ბრძანება N 10840

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.05.2026
№ დოკუმენტი 10840
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 10840

15 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 23 თებერვლის და 19 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 მარტის, პირველი და 30 აპრილის სხდომებზე (ოქმები: №24; №28; №34) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 თებერვლის №100964/1/2026 და 19 მარტის №44524/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 დეკემბრის №025-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებას არ მოუთხოვია არანაირი დოკუმენტაცია კომპანიისგან და არ შეუსწავლია საკითხი სრულყოფილად. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული რეალიზებული ბინების რეალური ღირებულებები და ასევე არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №22802 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 22 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 23 დეკემბრის №28164 ბრძანება და ამავე თარიღის №025-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 640 ლარი, მათ შორის გადასახადი 141 563 ლარი, ჯარიმა 60 220 ლარი და საურავი 26 856 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ------- მუნიციპალიტეტში (ს/კ -------) უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე ფართების რეალიზაცია. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, ამდენად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებული 1კვ.მ ბინის ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 183 დოლარს. შემოწმების შედეგად დამუშავებული და შესწავლილი იქნა, იმავე ტერიტორიაზე შესაბამის პერიოდებში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დადებული გარიგების გაცხადებული ფასები განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ფაქტობრივი ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინების მყიდველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება, რომელთა ნაწილმა დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები, შესაბამისად აღნიშნული ფასები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა რეალიზაციის იმ ნაწილზე, რომელზეც მყიდველების მიერ ღირებულებები ვერ დადასტურდა. ამასთანავე, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, რის შედეგადაც კომპანიას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 22 ივნისს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. ოპერაცია (40 389/1.18=34 228), რომლითაც გადამხდელმა გადააჭარბა ზემოთ აღნიშნულ ზღვარს და მის შემდგომი რეალიზაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას შესაბამის პერიოდებში.

ამასთან, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2026 წლის 19 მარტს 12:30 სთზე და პირველ აპრილს 12:20 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, კომპანიის რეგისტრაცია შეჩერებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართვლოს კანონის 254-ე მუხლის საფუძველზე და არ დასტურდება საჩივრის წარმდგენი პირის უფლებამოსილება, რის გამოც კომპანიის საჩივრის განხილვა განხორციელდა მომჩივნის დაუსწრებლად.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე ფართების რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიის მიერ რეალიზებული 1 კვ.მ ბინის ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 183 დოლარს. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, რის გამოც შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების შედეგად დამუშავებული და შესწავლილი იქნა, იმავე ტერიტორიაზე შესაბამის პერიოდებში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დადებული გარიგების გაცხადებული ფასები განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ფაქტობრივი ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინების მყიდველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება, რომელთა ნაწილმა დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები, შესაბამისად აღნიშნული ფასები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა რეალიზაციის იმ ნაწილზე, რომელზეც მყიდველების მიერ ღირებულებები ვერ დადასტურდა. ამასთანავე, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, რის შედეგადაც კომპანიას 2022 წლის 22 ივნისს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. ოპერაცია რომლითაც გადამხდელმა გადააჭარბა ზემოთ აღნიშნულ ზღვარს და მის შემდგომი რეალიზაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას შესაბამის პერიოდებში. ამასთან, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ასევე გადამხდელი შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანებას არ გაცნობია. რაც შეეხება ხარჯებს, გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არანაირი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ უფიქსირდებოდა, რომელიც შემოწმებით იქნებოდა გათვალისწინებული.

წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება ბინების რეალიზაციის შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე ფართების რეალიზაცია. კომპანიას შემოწმებისათვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა, ამდენად, შემოწმების მიერ, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და საჯარო რეესტრის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა კომპანიის მიერ რეალიზებული 1კვ.მ ბინის ღირებულება. შემოწმების შედეგად დამუშავებული და შესწავლილი იქნა, იმავე ტერიტორიაზე შესაბამის პერიოდებში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დადებული გარიგების გაცხადებული ფასები განსხვავდებოდა ბაზარზე არსებული ფაქტობრივი ფასებისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინების მყიდველ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება, რომელთა ნაწილმა დაადასტურა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები, შესაბამისად აღნიშნული ფასები შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა რეალიზაციის იმ ნაწილზე, რომელზეც მყიდველების მიერ ღირებულებები ვერ დადასტურდა. ამასთანავე, 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს, რის შედეგადაც კომპანიას წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება. ოპერაცია, რომლითაც გადამხდელმა გადააჭარბა ზემოთ აღნიშნულ ზღვარს და მის შემდგომი რეალიზაციები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას შესაბამის პერიოდებში.

ამასთან, შემოწმების მიერ შესამოწმებელ პერიოდში საცხოვრებელი ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164;