ბრძანება N 11006

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.05.2023
№ დოკუმენტი 11006
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 11006

17.05.2023

ი/მ ----- ------------ის (ს/ნ -----------)

(იურიდიული მის: ----------------)

(მის: ქ. --------------------------------)

2023 წლის 24 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ი/მ ----- ------------ის (ს/ნ -----------) №69830/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №21-17/27436 გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ 2023 წლის 1 და 7 მარტს შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებებზე მიიღო უარი. წარდგენილი ჰქონდა უძრავი ქონება აუდიტის დასკვნასთან ერთად, რომლის საბაზრო ღირებულება ბევრად აღემატება მის საგადასახადო დავალიანებას და ითხოვა მხოლოდ აღნიშნულზე გავრცელებულიყო საგადასახადო გირავნობა. ითხოვს მხოლოდ კონკრეტულ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის გავრცელებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, ი/მ ----- ------------ს (ს/ნ -----------) 2022 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 165241.90 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 21 დეკემბრის №024-12221 შეტყობინებით ი/მ ----- ------------ის (ს/ნ -----------) მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ი/მ ----- ------------ის (ს/ნ -----------) მიერ ვალის მართვის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა 2023 წლის 1 მარტის და 7 მარტის № 37312/21 და № 40297/21-11 განცხადებები, რომლითაც გადამხდელი ქონების ნაწილზე ითხოვდა გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

გადამხდელის მოთხოვნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელს პასუხი ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №21-17/27436 წერილით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 51663.26 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გაუქმდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ან შემოსავლების სამსახურის უფროსის

გადაწყვეტილებით;

ბ) ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, ამ კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება არ შეიძლება გააუქმოს საგადასახადო ორგანოს უფროსმა, თუ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების მიზნით პირის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის დისკრეციულ უფლებას, რომლის გამოყენებაც განსახილველ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ ----- ------------ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს მხოლოდ კონკრეტულ ქონებაზე გირავნობა/იპოთეკის გავრცელებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად,მომჩივანს (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება .

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

 

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(23); 238(1.2); 239(1.2.7 „ა“); 265; 302(6);