივნისის №14907 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 49 1; 97; 981; 43; 8 ( 12, 43); 309 (92, 93).