ბრძანება N 12989

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.06.2023
№ დოკუმენტი 12989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12989

12.06.2023

ბრძანება

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 26 დეკემბრის №77586/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის №007-257 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლის ხელფასად განხილვას;

2. არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11116 და 30 ივნისის №17035 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 7 ოქტომბრის №25637 ბრძანება და ამავე თარიღის №007-257 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 465 509 ლარი, მათ შორის, გადასახადი 784 006 ლარი, ჯარიმა 392 103 ლარი, საურავი 289 400 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. შპს „----------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები. გადასახადის გადამხდელის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა შპს „----------“ (მომჩივანი) კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა წარმოადგენს კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურას. შემოწმების პროცესში დანიშნულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურა (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის №15128 ბრძანება), რომლის შედეგებიდან დგინდება, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა მდებარეობს მისამართზე: ---------- (ს/კ: ----------), აპარატურა განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ საწარმოს შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შპს „----------“ კაპიტალში შეტანილი მაინერების რაოდენობა, მათი მოდელების მიხედვით კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე და კრიპტოაქტივის საბაზრო ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებულმა შემოსავალმა შეადგინა 3 853 757 ლარი. რომელიც შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები ნულოვანი გაანგარიშებით. შემოწმებით დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა კაპიტალში 1 024 073 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, ხოლო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენდა კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაიზარდა 2019-2020 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, 2018 წლის ივნისის თვეში კომპანიის დამფუძნებელმა შპს „----------“ განახორციელა შპს „----------“(მომჩივანი) კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურის შეტანა. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურით დადგინდა, რომ აპარატურა, რომელიც მდებარეობს ---------- ში (ს/კ: ----------), განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების მიერ განხორციელებულ დარიცხვას და განმარტავს, რომ დათვალიერების პროცედურით ვერ დადგინდებოდა კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა, რომელიც განთავსებული იყო თაროებზე, იყო თუ არა კრიპტოაქტივის გამოსამუშავებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში. ამასთან, მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურის ნაწილი ყუთიდანაც კი არ იყო ამოღებული. ხოლო დათვალიერების პროცედურის შედეგი არაა საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დათვალიერების პროცედურის ჩატარების თარიღის მდგომარეობა გავრცელდეს ძველ პერიოდზეც. მომჩივანი მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე, არ შეიძლება იყოს მუდმივი რიცხვი, როდესაც იგი ბევრ მდგენელზეა დამოკიდებული და ამასთან, დროთა განმავლობაში კრიპტოაქტივის გამომუშავებას მეტი დრო და სიმძლავრე სჭირდება. გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია შემოწმებამ თუ რომელ კრიპტოაქტივს რა საბაზრო ღირებულება აქვს, ვინაიდან არსებობს კრიპტოაქტივის მრავალი სახეობა, განსხვავდება მათი საბაზრო ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით და ასევე მრავალ კრიპტობირჟაზე განსხვავებულია ფასები. გადამხდელის განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოწმების აზრით, ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეიძლებოდა გაანგარიშებული შემოსავლის მიღება 1 024 073 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკით. მისი განმარტებით, აქტივის ფლობა (თუნდაც ექსპლუატაციაში მისაღებად გამზადებულის) არაა საკმარისი პირობა იმისათვის, რომ შემოწმებამ ჰიპოთეტურად გამოთვალოს, რა შემოსავლის მიღების პოტენციალი გააჩნდა აღნიშნულ აქტივს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიით მომმარაგებელი კომპანიიდან და მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ---------- ში, ---------- საკადასტრო კოდზე 2019 წლის ივლისის თვიდან ფიქსირდება დიდი ოდენობით დენის მოხმარება, თუმცა არის საანგარიშო პერიოდები, როდესაც აღნიშნული ხარჯი არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან შემოწმების ხელთ არსებული დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. რაც შეეხება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებულ შემოსავლს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ობიექტის მისამართსა და საკადასტრო კოდზე დენის ხარჯვა ფიქსირდება 2019 წლის ივლისის თვიდან, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრულია და დარიცხვა განხორციელებულია 2019 წლის იანვრიდან. ასევე, გარკვეულ თვეებში არ ფიქსირდება დიდი ოდენობით დენის მოხმარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის თანახმად:

1. ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

2. საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

3. საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, მაშინ, როდესაც 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა კაპიტალში 1 024 073 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, ხოლო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლის ხელფასად განხილვას;

2. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. კომპანიის დამფუძნებელმა განახორციელა მომჩივანის კაპიტალში 1 024 073 ლარის კომპიუტერული ტექნიკის, კერძოდ, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილ აპარატურის შეტანა. ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის და დათვალიერების პროცედურით დადგინდა, რომ აპარატურა, განთავსებულია თაროებზე კრიპტოაქტივის გამოსამუშავლებლად საჭირო საექსპლოატაციო მდგომარეობაში. ამასთან, გადამხდელმა შემოწმებას არ წარუდგინა ამონაწერი ელექტრონული საფულიდან და არც სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა გამომუშავებული კრიპტოვალუტის რაოდენობის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ამ მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი შემოწმებით მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელი განმარტავს რომ დათვალიერების პროცედურით ვერ დადგინდებოდა კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურა, რომელიც განთავსებული იყო თაროებზე, იყო თუ არა კრიპტოაქტივის გამოსამუშავებლად საჭირო საექსპლუატაციო მდგომარეობაში. ამასთან, მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად განკუთვნილი აპარატურის ნაწილი ყუთიდანაც კი არ იყო ამოღებული. მომჩივანი მიუთითებს, რომ კრიპტოაქტივის გამომუშავების სიმძლავრე, არ შეიძლება იყოს მუდმივი რიცხვი, როდესაც იგი ბევრ მდგენელზეა დამოკიდებული და ამასთან, დროთა განმავლობაში კრიპტოაქტივის გამომუშავებას მეტი დრო და სიმძლავრე სჭირდება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ელექტროენერგიით მომმარაგებელი კომპანიიდან და მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მისამართზე 2019 წლის ივლისის თვიდან ფიქსირდება დიდი ოდენობით დენის მოხმარება, თუმცა არის საანგარიშო პერიოდები, როდესაც აღნიშნული ხარჯი არ ფიქსირდება.

2. შემოწმებით დადგენილ ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზასა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაციები, მაშინ, როდესაც 2018 წლის ივნისის თვეში განხორციელდა კაპიტალში 1 024 073 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის შეტანა, ხოლო კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს კომპიუტერული საშუალებების მართვის საქმიანობები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საანგარიშო პერიოდებზე, რომლებზეც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდება ან ფიქსირდება მცირე/უმნიშვნელო ოდენობით, უზრუნველყოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“, 9); 101(1); 154(1„ა“); 201(1); 205; 275.