გადაწყვეტილება №19186/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19186/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 22.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19186/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2.დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №065-27 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3989 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 30 543 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 15 586
ჯარიმა - 7 628
საურავი - 7 329
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის იანვრის, ივლისის, სექტემბრის და ოქტომბრის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32057 ბრძანება და №065-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3989 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტების აღწერა
კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 8 ნოემბრიდან. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში (2020 წლის იანვრის, ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები) არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმებით ასევე დადგინდა, რომ მიღებული/ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემებისგან, კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დასაკორექტირებელი ჩასათვლელი თანხის გამო. შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ჩასათვლელი დღგ-ის ოდენობა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 179-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიციას, ვერ დაეთანხმება, რადგან საგადასახადო შემოწმება ჩატარდა არა სრულ კალენდარულ პერიოდზე, არამედ რამდენიმე კონკრეტულ თვეზე. კერძოდ, შემოწმდა 2020 წლის იანვრის, ივლისის, სექტემბრის და ოქტომბრის თვეები. ამ კონტროლირებად ოპერაციებზე კომპანიას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია, გამოწერილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადები, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოიწერა სხვა თვეში, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ საქონლის მიმღებ მხარეს დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია იმ თვეში, რომელიც შესამოწმებელია. შესაბამისად, მატერიალური ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს კომპანიის ამ უმოქმედობით არ მიდგომია. მიაჩნია, რომ ოპერაციაზე, რომელზეც კომპანიას გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები და არ გამოუწერია შესაბამის თვეში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია სხვა თვეში, ბიუჯეტის სასარგებლოდ, თანხის დაკისრება გამოიწვევს არათანაზომიერ შედეგს. დაეკისრა გადასახადის თანხა ოპერაციაზე, რომელზეც იმ თვეში არავის მოუთხოვია ჩათვლა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად:
1. დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმებულია დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეცვლილია დასაბეგრი ოპერაციის სახე;
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ გადამხდელის მიერ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის აღნიშნული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის აღნიშნული.
3. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
4. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების დროს, თუ კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის შედეგად დასაბეგრი ოპერაციის თანხა იცვლება, შესაბამისი კორექტირება უნდა განხორციელდეს კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულყოფილად აქვს დეკლარირებული შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, არ აქვს დაკორექტირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად.
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას და აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში მითითებულ ოპერაციებზე კომპანიას გამოწერილი აქვს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ გამოუწერია, შესაბამისად, საქონლის მიმღებ მხარეს დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია იმ თვეში რომელიც შემოწმებულია და სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული ქმედებით მატერიალური ზიანი არ მიდგომია.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი ქონდა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები, ხოლო დღგ არ ქონდა გადახდილი, ამდენად მოხდა კუთვნილი გადასახადის დარიცხვა. მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 7 628 ლარი და საურავი 7 328.94 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.
შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელი. არ იყო დაინტერესებული დაერღვია კანონი. სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ კონტროლირებად ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოუწერია, რაც თავისთავად, გულისხმობს, რომ საქონლის მიმღებ მხარეს დღგ-ის ჩათვლა არ მიუღია. შესაბამისად, ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს არ მიდგომია. ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის მოხსნას, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად. რადგან დარღვევები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. თუ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
2.დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №32057 ბრძანება და №065-27 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.03.2023 წლის №3989 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 43 (4); 269 (1,7); 270 (1,2); 272 (1); 275 (2)
2021 წლამდე მოქმედი 160;161;171;173;174;179.