ბრძანება N 3595

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.03.2023
№ დოკუმენტი 3595
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3595

24.02.2023

"-------" (პ/ნ -------- )

(მის:--------- )

2023 წლის 10 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18), განიხილა "--------" (პ/ნ ----------) №77892/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 4 იანვრის № "---------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხულ იმპორტის გადასახდელს (59,78 ლარი).

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ პირადი მოხმარების მიზნით, ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიიდან გამოიწერა ტანსაცმელი, რომლის ჯამური ღირებულება არ აღემატებოდა 300 ლარს და წონა იყო 7 კილომდე. მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე შარვალი ჰქონდა გამოწერილი, ჩაითვალა, რომ კომერციული დანიშნულებისთვის იყო გამოწერილი. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საქონელი გამოიწერა საახალწლო საჩუქრებად და შესაბამისად მიაჩნია, რომ მისი დეკლარირება არ უნდა მომხდარიყო და სადავოდ ხდის დღგ-ის (59,78 ლარის ოდენობით) დარიცხვას.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობას, №"--------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ისა და დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავ შპს „-----“ შემოიტანა ფიზიკური პირი "-------" (პ/ნ -----------) სახელზე დამისამართებული №--------1 საფოსტო გზავნილი, რომელშიც მოთავსებული საქონლის (11 ერთეული ტანსაცმელი (მათ შორის 9 ცალი შარვალი და 1 ცალი კაბა), 1 ხელჩანთა, 1 ცალი ბიჟუტერია) საერთო ღირებულება არ აღემატებოდა 300 ლარს.

ვინაიდან "---------" საფოსტო გზავნილში მოთავსებული ზემოთ ჩამოთვლილი საქონელი თვისებრივი მახასიათებლისა და რაოდენობის გათვალისწინებით ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად, დაექვემდებარა სავალდებულო დეკლარირებას

გამომდინარე იქიდან, რომ "---------- ის " სახელზე შემოტანილ საფოსტო გზავნილში განთავსებული ნივთები ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად,"---------" ვერ ისარგებლებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. შესაბამისად, 2022 წლის 4 იანვარს დარეგისტრირდა №"---------" საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და მას განესაზღვრა იმპორტის გადასახადი 1.71 ლარი და დღგ 59.78 ლარი, ჯამში 61.60 ლარის ოდენობით.

დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორეს "---------" დაეთანხმა ხელმოწერით და საფოსტო გზავნილს დატოვებული აქვს საბაჟო კონტროლის ზონა.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 47-ე ნაწილის თანახმად, ტერმინი იმპორტი განიმარტება, როგორც საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან. ამავე მუხლით დადგენილია, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, მისი თვისებრივი მახასიათებლისა და რაოდენობის გათვალისწინებით ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსეობს და საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის იმპორტი ექვემდებარება იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას.

ამდენად, ვინაიდან მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დეკლარირება მართლზომიერია

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და დარიცხული იმპორტის გადასახდელი შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1."---------" (პ/ნ "---------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.