გადაწყვეტილება №18238/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18238/2/2022
16.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 18.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18238/2/2022).
დავის საგანი:
აღურიცხავი ფულადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №005-65 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27388 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 241 791 ლარი.
მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი - 154 459
ჯარიმა - 77 230 საურავი - 10 102
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა შერეული საქონლით ვაჭრობა იჯარით აღებულ ფართში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 11 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: დირექტორის მიერ წარდგენილი განცხადების მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრიდან კომპანიას შეწყვეტილი აქვს საქმიანობა, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქონლის ნაშთი არ გააჩნია, ასევე, არ გააჩნია სალაროში ფულის ნაშთი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, გაცემული ხელფასი შეადგენს სულ 6 360 ლარს, ხოლო დივიდენდის განაწილება არ ფიქსირდება. შემოწმების ხელთ არსებული მონაცემების შესაბამისად, მათ შორის, შეძენარეალიზაციასთან მიმართებაში დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის (შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და სალაროში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნულოვანი ნაშთის გათვალისწინებით, განხორციელდა კომპანიის ფულის მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული, მომწოდებლებზე გადახდილი ფულადი სახსრებით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე, დოკუმენტურად დადასტურებული გადახდებით. შემოწმებით დადგენილი იქნა 2022 წლის 1 იანვრისთვის არსებული ფულადი სახსრების ნაშთი, გამოვლენილ ფაქტობრივ ფულადი სახსრების ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა, აღურიცხველი ფულადი ნაკადი, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად (617 836 ლარი, დარიცხული 772 295 ლარი), რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.05.2022 წლის №11799 ბრძანება და №005-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27388 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავის ეტაპზე არ არის წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომ 2022 წლის 1 იანვრისათვის ფულადი სახსრების ნაშთი არის 617 836.0 ლარი, რომელიც შემდგომ ჩათვლილია როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და აგროსილიდან გაანგარიშებულია საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება აგროსილი თანხიდან ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას (აქტში არ არის მითითებული რომელი მუხლით ან საკანონმდებლო ნორმით ხელმძღვანელობს შემმოწმებელი, რომ აგროსილი თანხიდან უნდა მოხდეს გადასახადის გაანგარიშება). იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი დაიწყებს გადასახადის გადახდას, დირექტორს მოუწევს თანხის უკან დაბრუნება და ბიუჯეტში გადარიცხვა, ამ შემთხვევაში გამოვა, რომ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი იქნება 25%, ნაცვლად საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 20%-ისა. ასევე, შემმოწმებლებს არ აქვთ გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლიდან და ფუნქციონირებდა 2008 - 2015 წლებში, 2014 წლის პერიოდში შეძენილია 853 910.0 ლარის საქონელი, აქედან საქონლის მომწოდებლები გასტუმრებული იქნა ნაწილობრივ და დარჩენილი იქნა გადასახდელი ვალდებულება 584 239.9 ლარი, რომელიც გადახდილი იქნა დირექტორის და დამფუძნებლის მიერ. გამომდინარე აქედან, როდესაც ხდება საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი თანხის გაანგარიშება, დასაბეგრ თანხას უნდა გამოაკლდეს 584 239.9 ლარი და ამის შემდგომ გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადის თანხა. შემმოწმებლებს ასევე, არ გაუთვალისწინებიათ ის გარემოება, რომ კომპანიას 2008-2016 წლებში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები და შესაბამისად, გადახდილი აქვს მოგების გადასახადი. გამომდინარე აქედან, სალაროში არსებული ე.წ. ნაღდი ფულის ნაშთიდან, რომელიც მთლიანად ჩაითვალა ხელფასად, ის ნაწილი რომელზეც კომპანიას მოგების გადასახადი გადახდილი აქვს და მიღებული აქვს ფინანსური მოგება, რომელიც არ არის განაწილებული, უნდა ჩაითვალოს დივიდენდის განაცემად და დაიბეგროს 5%-იანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადში დარიცხვასთან ერთად უნდა მოხდეს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა. შესაბამისად, უნდა გადაანგარიშდეს დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დადგენილია, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნულოვანი ნაშთის გათვალისწინებით, განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრები შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული გადახდებით (მათ შორის, მომწოდებლებზე გადახდილი თანხებით, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული გადახდებით). შედეგად, გამოვლენილ ფაქტობრივ ფულად სახსრების ნაშთსა და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა, ჩაითვალა აღურიცხველ ფულად ნაშთად, განიხილა დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად.
მომჩივანი შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ 2014 წლის პერიოდში შეძენილია 853 910.0 ლარის საქონელი, აქედან საქონლის მომწოდებლები გასტუმრებული იქნა ნაწილობრივ და დარჩენილი იქნა გადასახდელი ვალდებულება 584 239.9 ლარი, რომელიც გადახდილია დირექტორის და დამფუძნებლის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხას უნდა გამოაკლდეს 584 239.9 ლარი და ამის შემდგომ გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადის თანხა. ასევე, კომპანიას 2008-2016 წლებში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს მოგების გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციები და შესაბამისად გადახდილი აქვს მოგების გადასახადი. გამომდინარე აქედან, სალაროში არსებული ე.წ. ნაღდი ფულის ნაშთიდან, რომელიც მთლიანად ჩაითვალა ხელფასად, ის ნაწილი რომელზეც კომპანიას მოგების გადასახადი გადახდილი აქვს და მიღებული აქვს ფინანსური მოგება, რომელიც არ არის განაწილებული, უნდა ჩაითვალოს დივიდენდის განაცემად და დაიბეგროს 5%-იანი განაკვეთით, ხოლო მოგების გადასახადში დარიცხვასთან ერთად უნდა მოხდეს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა.
მომჩივანი არ წარმოადგენს დოკუმენტაცია/მტკიცებულებას, რაც მის არგუმენტს გაამყარებდა, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შესაძლებელია დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გამხდარიყო.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.