გადაწყვეტილება №18427/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18427/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18427/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 12.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18427/2/2022).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ჩასათვლელი თანხის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტამდე შეძენილ სმფ-ზე მიღებული ჩათვლის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.22 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28069 ბრძანება

 

დარიცხული თანხა: 10 411,38 ლარი.

დღგ - 6 536

ჯარიმა - 3 268

საურავი - 607,38

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.08.2021 წლიდან 1.09.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. შესაბამისად, 20.08.2021 წლიდან 17.09.2021 წლამდე პერიოდში საქმიანობდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც მომჩივანს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 18.10.2021 წლის №036/17 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირების დროს, 2021 წლის აგვისტოს საგადასახადო პერიოდში მიღებული ჰქონდა ჩათვლა 18 729 ლარის ოდენობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთზე. ამასთან, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და დარღვეული ჰქონდა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. ასევე, ვერ წარმოადგინა ინფორმაცია, თუ რა სმფ-ების ნაშთი გააჩნდა დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73- ე მუხლის საფუძველზე და დღგ-ს ჩასათვლელი თანხა განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ შეისწავლა დღგ-ის რეგისტრაციის თარიღამდე შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ასევე, თუ რა საქონელზე მიიღო გადამხდელმა დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით, პროდუქციის ვადებისა და შეძენის თარიღის გათვალისწინებით, განისაზღვრა სმფ-ების ის ნაწილი, რომლის ჩათვლაც ეკუთვნოდა გადამხდელს და ექნებოდა ნაშთად დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში. შედეგად, გადამხდელს დაუკორექტირდა (შეუმცირდა) ჩათვლილი დღგ-ის თანხა. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის №060-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28069 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლებს სამსახური მიუთითებს 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კანონმდებლობა და შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი არ ითვალისწინებს პროდუქციის რეალიზაციის თანმიმდევრობას და რეალიზაციის ვადებს, რომელზედაც დაყრდნობით მოახდინეს აუდიტორებმა ჩათვლების გაუქმება, შესაბამისად, აუდიტორების მიერ გამოყენებული შემოწმების არაპირდაპირი მეთოდი, (რომლის საჭიროებისამებრ და სწორად გამოყენებას ვეთანხმებით) არასწორად არის გამოყენებული. რა თქმა უნდა, დღგ-ის რეგისტრაციის მომენტისათვის ვადაგასული პროდუქციის არსებობაც აუდიტორების მიერ ხელოვნურად არის განსაზღვრული, მაშინ, როდესაც კანონმდებლობით ვადაგასული პროდუქციის არსებობაც არ წარმოადგენს მასზე მიღებული ჩათვლის გაუქმების საფუძველს, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ რეგისტრაციის მომენტში მიღებულია ჩათვლები ვადაგასულ პროდუქციაზე არ არსებობს. აუდიტორების ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის რეალურად არ შეიძლებოდა არსებულიყო აღნიშნული რაოდენობის ნაშთი წარმოადგენს ვარაუდებს და კანონმდებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ობიექტში არ ჩატარებულა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები. იმ შემთხვევაშიც კი თუ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჩატარდებოდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდებოდა სმფ-ის დანაკლისი მაშინ დანაკლისი, რომელზეც მოხდა ჩათვლების გაუქმება უნდა განიხილოს სმფ-ის ერთჯერად მიწოდებად და შესაბამისად განხორციელდეს ჩათვლები. თუმცა, მტკიცებულების ფორმით მომჩივანი განმარტავს, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის რეალურად არსებობდა სმფ-ის ის ოდენობა, რომელზედაც მოხდა ჩათვლების განხორციელება. ვთქვათ დაეთანხმა შემოწმების აქტს და აღიარა დღგ-ს რეგისტრაციის მომენტისათვის იმ რაოდენობის სმფ-ის დანაკლისი, რომელზედაც მოხდა ჩათვლების გაუქმება, შედეგად, აღნიშნული პროდუქციის მიწოდება უნდა დაექვემდებაროს ხელმეორედ დაბეგვრას, რაც დაუშვებელია. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის ასეთი სახით გამოყენება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონმდებლობასთან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა 18 729 ლარის ოდენობით სმფ-ების ნაშთზე. გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და დარღვეული ჰქონდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. ასევე, აუდიტის დეპარტამენტს ვერ წარუდგინა ინფორმაცია, თუ რა სმფების ნაშთი გააჩნდა დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტამდე შეძენილ სმფ-ზე მიღებული ჩათვლის შემცირება მართლზომიერია, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.