ბრძანება N 24255

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 24255
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24255

15 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ის“ (ს/ნ -------------)

(მის.: ქ. -----------------------------)

2016 წლის 19 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) №93325/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 აპრილის №007-106 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარჯის გაორმაგებული ოდენობა, ვინაიდან დასკვნით დადგენილი იყო ავტო კარის ხარჯები მხოლოდ ჩამოცლაზე და დასაწყობებაზე და არ მოიცავდა ტვირთის საწყობიდან გამოტანის და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ხარჯს. დამატებით მიუთითებს, რომ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს არის დაახლოებით 20%-ის გაუთვალისწინებელი ხარჯი (3 338.4 ლარის ოდენობით), რომელიც საწარმოს გააჩნია, თუმცა ექსპერტიზის დროს ეს ასახული არ ყოფილა და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებასაც.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №007-324 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდეს საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა, როგორც ტვირთის დაცლის ასევე დატვირთვის პროცედურებზე, რომელიც შეისწავლოს/გაანალიზოს აუდიტის დეპარტამენტმა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საწვავის ხარჯის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2016 წლის 14 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 20 აპრილის №007-106 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა და 2016 წლის 19 მაისს წარმოადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N17154 ბრძანებით შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დარჩა განუხილველი.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17154 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 10 თებერვლის N12887/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის №17154 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის N12887/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/1711-17 გადაწყვეტილებით შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება N12887/2/16 საჩივარზე და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 16 ივნისის N17154 ბრძანება და მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად:

„ვინაიდან საგადასახადო ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის N47586 ბრძანების გაუსაჩივრებლობის გამო მისი უპირობო აღსრულების ვალდებულებით, ისე რომ არ შეაფასა საწარმოს არგუმენტები, ამასთან, მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლო წარმოებისას უზრუნველყო შპს „----------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N1/----2017 დასკვნის წარმოდგენა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა, თუმცაღა მხარე აპელირებს მისი წარმოუდგენლობის ობიექტურ გარემოებებზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ოგანომ უნდა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.“

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის №3ბ/872-18 განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/1711-17 გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის №ბს1341 (2კ-19) განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2016 წლის 14 აპრილის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადამხდელმა 2015 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა განცხადება და დანართის სახით ფ/პ -------თან (პ/ნ ---------) დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. 2016 წლის 2 იანვარს კვლავ ითხოვა დამატებით ორკვირიანი ვადა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოსადგენად, თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 11 დეკემბრის N47586 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა (იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და შესაბამისი დასკვნა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „----------თვის“ (ს/ნ -------------) 2014 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახდელად დაკისრებული თანხები დამატებით კორექტირებას არ ექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2011 წლამდე მოქმედი) 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი ვალდებულია აწარმოოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ ოპერაციებზე, რომლებიც წარმოშობს:

ა) აღნიშნული პირის საგადასახადო ვალდებულებას;

ბ) აღნიშნული პირის მიერ გადასახადის დაკავების ვალდებულებას;

გ) აღნიშნული პირის მიერ საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით მონაცემების წარდგენის ვალდებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია საქართველოს საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი მოგება. იგი განისაზღვრება, როგორც სხვაობა გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები (მათ შორის, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა:

ა) ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯებისა, როდესაც არ არსებობს ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები;

ბ) იმ ხარჯებისა, რომლებიც, ამ კოდექსის 178-ე მუხლისა და ამ თავის სხვა დებულებათა თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული თანხისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს.

2. ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არის გადასახადის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ან/და საბაჟო დეკლარაციის მიხედვით დასაბეგრ ოპერაციებზე ან/და დასაბეგრ იმპორტზე ან/და დასაბეგრ დროებით იმპორტზე, თუ საქონელი/მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, დასაბეგრ იმპორტში ან საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.

ამასთან, „საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის N87 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვისა და დაბეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწვავის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2011 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/1711-17 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ მოსარჩელემ მხოლოდ სასამართლო წარმოებისას უზრუნველყო შპს „ა------------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N1/------2017 დასკვნის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას წარდგენილი არ ყოფილა და სასამართლომ მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით კვლევასა და შეფასებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა 2015 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განცხადება და დანართის სახით ფ/პ ----------სთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, ხოლო, 2016 წლის 2 იანვარს კვლავ ითხოვა დამატებით ორკვირიანი ვადა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით დასკვნის წარსადგენად, თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 11 დეკემბრის N47586 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა (იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და შესაბამისი დასკვნა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმება გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის №3/1711-17 გადაწყვეტილებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „--------ის“ მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო შპს „--------------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N1/---2017 დასკვნა ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ. აღნიშნული დასკვნა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი არ ყოფილა, ხოლო იმ მონაცემებით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, შემოწმება მოკლებულია საწვავის დანახარჯებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლისა და მსჯელობის საშუალებას.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარჯის გაორმაგებული ოდენობა, ვინაიდან დასკვნით დადგენილი იყო ავტო კარის ხარჯები მხოლოდ ჩამოცლაზე და დასაწყობებაზე და არ მოიცავდა ტვირთის საწყობიდან გამოტანის და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ხარჯს. ასევე, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს არის დაახლოებით 20%-ის გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელიც საწარმოს გააჩნია. აცხადებს, რომ ექსპერტიზის დროს აღნიშნული ასახული არ ყოფილა და ითხოვს მის გათვალისწინებასაც.

ამასთან, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული მსჯელობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის, კერძოდ, საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 11 დეკემბრის №47586 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების და საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს „----------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N1/---2017 დასკვნა, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი შპს „-----------------იის“ მიერ მომზადებული 2017 წლის 17 ოქტომბრის N1/--- 2017 დასკვნა;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენი ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №47586 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №007-324 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №007-106 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა და წარმოადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის N17154 ბრძანებით საჩივარი, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დარჩა განუხილველი.

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის №17154 ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის N12887/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემოსავლების სამსახურის №17154 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს N12887/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

შემოსავლების სამსახურის №47586 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2016 წლის 14 აპრილის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი გადამხდელმა 2015 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა განცხადება და დანართის სახით ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. 2016 წლის 2 იანვარს კვლავ ითხოვა დამატებით ორკვირიანი ვადა საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით დასკვნის წარმოსადგენად, თუმცა ვადის გასვლის შემდგომაც გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს N47586 ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა (იმავე აუდიტორულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და შესაბამისი დასკვნა).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანისთვის 2014 წლის 2 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით გადასახდელად დაკისრებული თანხები დამატებით კორექტირებას არ ექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის №47586 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების და საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მომუშავე სპეც. ტექნიკის მიერ გახარჯული საწვავის ოდენობის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლო დავის ეტაპზე წარდგენილი მომჩივანის მიერ მომზადებული დასკვნა, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 170(1); 173(1); 174(1 „ა“); 175( „ა“); 177(1 „ა“ და „ბ“); 178( „ა“);