გადაწყვეტილება №20673/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20673/2/2023
13 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20673/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №CB1491148 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20782 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 102.16 ლარი.
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა სასტუმრო მომსახურების გაწევა "------"-ში . 17.07.2023 წელს, მომჩივანმა, სმფ-ების ჩამოწერის დადასტურების მიზნით, ელექტრონული განცხადებით (ID: "------" ) მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. ჩამოწერის პროცედურის განხორციელებისას დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 6 102.157 ლარი, რაზეც მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.07.2023 წლის №CB1491148 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 102.157 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირელი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის,აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით და მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სასტუმრო მომსახურების გაწევა "-------"-ში . სასტუმრო ასევე ეწევა მისი დამსვენებლებისთვის კვების მომსახურებას, საჭირო მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესყიდვას. 23.05.2023 წელს კომპანიას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და აღდგა 8.06.2023 წელს. ამის გამო კომპანიას გაუფუჭდა მალფუჭებადი პროდუქტები. ორგანიზაციის მიერ შეცდომით მოხდა აღნიშნული გაფუჭებული პროდუქციის თვითნებური განადგურება/გადაყრა. მიმდინარე წლის ივლისში, კომპანიის მიერ პირველად იქნა ატვირთული შეტყობინება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ. ჩამოსაწერ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში შეცდომით იქნა მითითებული 2023 წლის მაისში ელექტროენერგიის გათიშვისას გაფუჭებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებიც.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
ამავე ინსტრუქციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო განცხადებისა და შესაბამისი დანართის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ,,სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის შედგენის და საგადასახადო ორგანოს მიერ მისი დადასტურების შესახებ”, რომელსაც ამავე ვადაში ელექტრონულად ან/და ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარუდგენს გადასახადის გადამხდელს. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადასახადის გადამხდელისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი“ ითვლება დადასტურებულად.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 5.09.2023 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 17.07.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განცხადებით ID: "--------" მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. 20.07.2023 წელს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ------, რომლის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება. ჩამოწერის პროცედურის განხორციელებისას დანაკლისმა შეადგინა 6 102.157 ლარი, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1491148, რომლითაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 6 102.157 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად შეეფარდა ჯარიმა და არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ორგანიზაციის მიერ შეცდომით მოხდა აღნიშნული გაფუჭებული პროდუქციის თვითნებური განადგურება/გადაყრა. მიმდინარე წლის ივლისში, კომპანიის მიერ პირველად იქნა ატვირთული შეტყობინება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ. ჩამოსაწერ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებში შეცდომით იქნა მითითებული 2023 წლის მაისში ელექტროენერგიის გათიშვისას გაფუჭებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობებიც.
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა, სმფ-ების ჩამოწერის დადასტურების მიზნით, ელექტრონული განცხადებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს. ჩამოწერის პროცედურის განხორციელებისას დანაკლისმა სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 6 102.157 ლარი, რაზეც მომჩივანს,შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად შეეფარდა ჯარიმა და არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
145(6,7),279(3).