გადაწყვეტილება №19686/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19686/2/2023
08 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ს“ 15.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19686/2/2023).
დავის საგანი:
1. ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-121 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 106 711 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 454 628
დღგ - (-42 138)
მოგების გადასახადი - 487 235
საშემოსავლო გადასახადი - 9 531
ჯარიმა - 382 087
საურავი - 269 996
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33580 ბრძანება და №094-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა
ფაქტების აღწერა
2019 წელს კომპანიის მიერ შეძენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართით - 19 618 კვ.მ) დამფუძნებელი ფიზიკური პირის ---------გან (პ/ნ -------). შეძენილი მიწის ნაკვეთების ღირებულება შეადგენს 4 580 000 ლარს. მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქ. -------ში, სოფელ -----ში. აღნიშნული მიწის ღირებულების სანაცვლოდ კომპანიამ დამფუძნებელს ჩამოაწერა 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სასესხო/საპროცენტო დავალიანება, ხოლო დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურა ნაღდი ფულის სახით. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა შეძენილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენა 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით. 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №56629/12/22 დასკვნა, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 აგვისტოსთვის განისაზღვრა - 1 819 000 ლარის ღირებულებით, ნაცვლად 4 580 000 ლარისა. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილით, მე-18 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით და გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტზე ერთის მაგივრად ორ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე წარუდგინა ზემოთ აღნიშნული კომპეტენტური პირების მიერ დამოუკიდებელი შემფასებლის ორი ალტერნატიული ანგარიში ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. საჩივრის დანართში წარმოდგენილია ორივე კომპეტენტური პირის ანგარიში და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები.
2019 წელს შპს „-------”-ის მიერ შეძენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართით - 19 618 კვ.მ.) დამფუძნებელი ფიზიკური პირის - --------გან (პ/ნ -------) - 4 580 000 ლარის ღირებულებით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. ------ში, სოფელი ------ში. შემოსავლების სამსახურის მიერ ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 27.08.2019 თარიღისთვის განისაზღვრა - 1 819 000 ლარით, ნაცვლად 4 580 000 ლარისა, ხოლო მათ შორის სხვაობა 2761000 ლარი კი აუდიტის დეპარტამენტის მიერ პირდაპირ დაიბეგრა მოგების გადასახადით. კვადრატული მეტრის მიხედვით საკუთრების გადაცემის მომენტისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით გამოდის 31 აშშ დოლარი, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან -------ში არა თუ პრესტიჟულ ადგილზე, სადაც ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს, არამედ ნებისმიერ ადგილზე 2019 წლის მდგომარეობით შეუძლებელი იყო გეყიდა მიწის ნაკვეთი. აქვე სურს განმარტოს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებისას, კომპანიის მიერ განხორციელდა მიმდებარე მიწის ნაკვეთების გასაყიდი ფასების მოკვლევა, ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა გარიგებაზე მოლაპარაკებისას შესაძლო 20%-იანი ფასდათმობა და შესაბამისად კვადრატულ მეტრზე ფასი განისაზღვრა 79 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში იმ მომენტისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. აქვე აღნიშნავს, რომ ეს ოპერაცია დამონიტორინგებულია 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის დროს, რადგან საქმე ეხება ურთიერთდაკავშირებულ პირებს, რომელზეც დამოუკიდებელ აუდიტორს არ გამოუთქვამს შენიშვნა.
საგადასახადო შემოწმებისას შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ნასყიდობის პერიოდში განხორციელებული შეფასება (შპს „------“-ს, საიდენტიფიკაციო ნომერი ---------). საჩივარს თან ერთვის შეფასების აქტი დანართის სახით.
თვლის, რომ შეასრულა კანონით დადგენილი მოთხოვნები სრულად, მან განახორციელა ფასთა მოკვლევა, რომ დაცული ყოფილიყო საბაზრო პირობები ურთიერთდამოკიდებულ პირთან, ასევე საგადასახადო კანონმდებლობით არ არის მოთხოვნილი, თუმცა დამატებით მოახდინა სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ოპერაციის ღირებულების შეფასება და მის მიერ დაშვებულ დიაპაზონში განახორციელა ნასყიდობა, შესაბამისად ამ ოპერაციაზე დამატებით გადასახადის დარიცხვა მიუღებელია კანონმდებლობიდან გამომდინარე. დამატებით წარმოდგენილ კომპეტენტური პირების მიერ დამოუკიდებელი შემფასებლის ორი ალტერნატიული ანგარიშებში საბაზრო ფასები განისაზღვრა თითქმის იმავე ღირებულებით, რაც ნასყიდობის მომენტში განხორციელებულ შეფასებაში იყო აღნიშნული.
ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა თუ არა გარიგების ფასზე, ასევე გასათვალისწინებელია გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 29-ე პუნქტის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.
ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ დადებული გარიგების ფასი არ განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს: გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელის წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-121 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 382 087 ლარი და საურავი - 269 996 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, არის შემდეგი: ჩატარდა სრული საგადასახადო შემოწმება, სრულ საგადასახადო პერიოდზე, ერთადერთი საკითხი რამაც გამოიწვია ჯარიმა და საურავი არის პირველი საკითხი, რომელზეც აქვს საჩივარი დაწერილი და თვლის, რომ აღნიშნულ საკითხშიც არასწორად მოხდა გადასახადების დარიცხვა და შესაბამისად სანქციებიც.
მის მიერ მხოლოდ 2022 წელს ბიუჯეტში გადახდილია 16 422 000 ლარი, შესაბამისად ამ სიდიდის კომპანიაზე სრულ პერიოდზე სრული საგადასახადო შემოწმების დროს მხოლოდ ერთი საკითხი (ერთი ოპერაცია) იყო, რომელმაც გამოიწვია სანქციები და ამ საკითხზეც არგუმენტირებული პოზიცია მოცემულია პირველ ნაწილში, შესაბამისად გაუგებარია სხვა რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება. ამასთანავე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მოახდინა ფასთა კვლევა, ასევე, მოიწვია სერთიფიცირებული შემფასებელი და დამატებით წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტიც განახორციელა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ, გაუგებარია, სხვა რა დამატებითი ღონისძიების ჩატარება იყო შესაძლებელი, რომ ჩათვლილიყო კეთილსინდისიერად. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მისი პოზიციაა, რომ საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება უნდა იყოს დასაშვები.
იმის გათვალისწინებით, რომ არ აპირებდა კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, თვლის, რომ თუ მისი მხრიდან მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით, რომ მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ მოახდენდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდებას, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტისთვის არ მიეყენებინა ზარალი. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება მის ქმედებებში. კომპანია ფუნქციონირებს 2005 წლიდან და ამ პერიოდიდან კეთილსინდისიერად ახდენს კუთვნილი გადასახადების გადახდას, დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 346 კაცი. ასევე შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში 2019-2021 წელს გადასახადების სახით ბიუჯეტში გადახდილია 31 056 101 ლარი, ხოლო 2022 წელს კი 16 422 000 ლარი.
შესაბამისად, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
2019 წელს კომპანიის მიერ შეძენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართით - 19 618 კვ.მ) დამფუძნებელი ფიზიკური პირისგან. შეძენილი მიწის ნაკვეთების ღირებულება შეადგენს 4 580 000 ლარს. საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა შეძენილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენა 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით. 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №56629/12/22 დასკვნა, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 აგვისტოსთვის განისაზღვრა - 1 819 000 ლარის ღირებულებით, ნაცვლად 4 580 000 ლარისა. დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №094-121 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 382 087 ლარი და საურავი - 269 996 ლარი.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 97(1"გ"), 981(1)(4), 18(1)(11), 269(7).