გადაწყვეტილება №25596/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25596/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------------ი“ (ს/ნ 405079686)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------ის“ 5.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25596/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №006-182 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.07.2025 წლის №16787 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 115 525,21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 57 873,47
დღგ - 15 704,49 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 42 168,98
ჯარიმა - 28 194,50
საურავი - 29 457,24
ფაქტების აღწერა
მომჩივანი ეწევა სატელეკომუნიკაციო საქმიანობას. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 8.01.2015 წელს, 15.10.2015 წლიდან - დღგ-ის გადამხდელად.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 20.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას 2015 წლიდან „------------“-თან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე გაავრცელოს არხები „----“, „-----“ და „-----“. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ახორციელებს არხების ლიცენზირებას ადგილობრივ ოპერატორებზე.
შესაბამისად, კომპანიას გაფორმებული აქვს დისტრიბუციის ხელშეკრულება კომპანია -----თან (2022 წლიდან), რომლის საფუძველზეც ზემოთ აღნიშნული სატელევიზიო არხები მიეწოდება აბონენტებს ---- ქსელის საშუალებით, შეთანხმებული ფინანსური და ტექნიკური პირობების შესაბამისად. ასევე ერთჯერადად აქვს განხორციელებული აღნიშნული მომსახურების გაწევა შპს “-------თან”.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულები. დღგ-ის ნაწილში გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 1 044 016 ლარი (შპს „----თან“ და შპს „-----თან“ მიწოდებული მომსახურებები), რაც არ განსხვავდებოდა გამოწერილი საფ-ებისა და შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან.
დამფუძნებელ/დირექტორს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა გაკეთებული 124 557 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების რემონტი (ქალაქი თბილისი , ქუჩა ---ი, №-- სართული №-, ბინა №---- კვ.მ.). გადამხდელის განმარტებით, "საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფისისთვის საჭირო იყო კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა როგორც ყოველდღიური საოპერაციო პროცესებისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორებისა და სტუმრების მიღების მიზნით. ოფისის მოწყობისთვის კომპანიას გამოყენებული ჰქონდა დამფუძნებლის ფართი, რომლის ქირავნობა გათვალისწინებული იყო ხელფასში".
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ტექნიკურ ან პროგრამულ მხარდაჭერას არ უწევდა არც მომწოდებელს და არც დამკვეთს, ასვე შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა ახალი დამკვეთები. კომპანიამ საოფისე ფართის საქმიანობის მიზნებისათვის გამოყენების დადასტურება ვერ შეძლო.
მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე საურავი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 26.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13615 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-182 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.07.2025 წლის №16787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია ეთანხმება შემოწმების აქტით წარმოდგენილ სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნავს, რომ მოცემული არ წარმოადგენდა მიზანმიმართულ ქმედებას.
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიას ჰქონდა მხოლოდ ერთი სახის საოპერაციო საქმიანობა. კერძოდ არარეზიდენტი პირისგან, ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქვს ლიცენზია საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების გავრცელების შესახებ და ეს უფლება გადაცემული აქვს ერთ რეზიდენტ საწარმოზე.
აღნიშნული საქმიანობა, საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით არ მოითხოვდა განსაკუთრებულ ადამიანურ რესურს, ამიტომ კომპანიის დირექტორი წლების განმავლობაში საკუთარი ძალებით, ყოველთვიურად ახდენდა, ერთი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას და შესაბამისი მარტივი დეკლარაციების ყოველთვიურად ჩაბარებას.
სამართალდარღვევა, გამოწვეულია სწორედ იმ გარემოებით, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობისგან განსხვავებული ოპერაციების განხორციელებას ჰქონდა ადგილი. კომპანიის დირექტორის და ერთი დაქირავებული პირის მიერ არ მომხდარა პოტენციური საგადასახადო რისკების შეფასება სათანადოდ, მათთვის არ იყო ცნობილი რომ დაქირავებული პირის საცხოვრებელი სახლის რემონტზე გაწეულ ხარჯებზე დღგ-ის ჩათვლა არ უნდა მომხდარიყო და რომ ეს მის სარგებლად შეიძლება ჩათვლილიყო.
ამასთან, აღსანიშნავია რომ კომპანიის აღწერილი ოპერაციებიდან გამომდინარე, არ იყო საჭირო მუდმივი ოფისის ქირავნობის და შესაბამისი ხარჯების გაწევის აუცილებლობა. კომპანიის პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისთვის ან კომპანიის საქმიანობის სხვა მიზნებისთვის იგეგმებოდა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი სახლი იქნებოდა გამოყენებული, რისთვისაც სარემონტო სამუშაოების ფარგლებში შესაბამისი რეკონსტრუქცია განხორციელდა. ამიტომ, რემონტის ხარჯების გაწევა მოხდა სწორედ კომპანიის მეშვეობით და ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურებიც გამოწერილი იყო მის სახელზე, მათ მიხედვით განხორციელდა ჩათვლა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, კომპანია არ აპირებდა გადასახადის დამალვას, იგი დღესაც თანახმაა გადაიხადოს შემოწმების აქტით და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის ძირი თანხა.
კომპანია და მისი ორი დაქირავებული პირი, არ ყოფილა ინფორმირებული ზემოთ მოცემული საგადასახადო რისკის შესახებ, მათთვის ცნობილი იყო მხოლოდ კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დაბეგვრის და ანგარიშგების წესების შესახებ, რომელსაც წლების განმალობაში სათანადოდ ახორციელებდა. კერძოდ, კომპანიას სრულად აქვს ასახული ყველა რეალიზაციის ოპერაცია დღგ-ის დეკლარაციებში, ასევე გაცემული ხელფასები - საშემოსავლო გადასახადი დეკლარაციებში და შესაბამისი გადასახადები ბიუჯეტში აქვს გადახდილი. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით გამოწვეული დარიცხვები სამწუხაროდ სრულად ადამიანური ფაქტორით და დაბეგვრის საკითხების არ ცოდნით არის გამოწვეული.
მომჩივანი ითხოვს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საგადასახადო ორგანოსთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას (საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით) და კომპანიის გათავისუფლებას საგადასახადო სანქციისგან, ვინაიდან ზემოთ აღწერილი გარემოების გათვალისწინებით სახეზეა, რომ კომპანიას არ ქონია გადასახადის დამალვის განზრახვა და იგი გამოწვეული იყო მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის არცოდნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს 2025 წლის 26 ივნისს გამოცემული №006-182 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული ფინანსური სანქციებისგან (ჯარიმისგან და საურავისგან) გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული, კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიას 2015 წლიდან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე გაავრცელოს არხები . ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია ახორციელებს არხების ლიცენზირებას ადგილობრივ ოპერატორებზე.
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულები. დღგ-ის ნაწილში გადამხდელს დეკლარირებული ჰქონდა 1 044 016 ლარი , რაც არ განსხვავდებოდა გამოწერილი საფ-ებისა და შემოწმებით დადგენილი მონაცემებისაგან.
დამფუძნებელ/დირექტორს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა გაკეთებული 124 557 ლარის (დღგ-ის გარეშე) ღირებულების რემონტი. გადამხდელის განმარტებით, "საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ოფისისთვის საჭირო იყო კომფორტული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო გარემო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა როგორც ყოველდღიური საოპერაციო პროცესებისთვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორებისა და სტუმრების მიღების მიზნით. ოფისის მოწყობისთვის კომპანიას გამოყენებული ჰქონდა დამფუძნებლის ფართი, რომლის ქირავნობა გათვალისწინებული იყო ხელფასში".
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო ტექნიკურ ან პროგრამულ მხარდაჭერას არ უწევდა არც მომწოდებელს და არც დამკვეთს, ასვე შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა ახალი დამკვეთები. კომპანიამ საოფისე ფართის საქმიანობის მიზნებისათვის გამოყენების დადასტურება ვერ შეძლო.
მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე საურავი გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისთვის და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13615 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-182 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16787 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მიზანშეწონილად არ მიიჩნია მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 272(1); 275(2);