გადაწყვეტილება №21258/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21258/2/2023
21 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 6.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21258/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25165 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 14 844,91 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 8 259
ჯარიმა - 4 130
საურავი - 2 455,91
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2020, 2021 და 2022 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გაანგარიშების სისწორე.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 14.09.2020 წელს. 1.10.2020 წლიდან აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. გადასახადის გადამხდელისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის და მისი ოჯახის შემოსავლებმა 2019 წლის განმავლობაში შეადგინა 40 464 ლარი, 2020 წლის განმავლობაში 102 815 ლარი, ხოლო 2021 წელს - 217 781 ლარი. მომჩივანს 2020, 2021 და 2022 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს.
გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების დადგენის მიზნით, შესწავლილ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა ბინა ქალაქ თბილისში და ავტოფარეხი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის გათვალისწინებით, განისაზღვრა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შესაბამისი პერიოდის მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, 11.10.2023 წლის №25165 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, ფიზიკური პირის ოჯახის 2019 წლის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს საკუთრებაში ჰქონდა დასაბეგრი ქონება, თუმცა აღნიშნულ საკუთრებებზე საგადასახადო ვალდებულებები არ აქვს შესრულებული და შესაბამის პერიოდებზე ქონების დეკლარაციები არ აქვს წარდგენილი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები და მასზე დაკისრებული სანქცია განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში და ასევე, გადაწყვეტილებაში საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, იკითხება, რომ ი/მ „----------“ შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 40 464 ლარი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, მისმა და მისი ოჯახის შემოსავალმა 2019 წელს შეადგინა 38 214,8 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს არ ევალებოდა 2020 წელს ქონების გადასახადის გადახდა, ვინაიდან მისი ოჯახის ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებოდა 40 000 ლარს.
უნდა გადაიხედოს 2019 წელს მეწარმისა და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი, რომელიც არ აღემატება 40 000 ლარს და შეადგენს მხოლოდ 38 214,8 ლარს და შესაბამისად მოხდეს საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმა, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, ოჯახი განმარტებულია როგორც - პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებით შესწავლილია 2019 წლის განმავლობაში „----------“ (ს/ნ ----------; ----------) მიერ მიღებული შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 38 214,8 ლარს. აღნიშნული შემოსავალები წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს ქართული კომპანიებისგან, რომელიც გადახდის წყაროსთან არის დაბეგრილი. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი იმყოფება და 2019 წლის კალენდარული წლის მანძილზეც იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში ---------- (პ/ნ ----------). შესწავლილ იქნა ---------- მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 2 250 ლარი (აღნიშნული შემოსავალი სრულად შედგება შპს „----------“ (ს/ნ ----------) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისაგან. ამრიგად, 2019 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ოჯახის შემოსავალმა შეადგინა 40 464 ლარი.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივანს გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამასთან, მომჩივნის ოჯახის შემოსავალი აღემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნებისთვის განსაზღვრულ შემოსავალს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საგადასახადო შემოწმებით შესწავლილია 2019 წლის განმავლობაში მომჩივანის მიერ მიღებული შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 38 214,8 ლარს. აღნიშნული შემოსავალები წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს ქართული კომპანიებისგან, რომელიც გადახდის წყაროსთან არის დაბეგრილი. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელი იმყოფება და 2019 წლის კალენდარული წლის მანძილზეც იმყოფებოდა კანონიერ ქორწინებაში. შესწავლილ იქნა მეუღლის მიერ 2019 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, რომელმაც შეადგინა 2 250 ლარი. აღნიშნული შემოსავალი სრულად შედგება ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისაგან. ამრიგად, 2019 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ოჯახის შემოსავალმა შეადგინა 40 464 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივანს გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამასთან, მომჩივნის ოჯახის შემოსავალი აღემატება ქონების გადასახადისგან გათავისუფლების მიზნებისთვის განსაზღვრულ შემოსავალს, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1„გ“); 202(5„ა“„ბ“); 205(12).