ბრძანება N 9645
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9645
01 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 24 იანვრის და 25 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 20 თებერვლის, 12 და 26 მარტის სხდომებზე (ოქმები: №17, №22, №26) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 24 იანვრის №100311/1/2026 და 25 მარტის დაზუსტებული №101470/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №006-592 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში დარიცხულ დღგ-ს და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● ბარტერულ ოპერაციასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმებით განხორციელდა ბარტერის ხელშეკრულებების ღირებულებების კორექტირება და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, მაშინ როდესაც კომპანიასა და მიწის მესაკუთრეებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირებს, 2018 წელს გაფორმდა ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის (ბარტერის) ხელშეკრულებები, სადაც მიწოდების სხვა პირობებთან ერთად, განისაზღვრა გასაცვლელი ქონების/მომსახურების ღირებულებები.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმების მიერ რიგ შემთხვევებში, დაბეგრილია ისეთი ოპერაციებიც, რომლებიც წარმოადგენს ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წელს ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაფორმებული ქონების სანაცვლოდ, 2022 წლის ჩანაცვლების ხელშეკრულებების საფუძველზე, ქონების ჩანაცვლების ოპერაციებს. აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე ქონება გადაფორმებულია 2021 წელს, ამდენად აღნიშნული ოპერაციები დაბეგვრას ექვემდებარება გადაცემის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში 2021 წელს და არა ჩანაცვლების ხელშეკრულების საფუძველზე სანაცვლოდ ქონების გადაცემის მომენტში 2022 წელს და შესაბამისად, ასეთი ოპერაციების ნაწილში დარიცხული დღგ უნდა დაექვემდებაროს სრულად შემცირებას.
მიწის სანაცვლოდ მიწოდებული მომსახურების ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ სადავო ბარტერის ოპერაციების განხორციელების პერიოდში, 2018 წელს, მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა ბარტერის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასებით, ვინაიდან ეს ფასები წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის (2018 წელი) არსებულ საბაზრო ფასებს. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემმოწმებლის მხრიდან მაინც გადაიხედებოდა ნოტარიულად დამოწმებული ბარტერის ხელშეკრულებების ფასები, იმის გათვალისწინებით, რომ ბარტერის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2018 წელს, მიწოდებული მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურების ღირებულებების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა უნდა განხორციელებულიყო კომპანიის მიერ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების და მარჟის (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართის (კვ.მ.) პროპორციულად, რასაც ითვალისწინებდა იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა და რისი პრაქტიკაც არსებობს შემოსავლების სამსახურში.
● წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ავანსებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელს შეუმოწმებელ ხანდაზმულ პერიოდზე 01.05.2021-01.01.2022) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით რეალიზებული ჰქონდა გარკვეული ფართები, რომელთა ფარგლებში მიღებული ავანსებიც დეკლარირებული იყო შესაბამის პერიოდში, თუმცა ეს თანხები დღგ-ის დეკლარაციის ავანსების გრაფის ნაცვლად მითითებული იყო რეალიზაციის გრაფაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამ პერიოდებზე დღგ-ით დასაბეგრი მხოლოდ მიღებული ავანსი ჰქონდა. მიუთითებს, რომ შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, აღნიშნული თანხა ასევე გათვალისწინებულია მიღებულ თანხებში და შემოწმების პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირებულია დირექტორის ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და არ არის გათვალისწინებული (განაშთული) 2021 წლის შესაბამის პერიოდში დეკლარირებული თანხები. მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებით მოცული პერიოდზე დარიცხული დღგ უნდა შემცირდეს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხებით.
● მომჩივანი აცხადებს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- მიწოდებულია უძრავი ქონება ჯამში 695 კვმ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 69 500 ლარით. შემოწმებით განხორციელდა მიწოდებული ქონების ღირებულების კორექტირება და შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 1 146 500 ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ასევე, ხელფასის სახის განაცემად დაკვალიფიცირებული თანხები. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ პირზე გადაცემული ფართები წარმოადგენდა ნულოვან სართულზე განლაგებულ ღია ავტოფარეხებისთვის განკუთვნილ ფართებს და ღირებულება რაც შემოწმებით იქნა განსაზღვრული რადიკალურად განსხვავდება გადაცემულო ფართების რეალური ღირებულებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წელს, ხოლო თანხა ანაზღაურებულია 2021 წელს. მომჩივნის განმარტებით, საბაზრო ფასის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული ნასყიდობის ოპერაციის პერიოდი და პირობები, რაც გავლენას ახდენს სარეალიზაციო ფასის ფორმირებაზე, კერძოდ: ფართის მოცულობა, ფართის ინდივიდუალური მახასიათებლები, მიწოდების კონდიცია, გადახდის პირობები და აშ. შესაბამისად, გადაცემული ქონების საბარო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს წინარე ნასყიდობის თარიღით (2020 წელი), ქონების დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. დამატებით აღნიშნავს, რომ იმავე ნულოვან სართულზე კომპანიას იდენტური ქონება მიწოდებულია არაურთიერთდამოკიდებულ პირზე ალექსანდრე სუხიშვილზე 2025 წლის 21 მარტს და შემოწმებით აღნიშნული ქონების ღირებულების ცვლილება არ მომხდარა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შეეძლო ეხელმძღვანელა აღნიშნული ღირებულებით. მომჩივანი აცხადებს, რომ შეუძლია გადაცემული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოადგინოს შესაბამისი კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა, რათა განხორციელდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ასევე საჩივარს თან ურთავს შესაბამის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და მიღებული თანხის „შემოსავლის ორდერს”.
2. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლები და საბოლოო მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების შემთხვევაში კომპანია ახდენდა მათ დაწყვილებას ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან, რაც გამორიცხავს ჩათვლების ორმაგად მიღების შესაძლებლობას. გადამხდელი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია თუ კონკრეტულად რომელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით არის მიღებული დუბლირებული ჩათვლები და ითხოვს საკითხის შემმოწმებლებთან ერთად გავლას.
3. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ ფულადი სახსრების გასავლის ნაწილში არ არის გათვალისწინებული შედეგი თანხები: როგორც 2021 წლის ბოლოსათვის გადაუხდელი სესხის ძირი და პროცენტი, ასევე შესამოწმებელ პერიოდში აღებული და დაბრუნებული სესხის თანხები; აგრეთვე, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სესხები, რომელთა დაბრუნება შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა; კრედიტორული დავალიანების ნაშთები, რაც შესამოწმებელ პერიოდში იფარებოდა; ასევე, ქონების ღირებულება, რაც გასხვისებულია ფინანსური ვალდებულების გასაქვითად; მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივანი ითხოვს, რომ საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტების და გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების გათვალისწინებით მოხდეს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების შემცირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ნოემბრის №24916 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28648 ბრძანება და ამავე თარიღის №006-592 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 759 566 ლარი, მათ შორის გადასახადი 3 914 611 ლარი, ჯარიმა 2 000 222 ლარი და საურავი 844 732 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა -------, -------, -------. გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებდა. საწარმომ მშენებლობა განახორციელა ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის მესაკუთრეებს გადასცა ბინები, ფართები და ავტოფარეხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო საბანკო ამონაწერები, რომლის ანალიზითაც დადგინდა, რომ ფიზიკური პირები საწარმოს ურიცხავდნენ ბინების ღირებულების ნაწილს (ავანსებს). გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გზით. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2021 წლის პირველი მაისადან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) გადასახადის გადამხდელის მიერ არ/ვერ იქნა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები/საბუღალტრო პროგრამა/დეკლარირებული დღგის დეტალური გაშიფვრა. შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და რეალიზებული იყო ბინები/ავტოფარეხები. საგადასახადო შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა წინა შემოწმების მასალებს და განაშთულ იქნა წინა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში ავანსის სახით დაბეგრილი თანხები, ხოლო 2021 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, თუ რა თანხები იყო დაბეგრილი დღგ-ით. 2023 წლის აპრილში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- (პ/ნ -------) რეალიზებული იყო ფართები საბაზროზე ნაკლებ ფასში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე, 163-ე, მე-18, მე-19 და 73-ე მუხლებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მოხდა საწარმოს მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, ასევე დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22308 ბრძანებით საწარმოს სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, 2025 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ. ოქმის მიხედვით, საწარმოს არ გააჩნდა სალარო და ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, შემოწმებამ ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა მის ხელთ არსებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი (გამოქვითვების გამოკლების გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი თანხა), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას; ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს; ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა; ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა -------, გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებდა. საწარმომ მშენებლობა განახორციელა ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის მესაკუთრეებს გადასცა ბინები, ფართები და ავტოფარეხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო საბანკო ამონაწერები, რომლის ანალიზითაც დადგინდა, რომ ფიზიკური პირები საწარმოს ურიცხავდნენ ბინების ღირებულების ნაწილს, ავანსებს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გზით. საგადასახადო შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა წინა შემოწმების მასალებს და განაშთულ იქნა წინა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში ავანსის სახით დაბეგრილი თანხები, ხოლო 2021 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, თუ რა თანხები იყო დაბეგრილი დღგ-ით. 2023 წლის აპრილში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- რეალიზებული იყო ფართები საბაზროზე ნაკლებ ფასში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ბარტერული ოპერაციის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ბარტერის ხელშეკრულებების ღირებულებების კორექტირებას და მიუთითებს, რომ კომპანიასა და მიწის მესაკუთრეებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირებს, 2018 წელს გაფორმდა ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის (ბარტერის) ხელშეკრულებები, სადაც მიწოდების სხვა პირობებთან ერთად, განისაზღვრა გასაცვლელი ქონების/მომსახურების ღირებულებები.
- მიწის სანაცვლოდ მიწოდებული მომსახურების ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ სადავო ბარტერის ოპერაციების განხორციელების პერიოდში, 2018 წელს, მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებას უნდა ეხელმძღვანელა ბარტერის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასებით, ვინაიდან ეს ფასები წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის (2018 წელი) არსებულ საბაზრო ფასებს. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემმოწმებლის მხრიდან მაინც გადაიხედებოდა ნოტარიულად დამოწმებული ბარტერის ხელშეკრულებების ფასები, იმის გათვალისწინებით, რომ ბარტერის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2018 წელს, მიწოდებული მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურების ღირებულებების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა უნდა განხორციელებულიყო კომპანიის მიერ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების და მარჟის (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართის (კვ.მ.) პროპორციულად, რასაც ითვალისწინებდა იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა და რისი პრაქტიკაც არსებობს შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ბარტერული ოპერაციის ფარგლებში კომპანიის მიერ სამშენებლო მომსახურების გაწევა განხორციელდა 2021 წლამდე საკუთრებაში მიღებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღგ-ით დასაბეგრი დრო განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის შესაბამისად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს მომსახურების გაწევის (დასრულების) მომენტი. მომსახურების გაწევის მომენტად კი მიჩნეულ უნდა იქნას ის მომენტი, როდესაც მომსახურების გამწევის მიერ შესრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და დადგება ყველა პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა შორის, მაგრამ არაუგვიანეს მომენტისა, როდესაც მომსახურების მიმღები ფაქტობრივად მიიღებს მომსახურებას. ხოლო ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ბარტერული ოპერაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ავანსებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, გადასახადის გადამხდელს შეუმოწმებელ ხანდაზმულ პერიოდზე (01.05.2021-01.01.2022) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით რეალიზებული ჰქონდა გარკვეული ფართები და შესაბამის პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა ამ ფართების ნაწილში მიღებული ავანსები, თუმცა ეს თანხები დღგ-ის დეკლარაციის ავანსების გრაფის ნაცვლად მითითებული იყო რეალიზაციის გრაფაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამ პერიოდებზე დღგ-ით დასაბეგრი მხოლოდ მიღებული ავანსი ჰქონდა. მიუთითებს, რომ შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და არ არის გათვალისწინებული (განაშთული) 2021 წლის შესაბამის პერიოდში დეკლარირებული თანხები. მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებით მოცული პერიოდზე დარიცხული დღგ უნდა შემცირდეს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული დაბეგრილი ავანსის თანხებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ქონების ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, შესამოწმებელ პერიოდში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- მიწოდებულია ქონება ჯამში 695 კვმ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 69 500 ლარით. შემოწმებით განხორციელდა მიწოდებული ქონების ღირებულების კორექტირება და შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 1 146 500 ლარი. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ პირზე გადაცემული ფართები წარმოადგენდა ნულოვან სართულზე განლაგებულ ღია ავტოფარეხებისთვის განკუთვნილ ფართებს და ის ღირებულება რაც შემოწმებით იქნა განსაზღვრული რადიკალურად განსხვავდება გადაცემული ფართების რეალური ღირებულებისგან. მომჩივნის განმარტებით, საბაზრო ფასის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული ნასყიდობის ოპერაციის პერიოდი და პირობები, რაც გავლენას ახდენს სარეალიზაციო ფასის ფორმირებაზე, კერძოდ: ფართის მოცულობა, ფართის ინდივიდუალური მახასიათებლები, მიწოდების კონდიცია, გადახდის პირობები და აშ. შესაბამისად, გადაცემული ქონების საბარო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს წინარე ნასყიდობის თარიღით (2020 წელი), ქონების დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. დამატებით აღნიშნავს, რომ იმავე ნულოვან სართულზე კომპანიას იდენტური ქონება მიწოდებულია არაურთიერთდამოკიდებულ პირზე ალექსანდრე სუხიშვილზე 2025 წლის 21 მარტს და შემოწმებით აღნიშნული ქონების ღირებულების ცვლილება არ მომხდარა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შეეძლო ეხელმძღვანელა აღნიშნული ღირებულებით. მომჩივანი აცხადებს, რომ შეუძლია გადაცემული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოადგინოს შესაბამისი კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა, რათა განხორციელდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ასევე საჩივარს თან ურთავს შესაბამის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და მიღებული თანხის „შემოსავლის ორდერს”.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ზემოაღნიშნული ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით შემცირდა საწარმოს მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ, ასევე დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომელთა თანახმადაც, ფულადი სახსრების გასავლის ნაწილში გათვალისწინებულ უნდა იქნას შედეგი თანხები: - გადასახადის გადამხდელის მიერ, შესამოწმებელ პერიოდამდე და შემოწმების პერიოდში აღებული შიდა ჯგუფის სესხები. კერძოდ, მომჩივანი აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში სრულადაა დაფარული, როგორც 2022 წლამდე აღებული სესხის ძირის ნაშთი და სესხზე დარიცხული პროცენტი, ისე 2022 წლიდან აღებული სესხები. ასევე, მიუთითებს, რომ შემოწმებამდე პერიოდში კომპანიის მიერ სესხების აღების ნამდვილობა დასტურდება წინა შემოწმების აქტის დანართითაც, რომლის თანახმადაც მიმდინარე შემოწმების წინა პერიოდისთვის კომპანიას უფიქსირდებოდა დასაბრუნებელი სესხის ნაშთი 2 790 801 ლარი და დარიცხული გადასახდელი სესხის პროცენტი 735 988 ლარის ოდენობით. ამასთან, მომჩივანი აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელთა თანახმადაც კომპანიას დაბრუნებული აქვს სასესხო ვალდებულებები 2022 წლის მდგომარეობით და შესაბამისად, ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული უნდა იყოს, როგორც 2021 წლის ბოლოსთვის გადაუხდელი სესხის ძირი და პროცენტი, ასევე შესამოწმებელ პერიოდში აღებული და დაბრუნებული სესხის თანხები;
- კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სესხები, რომელთა დაბრუნება შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა და აღნიშნულზე წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები;
- კომპანიის კრედიტორული დავალიანების ნაშთები, რაც დაფარულია შესამოწმებელ პერიოდში;
- კომპანიის მიერ გასხვისებული ქონების ღირებულება, რომელიც გადაცემულია ფინანსური ვალდებულებების გაქვითვის მიზნით. მომჩივანი აცხადებს, რომ კომპანიას ამ ოპერაციის ფარგლებში არ მიუღია თანხა, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ქონების ღირებულება გათვალისწინებულია ხელფასის სახით დაკვალიფიცირებულ თანხებში და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით;
- აგრეთვე, პირველი სადავო საკითხის (უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები) გადაანგარიშების შემთხვევაში მოხდეს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება.
საჩივრებში მითითებული არგუმენტების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გადასახადის გადამხდელის კაპიტალში შეტანილი თანხების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს ფულის მოძრაობის ხელახალ გაანგარიშებას და ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების შემცირებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), ასევე პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკვშირებით:
ა) ბარტერული ოპერაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსების ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრიივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე;
დ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), ასევე, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების/შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში დარიცხული დღგ;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება.
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებდა. საწარმომ მშენებლობა განახორციელა ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის მესაკუთრეებს გადასცა ბინები, ფართები და ავტოფარეხები. საგადასახადო შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა წინა შემოწმების მასალებს და განაშთულ იქნა წინა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში ავანსის სახით დაბეგრილი თანხები, 2021 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, თუ რა თანხები იყო დაბეგრილი დღგ-ით. 2023 წლის აპრილში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, რეალიზებული იყო ფართები საბაზროზე ნაკლებ ფასში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ზემოაღნიშნული ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით შემცირდა საწარმოს მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ, ასევე დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
3. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით საწარმოს სალაროში ჩატარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, შედგენილ იქნა ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ. ოქმის მიხედვით, საწარმოს არ გააჩნდა სალარო და ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შემოწმების შედეგად მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ბარტერული ოპერაციის ნაწილში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსების ნაწილში, ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 19; 73(5, 9); 101; 154; 163; 164; 175; 176