გადაწყვეტილება №20862/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20862/2/2023
31 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20862/2/2023).
დავის საგანი:
1. 2019 წლამდე მიღებული ავანსების დაბეგვრის თარიღი;
2. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებული პირის ხელფასად;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 861 973.17 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 164 752
დღგ - 1 170 217
მიწა - არასასოფლო - 871
მოგების გადასახადი - 18 631
საშემოსავლო გადასახადი - 970 949
ქონების გადასახადი - 4 084
ჯარიმა - 1 185 559
საურავი - 511 662.17
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა
23.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №32884 ბრძანება და ამავე თარიღის №081-309 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 8.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაშიფრული ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული და დაბეგრილი ავანსების შესახებ;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2019 წლამდე მიღებული ავანსების დაბეგვრის თარიღი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს ორი საცხოვრებელი კორპუსი ქ. -----------. საჯარო რეესტრის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ------------ში მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტის თვეში. აღნიშნული კორპუსი აშენებულია მიწის ნაკვეთზე, რომელიც შეიქმნა ორი სხვა მიწის გაერთიანების შედეგად. ორივე მიწის ნაკვეთი კომპანიას მფლობელობაში მიღებული აქვს უძრავი ნივთის სანაცვლოდ, მომსახურების ხელშეკრულებით. ამასთან, საწარმოს მიერ აშენებულ ორივე კორპუსში ბინების ნაწილზე დადებულია წინარე ხელშეკრულებები 2018 წლამდე.
შემოწმების შედეგად, 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულია გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2022 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდიდან მშენებლობასთან დაკავშირებული არსებითი ხარჯის გაწევა არ ხდება, ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში ((ავანსი), რიგ შემთხვევებში ეს ორი თარიღი ემთხვევა ერთმანეთს).
შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს მიერ აშენებულ კორპუსებში ბინების ნაწილზე დადებულია წინარე ხელშეკრულებები 2018 წლამდე. შემოწმების შედეგად, აღნიშნულ ოპერაციებზე გამოყენებულია გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2022 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან, ამ პერიოდიდან მშენებლობასთან დაკავშირებული არსებითი ხარჯის გაწევა არ ფიქსირდება, ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადების ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში ((ავანსი), რიგ შემთხვევებში ეს ორი თარიღი ემთხვევა ერთმანეთს).
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ 2019 წლამდე მიღებული ავანსები დაბეგრილია მათი მიღების პერიოდში, რის დასტურადაც შეუძლია წარმოადგინოს 2019 წლამდე დეკლარირებული თანხების გაშიფვრა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, გაშიფრული ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული და დაბეგრილი ავანსების შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლამდე მიღებული ავანსები დაბეგრილია, მიღების პერიოდებში. აღნიშნული საკითხის დასასაბუთებლად, დავის განხილვისას დამატებით მტკიცებულებად წარმოადგენს 2019 წლამდე დეკლარირებული დღგ-ის თანხების გაშიფვრას, რომელიც დამუშავების პროცესშია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, (ამავე მუხლის საგადასახადო კოდექსის 12.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქციის) მე-6 ნაწილის და მე-8 ნაწილის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საჩივარში მითითებულია, რომ 2019 წლამდე მიღებული ავანსები დაბეგრილია, მიღების პერიოდებში, აღნიშნული ინფორმაცი დამუშავების პროცესშია და შეუძლია წარმოადგინოს.
მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაშიფრული ინფორმაცია შესამოწმებელ პერიოდამდე მიღებული და დაბეგრილი ავანსების შესახებ; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მომჩივნის არგუმენტის და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა დარჩეს ძალაში.
2. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებული პირის ხელფასად
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 164 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტებით დასტურდება კომპანიის მიერ თანხების მიღება. შემოწმების შედეგად ჩატარებულია ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულია კომპანიის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის, ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, ასევე, დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
ამდენად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული დოკუმენტებით დასტურდება კომპანიის მიერ აღნიშნული თანხების მიღება. შემოწმების შედეგად ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის, ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, ასევე, დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ ხელფასად.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული თანხები შემოწმებით ჩაითვალა მიღებულად, თუმცა არსებობს ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები, რომელთა მიხედვით, კომპანიას თანხები არ მიუღია. საჩივარზე თანდართულია ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით, სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები ფიზიკური პირებთან, რომლებიც შემოწმებით ჩაითვალა მიღებულად. საჩივართან ერთად წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ შედარების აქტებს, ორივე მხარის ხელმოწერით, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას აღნიშნული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიღებული არ აქვს. რაც იმას ნიშნავს რომ, აღნიშნულ საგადასახადო საკითხზე დარიცხული გადასახადი და ჯარიმა ექვემდებარება გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საჩივარში მითითებულია, რომ კომპანიას გააჩნია დებიტორული დავალიანებები ფიზიკური პირებთან, რის დასადასტურებლადაც წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ შედარების აქტებს, ორივე მხარის ხელმოწერით, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას აღნიშნული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის მიღებული არ აქვს.
მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანებით აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოთ აღნიშნული გარემოებების, მომჩივნის არგუმენტის და სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის პოზიციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა დარჩეს ძალაში.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეეფარდა ჯარიმა სულ 1 185 559 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადში 102 621 ლარი, დღგ-ში 591 306 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 489 241 ლარი და ქონების გადასახადში 2 392 ლარი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №081-309 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 511 662 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას განხორციელებული აქვს ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვან პროექტი იყო როგორც ქალაქისთვის ასევე, მთელი რეგიონისთვის, აღნიშნული პროექტის დასრულება განხორციელდა ვადებში, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების და წესების სრული დაცვით, კომპანიას საქმიანობის პერიოდში არ ჰქონია, სხვა ტიპის რაიმე სამართალდარღვევა. ეკონომიკური საქმიანობის პერიოდში ყოველთვიურად ახდენდა, როგორც საგადასახადო დეკლარაციების ყოველთვიურად წარდგენას ასევე, ბიუჯეტში თანხების გადახდას. თუმცა ბრუნვის სიდიდიდან გამომდინარე მოხდა გარკვეული რიგის უზუსტობები წარდგენილ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების შედეგად დარიცხვა.
ვინაიდან, კომპანიას აქამდე არ ჰქონია საგადასახადო სამართალდარღვევის მსგავსი ფაქტი და ყოველივე გამოწვეულია არცოდნით და შეცდომით, ითხოვს განხორციელდეს გადასახადის გადაანგარიშება და მასზე დარიცხული ჯარიმის და საურავის.
ასევე ითხოვს, შემოსავლების სამსახურის 31.08.2023 წლის №21459 ბრძანების აღსრულებას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს სადავო პირველი და მე-2 საკითხის შესწავლა და სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის შემცირება, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე იმედს იტოვებს, საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და კომპანიის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. 2019 წლამდე მიღებული ავანსების დაბეგვრის თარიღი;
2. ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დარჩენილი თანხის დაკვალიფიცირება ანგარიშვალდებული პირის ხელფასად;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოწმების შედეგად, 2018 წლამდე განხორციელებული რეალიზაციების მიმართ გამოყენებულია გრძელვადიანი კონტრაქტის მარეგულირებელი ნორმები და ამ ნორმებზე დაყრდნობით გაანგარიშებული თანხები დაიბეგრა 2019-2022 წლების დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში. იგივე მიდგომით მოხდა გაანგარიშება მიწის სანაცვლოდ ბარტერული გარიგებების ნაწილშიც. ექსპლუატაციაში ფაქტობრივად მიღების თარიღად შემოწმებით განისაზღვრა 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი, ვინაიდან ამ პერიოდიდან მშენებლობასთან დაკავშირებული არსებითი ხარჯის გაწევა არ ხდება, ხოლო 2018 წლიდან რეალიზებული ბინების ღირებულების დღგ-ით დაბეგვრა მოხდა ხელშეკრულების დადებისა ან/და თანხის ანაზღაურების მომენტში ((ავანსი), რიგ შემთხვევებში ეს ორი თარიღი ემთხვევა ერთმანეთს). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას რეალიზებული აქვს 164 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტებით დასტურდება კომპანიის მიერ თანხების მიღება. შემოწმების შედეგად ჩატარებულია ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულია კომპანიის მიერ მიღებული ყველა შემოსავალი, მათ შორის, ფართების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, ასევე, დოკუმენტურად დადასტურებული ყველა ხარჯი და გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ, ხოლო დარჩენილი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამდენად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
3.შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(4,9);101(1);154(1);272(1,2);275(2,21,22);