გადაწყვეტილება №21770/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21770/2/2023
01 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 31.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21770/2/2023).
დავის საგანი:
1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში აქციზის გადასახადში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
2. მცირე მეწარმეებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება;
3. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (----) გადახდილი თანხის უპროცენტო სესხად განხილვა;
4. ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 602 082 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 318 803
აქციზის გადასახადი - 2 395
მოგების გადასახადი - 172 140
საშემოსავლო გადასახადი - 144 268
ჯარიმა - 148 294
საურავი - 134 985
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნო მომსახურება და აქვს ღვინის მაღაზია. კერძოდ, ქალაქ ---ის ქუჩებზე არსებულ ობიექტზე განთავსებულია მექსიკური რესტორანი, პიცერია, სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და ღვინის მაღაზია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24359 ბრძანება და №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გამოუყენებელი და დაუბრუნებელი აქციზური მარკების ნაწილში აქციზის გადასახადში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გატანილი აქვს აქციზური მარკები (15,000 ერთეული) აქციზით დასაბეგრი საქონლის (ლუდი, ლიქიორი) იმპორტის მიზნით. გაიმპორტებული პროდუქციის რაოდენობა შეადგენს 13 204 ერთეულს. ხოლო 1 796 ცალი აქციზური მარკა პირს აქვს ნაშთად, ადგილზე. ასევე, 570 ცალი ერთეული აქციზით დასაბეგრი პროდუქციის იმპორტი განხორციელებული აქვს აქციზური მარკების გატანიდან 6 თვეზე მეტი ხნის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზის გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიას სწორედ ის რაოდენობა აქციზური მარკა უფიქსირდება ნაშთად, რაც არის სხვაობა მიღებულ და გახარჯულ მარკებს შორის (15,000-13,204=1,796). კომპანიამ პირნათლად გამოიყენა აქციზური მარკები, თუმცა არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მიხედვით, იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. ითხოვს დავის განმხილველმა ორგანომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
2. მცირე მეწარმეებისათვის მომსახურების გაწევაზე გადახდილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება ფაქტების აღწერა
გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. აღნიშნული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „---ს“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს.
შემოწმებით შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები. მათგან ერთ-ერთი ფიზიკური პირის ძირითადი საქმიანობა განსხვავდებოდა შპს „---ის“ მიმართ გაწეულ მომსახურებისგან. სხვა შემთხვევაში, ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ პირს, ასრულებდნენ შიდა ორგანიზაციულ საქმიანობას (ფულის გამოტანა, შეტანა, თანამშრომლებისთვის გადახდა და ა.შ.). ორი ფიზიკური პირის მიერ 2022 წლის 9 თვეში შესრულებული დასუფთავების მომსახურების ღირებულება შეადგენს 120 000 ლარამდე თანხას, მაშინ როცა, დასუფთავების მომსახურებას უწევენ სხვა დაქირავებული პირებიც.
საწარმოს ყველა მათგანისთვის გადახდილი აქვს მცირე ბიზნესის გადასახადი და აღნიშნულ პირებს მცირე ბიზნესით დასაბეგრი შემოსავალი მიღებული აქვთ შპს „---გან“.
შემოწმებამ აღნიშნული ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების სანაცვლოდ თანხის გაცემა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 6 პირზე. რამდენადაც ხსენებული პირები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში (მცირე ბიზნესის სტატუსის მიღებამდე) წარმოადგენდნენ შპს „---ის“ დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებს, შესწავლილ იქნა მათ შესახებ საბუღალტრო პროგრამაში, საბანკო ამონაწერებსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/მონაცემები და აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ ეს ოპერაციები განიხილა დაქირავებით მუშაობად. მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანია 2020 წლიდან ყოველთვიურად ასაქმებდა 100-მდე ადამიანს, რომელთა შრომის ანაზღაურების შესაბამის საშემოსავლო გადასახადს აკავებდა გადახდის წყაროსთან და იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ჯამში გადახდილია 730 000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების დროს, დაქირავებით მომუშავე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ხარვეზი თითქმის არ აღმოჩენილა. პირები, რომლებმაც შემდგომ მიიღეს მცირე ბიზნესის სტატუსი, მანამდე შრომით ურთიერთობაში იყვნენ კომპანიასთან, თუმცა ასრულებდნენ განსხვავებულ საქმიანობებს. ანუ, შრომით ურთიერთობაში მათი ფუნქცია-მოვალეობები იყო განსხვავებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანიას უწევდნენ სხვაგვარ მომსახურებას. ისინი არ ყოფილან დაქირავებით მომუშავე კადრები მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს მიეღოთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო მანამდე მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი კავდებოდა გადახდის წყაროსთან კანონის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირები შემოსავალს იღებენ სხვა კომპანიებიდანაც.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ხსენებული თანხების დარიცხვა მოხდა ექვს ფიზიკურ პირთან მიმართებაში, კერძოდ, ---ის შემთხვევაში, კომპანიას მისთვის ორჯერ ჰქონდა ჩარიცხული მცირე მეწარმის გადასახადი, ---ზე საქვეანგარიშოდ ჰქონდა გაცემული თანხები, ასევე, ჩარიცხული ჰქონდა თანხები სხვადასხვა საჭიროებისათვის (ბინის საფასური, კლუბის მუსიკოსზე გაცემული თანხა, ბაზრობაზე შეძენილი გაზქურა კომპანიისათვის და ა.შ.), ---თვის ჩარიცხული იყო მუშების ავანსი, სხვა პირის მივლინების თანხა და ა.შ. ---ის, ---თვის ერთჯერადად ჩარიცხული იყო მცირე ბიზნესის გადასახადის თანხა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად დაკვალიფიცირება განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო 2020 წლიდან მოყოლებული საშუალოდ ყოველთვიურად ასაქმებდა 100-მდე ადამიანს, რომელთა შრომის ანაზღაურების შესაბამის საშემოსავლო გადასახადს წყაროსთან აკავებდა და იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად და ზუსტად. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტში ფირმას ჯამში გადახდილი აქვს 730 000 ლარამდე ოდენობის საშემოსავლო გადასახადი. შემოწმების დროს, დაქირავებით მომუშავე თანამშრომლების საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით ხარვეზი, თითქმის არ აღმოჩენილა. პირები, რომლებმაც შემდგომ მიიღეს მცირე ბიზნესის სტატუსი, მანამდე შრომით ურთიერთობაში იყვნენ კომპანიასთან, თუმცა ასრულებდნენ განსხვავებულ საქმიანობებს. ანუ, შრომით ურთიერთობაში მათი ფუნქცია-მოვალეობები იყო განსხვავებული, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მიღების შემდეგ კომპანიას უწევდნენ სხვაგვარ მომსახურებას.
მაგალითისთვის, ი/მ ---, რომელიც შემოსავლებს იღებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის თავისი მშობლიური ქვეყნიდან და ის ხშირად დადის სხვა ქვეყანაში თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, 2021 წლის ივლისიდან კომპანიას უწევს შემდეგ მომსახურებას:
თანამშრომელთა სწავლება/ზედამხედველობა საკვები პროდუქტების წარმოების მიმართულებით, კულინარიის ინსტრუქტაჟი, რეცეპტების ოპტიმიზაციაში მხარდაჭერა და კვების უსაფრთხოების ტრენინგი. შრომითი ურთიერთობის დროს კი ის წარმოადგენდა შეფ-მზარეულს და 2021 წლის ივნისში მასთან შეწყვეტილია შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისი დოკუმენტიც მოწოდებული გვაქვს. მან გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეწარმოებინა საქმიანობა. მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, ისევე როგორც სხვა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში:
• მათ ვალდებულება აქვთ აუნაზღაურონ დამკვეთს მიყენებული ზიანი, რაც გამოწვეული იქნება მომსახურების არაჯეროვანი შესრულებით. იგივე ვალდებულება პირებს შრომით ურთიერთობაში არ ჰქონდათ;
• მათ ვალდებულება აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობები უზრუნველყონ საკუთარი ხარჯებით. იგივე ვალდებულება პირებს შრომით ურთიერთობაში არ ჰქონდათ;
• ისინი სამუშაო საათებში შეზღუდულები არ არიან. იგივე ვალდებულება პირებს შრომით ურთიერთობაში არ ჰქონდათ;
• მესამე პირებთან ურთიერთობაში მათ უფლება არ აქვთ გამოვიდნენ დამქირავებლის სახელით. იგივე ვალდებულება პირებს შრომით ურთიერთობაში არ ჰქონდათ; იდენტური გარემოება ფიქსირდება ყველა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზ. პირებზეც, რომლებთან მიმართებაშიც შემოწმების დროს ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის არგუმენტს, რომ დასუფთავების მომსახურებისთვის კომპანიას, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან ერთად, გადახდილი აქვს ანაზღაურება: წარმოადგენს ძალიან მცირე, უმნიშვნელო თანხებს და ის არ უკავშირდება იმ ძირითად სისტემურ ყოველთვიურ მომსახურებას, რაც გათვალისწინებული იყო დასუფთავების მომსახურებით.
ამასთან, გაუგებარია საიდან მოხდა ყველა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზ. პირზე იმ ინფორმაციის მოძიება, რომ ყველა მათგანზე ხდებოდა თანხის საქვეანგარიშოდ გაცემა.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტებთან ერთად, პირები შემოსავალს იღებენ სხვა კომპანიებიდანაც, ეს ყველაფერი შემოწმების დროს იქნა განხილული და ნამსჯელი. შემოსავლების სამსახურმა შემოწმების დროს ეს ფაქტი ერთიან ბაზაში მოიძია. კომპანიას არ ჰქონდა და ვერც ექნებოდა ლეგიტიმური პრეტენზია იმაზე, რომ ამ ადამიანებს სხვა წყაროდან შემოსავალი არ მიეღოთ, რადგან მათ ჰქონდათ მცირე ბიზნესის სტატუსი და დამოუკიდებლად ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. კომპანია მოქმედებდა კანონის შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის არცერთი მუხლი არ დაურღვევია. საგადასახადო კანონმდებლობაში არ იძებნება მუხლი, რომელიც შეუზღუდავს კომპანიას მცირე ბიზნესისგან გარკვეული მომსახურების მიღებას. ისინი არ ყოფილან დაქირავებით მომუშავე კადრები მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს მიეღოთ მცირე ბიზნესის სტატუსი, ხოლო მანამდე მათი შრომის ანაზღაურების შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი კავდებოდა წყაროსთან კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვითხოვთ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული გარემოება, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დარიცხული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.
3. არარეზიდენტი მომწოდებლისთვის (----) გადახდილი თანხის
უპროცენტო სესხად განხილვა ფაქტების აღწერა
საწარმოს 2020 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „---“) ერთჯერადად გადარიცხული აქვს 975 473 ლარი, რომლის საფუძველშიც მითითებულია „ავანსი რესტორნის ავეჯის და აღჭურვილობისთვის“ და შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის ზეპირი განმარტებით, პანდემიის გამო შეფერხდა მოწოდება, ხოლო შემდეგ აღარ იყო აღნიშნული ავეჯის და აღჭურვილობის საჭიროება, ხოლო თანხის მისაღებად დირექტორი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს 2020 წლის მაისი-ივლისის თვეებში არარეზიდენტი მომწოდებლისათვის (იტალია - „---“) გადარიცხული აქვს 975 473 ლარი. დანიშნულების მიხედვით, აღნიშნული თანხა არის ავანსი რესტორნის ავეჯისა და აღჭურვილობისთვის.
შემოწმების დასრულების მომენტისათვის ბუღალტრულად ფიქსირდება მოთხოვნებში. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე საქონლის მიღება არ მომხდარა. ასევე, შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას.
შემოწმებამ ხსენებული თანხა განიხილა არარეზიდენტისთვის გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივნის განმარტებით, ხელშეკრულება იტალიურ კომპანია „---.“-სა და შპს „---ს“ შორის დადებულია 2020 წლის 30 აპრილს.
შეთანხმების თანახმად, -----ს უნდა მოეწოდებინა ჯამში 939 110.63 ევროს ღირებულების აღჭურვილობა. აღჭურვილობის ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებაში. სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის პირობები აღწერილია ხელშეკრულების მე-3 მუხლში. საწყის ეტაპზე, შეკვეთისას, კომპანიამ მომწოდებელს გადაუხადა ღირებულების 30% ავანსის სახით (281 733 ევრო), რომელმაც შეადგინა 975 473 ლარი. ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა რაოდენობის და სახის საქონელი უნდა მოეწოდებინა იტალიურ კომპანიას. 2020 წელს დაიწყო კოვიდ პანდემია, რომელიც იყო ფორს-მაჟორი და ამიტომ, კომპანიამ შეცვალა თავისი სამოქმედო სტრატეგია: რესტორნების მოწყობა, ბრენდინგი, დიზაინები, რათა გამკლავებოდა პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს. ამ მიზეზით, მხარეებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება, რათა შეცვლილიყო იმ საქონლის ჩამონათვალი, რაც თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. 2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის ნოემბერში მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ გადარიცხული თანხა კვლავ წარმოადგენდა მომწოდებლის დავალიანებას, მიღებულ ავანსს და მომწოდებელი ელოდებოდა შეცვლილი საქონლის ჩამონათვალს.
2023 წლის მაისში მოხდა დამატებითი შეთანხმება, რის მიხედვითაც, მომწოდებელი 2024 წლის იანვრის ბოლომდე ან დააბრუნებდა გადახდილ თანხას ან საპირწონედ მოაწვდიდა ხელახლა შეთანხმებულ საქონელს. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ავანსის ნამდვილობა და მიზეზი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის სამართლებრივი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიზეზს და ნამდვილობას. გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული დოკუმენტი წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს მხარეებს შორის შეთანხმებას განსაზღვრული რაოდენობის საქონლის მიწოდებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ აღნიშნული ოპერაცია დღემდე წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას და არ მომხდარა თანხის უკან დაბრუნება, არ დასტურდება დოკუმენტურად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ხელშეკრულება იტალიურ კომპანია ---სა და „---“-ს (შემდგომში „----“) შორის დადებულია 2020 წლის 30 აპრილს (იხ. დანართი #1). შეთანხმების თანახმად, ---თვის უნდა მოეწოდებინა ჯამში 939,110.63 ევროს ღირებულების აღჭურვილობა. აღჭურვილობის ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებაში. სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის პირობები აღწერილია ხელშეკრულების მე-3 მუხლში. საწყის ეტაპზე, შეკვეთისას, ---მა მომწოდებელს გადაუხადა ღირებულების 30% ავანსის სახით, ჯამში 281,733 ევრო, რომელმაც ლარში შეადგინა 975,473 ლარი.
ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი, თუ რა რაოდენობის და სახის საქონელი უნდა მოეწოდებინა ---თვის იტალიურ კომპანიას. 2020 წელს დაიწყო კოვიდ პანდემია, რომელიც იყო ფორს-მაჟორი და ამიტომ, ---მა შეცვალა თავისი სამოქმედო სტრატეგია: რესტორნების მოწყობა, ბრენდინგი, დიზაინები, აბსოლუტურად ყველაფერი, რათა გამკლავებოდა პანდემიის დროს წარმოშობილ სირთულეებს, ამ მიზეზით, ----სა და ---ს შორის მიდიოდა შეთანხმება, რათა შეცვლილიყო იმ საქონლის ჩამონათვალი, რაც ხელშეკრულებით იყო უწინ გათვალისწინებული. ფაქტია, რომ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება აღნიშნული ავანსის ნამდვილობა და მიზეზი. აღნიშნული ოპერაცია აკმაყოფილებს ავანსის აღიარებისა და განმარტების კრიტერიუმებს IFRS სტანდარტების შესაბამისად.
ამასთან ერთად, შეგვიძლია მოვიშველიოთ ფინანსთა მინისტრის 996 ბრძანებით (გადასახადების ადმინისტრირების შესახებ) გათვალისწინებული ოთხი ძირითადი პირობა ავანსის აღიარებისთვის (შესაძლოა, დღგ-ის მიზნებისთვის არის აღნიშნული განმარტება, თუმცა ემთხვევა საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულ განმარტებებს):
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი / გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელის / გასაწევი მომსახურების რაოდენობა / მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელის / გასაწევი მომსახურების ღირებულება;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი / გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ---ის მიერ განხორციელებული ოპერაცია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას აღნიშნული გარემოება, რაც გამოიწვევს ბიუჯეტის წინაშე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების და დარიცხული სანქციების კორექტირებას/შემცირებას.
4. ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემულ ხელფასსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენა ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისაგან. შემოწმების შედეგად გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ ოთხ ფიზიკურ პირზე გაცემული ხელფასი განსხვავდება დეკლარირებულისაგან. გადამხდელს აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ ფიზიკურ პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება არ იყო შესაბამისად დეკლარირებული. შესაბამისად, არ ჰქონიათ შესაძლებლობა, გადაემოწმებინა წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტე. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ -----ზე საბუღალტრო პროგრამაში გაცემული ხელფასის თანხები განსხვავდებოდა დეკლარირებულისაგან ჯამურად 35 196 ლარით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებელს არც შემოწმების პერიოდში და არც შემოწმების დასრულებისას არ მოუწოდებია დეტალური ინფორმაცია, თუ რომელ ფიზ. პირებზე გაცემული შრომის ანაზღაურება არ იყო შესაბამისად დეკლარირებული. შესაბამისად, არ ჰქონია შესაძლებლობა გადაემოწმებინა წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 3.10.2023 წლის №24359 ბრძანება და №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.12.2023 წლის №31471 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 73 (4,9); 101; 154; 982.