ბრძანება N 8046
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8046
12.04.2023
-------------- (პ/ნ ------------)
(მის: ------------------)
2023 წლის 20 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ------------- (პ/ნ -------------) №48337/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 მარტის №EL203523 და №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ტვირთი მოხვდა ყვითელ დერეფანში და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ნაცვლად საქონელი წაიღო დეკლარანტის კუთვნილ საწყობში.
აღნიშნულზე და სამართალდარღვევის პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 16 თებერვალს მოქალაქე ----------- (პ/ნ ---------) მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ელექტრონულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez”-ში წარმოდგენილი საქონლის თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოში შემოსატანი საქონლის წინასწარი დეკლარირების მიზნით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შევსებული იქნა საქონლის საბაჟო დეკლარაცია № C12513/11117.
საბაჟო დეკლარაციის თანახმად, სატვირთო ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი ------) მოქალაქე --------------- (პ/ნ -----------) სახელზე უკრაინიდან საქართველოში უნდა შემოტანილიყო საქონელი - ,,დამუშავებული ქვები 344 ერთეული“.
საქართველოში შემოსატანი საქონლის საბაჟო ღირებულებამ წინასწარი საბაჟო დეკლარაციის თანახმად შეადგინა 10612,8 ლარი. მოქალაქე ----------ს (პ/ნ --------------) მიერ წარმოდგენილი საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის №3020771 (ასლი) საფუძველზე საქონელი არ დაიბეგრა იმპორტის გადასახადით და იმპორტის გადასახდელის თანხამ (დღგ) შეადგინა 1910.30 ლარი.
2023 წლის 20 თებერვალს საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ საბაჟო დეკლარაციისათვის რისკის პროფილის შესაბამისად შერჩეული იქნა ,,ყვითელი დერეფანი“ და, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვალი. აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გარეშე, მიტანილ იქნა დეკლარანტის კუნთვნილ ტერიტორიაზე. (ფიზიკური პირი ---------- (პ/ნ -----------) 2023 წლის 20 მარტის №48194/21-11 განცხადების თანახმად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი გადმოტვირთულ იქნა მის კუთვნილ საწყობში.)
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მოქალაქე ------------ (პ/ნ -----------) საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული საწყობის ვიზუალური დათვალიერება, თუმცა მასში სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია №C12513/11117 შემოტანილი საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საქონლის მფლობელის - ------------ (პ.ნ.-------------) მიმართ, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვისათვის, 2023 წლის 20 მარტს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი იქნა №EL203517 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 პუნქტის შესაბამისად სამართალდამრღვევი პირი გათავისუფლდა სანქციისგან და სანქციის ოდენობის გრაფაში მითითებულ იქნა ნულოვანი თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 2023 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა №EL203523 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ------------- სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან ვინაიდან, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ გამოცხადდა განისაზღვრულ ვადამდე (2023 წლის 21 თებერვალი) და აღნიშნული ვადა დარღვეული იქნა 20 დღეზე მეტი ვადით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 2023 წლის 20 მარტს ასევე შედგენილ იქნა №EL203528 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც --------------- (პ/ნ --------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის (დანართის №8) 141 მუხლის შესაბამისად საბაჟო დეკლარაცია №C12513/11117 საბაჟო ორგანოს მიერ ცნობილი იქნა ბათილად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის, ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, განკარგული საქონლის საბაჟო გადასახდელების ძირითად თანხაზე, რამაც დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით შეადგინა - 1910,3 ლარი და საურავი 2023 წლის 20 მარტის მდგომარეობით 24.45 ლარი, 2023 წლის 20 მარტს ---------- გაფორმების განყოფილებაში გამოცემული იქნა საგადასახადო მოთხოვნა № EL69400/76.
საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული თანხები გადახდილი იქნა 2023 წლის 20 მარტს, ხოლო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმის თანხები გადახდილი არ არის.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს: ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა; ბ) პირმა, რომელიცსაქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს; გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დასახელებილი აქტის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კანონმდებელი ავალდებულებს საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რას არ განუხორციელებია და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე ახსნილი იქნა იდენტიფიკაციის საშუალება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. ასევე დადგენილია, რომ ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმები მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---------------- (პ/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს და აღნიშნულზე და სამართალდარღვევის პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ საბაჟო დეკლარაციისათვის რისკის პროფილის შესაბამისად შერჩეული იქნა ,,ყვითელი დერეფანი“ და, შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების ბოლო თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვალი. აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა შესრულებული და საქონელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების გარეშე, მიტანილ იქნა დეკლარანტის კუნთვნილ ტერიტორიაზე.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული საწყობის ვიზუალური დათვალიერება, თუმცა მასში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შემოტანილი საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 2023 წლის 20 მარტს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამასთან ვინაიდან, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ გამოცხადდა განისაზღვრულ ვადამდე (2023 წლის 21 თებერვალი) და აღნიშნული ვადა დარღვეული იქნა 20 დღეზე მეტი ვადით, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 2023 წლის 20 მარტს ასევე შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1)(2), 73(1), 100(7), 165, 163(1), 166(3).