ბრძანება N 2315
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2315
08 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 11 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 იანვრის და 1 თებერვლის სხდომებზე (ოქმი №7, ოქმი №9) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 11 იანვრის №3537/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №007-418 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების აქტი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, არ არის შესწავლილი და გამოკვლეული არსებული მასალა, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაცია და საბანკო დაწესებულებებიდან არ არის გამოთხოვილი სრულყოფილი ინფორმაცია. აღნიშნავს, რომ პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე უძრავი ქონების ნაწილის გატანა განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, ვინაიდან დამფუძნებლის შენატანი 2017-2020 წლებში შეადგენდა დაახლოებით 967 021 ლარს, ხოლო 2011 წლიდან 2017 წლამდე 950 000 ლარს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ როდესაც დამფუძნებლის მიერ მოხდა კაპიტალიდან ქონების გატანა, უმრავლესობა ქონების იყო იპოთეკით დატვირთული და იპოთეკისგან თავად დამფუძნებელმა გაანთავისუფლა, უძრავი ქონების ნაწილი, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14111 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბრის №33370 ბრძანება და ამავე თარიღის №007-418 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 473 894 ლარი, მათ შორის, გადასახადი 721 758 ლარი, ჯარიმა 360 879 ლარი და საურავი 391 257 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----------“ საქმიანობის სფეროა მშენებლობის მომსახურების გაწევა, საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა. საწარმოში 2020 წლის 12 თებერვლის №35695 ბრძანებით ჩატარებულია სრული საგადასახადო შემოწმება 01.01.2017 წლიდან 01.11.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე. 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით საწარმოში კაპიტალი არ ფიქსირდება. 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით საწარმოს კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი ---------- (აღნიშნული პერიოდისთვის დამფუძნებელი და დირექტორი) მიერ, კერძოდ, გატანილია შემდეგი ქონებები ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------, ს/კ -----------. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №---------- დასკვნის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 793 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). კომპანიაში შემონატანი ვერ დადასტურდა, ფაქტობრივი გარემოებით კი გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. შემოწმებით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დასაბეგრი ოპერაციის დრო (2020 წლის დეკემბერი) და პირს დაერიცხა დღგ. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასსამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით საწარმოს კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი აღნიშნული პერიოდისთვის დამფუძნებელი და დირექტორის ----------- მიერ. შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №--------- დასკვნის მიხედვით, ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 793 000 ლარით (დღგის ჩათვლით). ვინაიდან, 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით საწარმოში კაპიტალი არ ფიქსირდება და კომპანიაში შემონატანი ვერ დადასტურდა, გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. შემოწმებით, განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და პირს დაერიცხა დღგ. ხოლო, აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის მომენტში, ქონების უმრავლესობა იყო იპოთეკით დატვირთული, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმებას არ გამოუთხოვია მასალა საჯარო რეესტრიდან, სადაც დადასტურებულია ის გარემოება, რომ დამფუძნებელმა გაიტანა იპოთეკით დატვირთული ქონება და იპოთეკისგან ნაწილი თავად დამფუძნებელმა გაათავისუფლა. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით საწარმოს კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ფ/პ ---------- გადაცემის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა და დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სარგებლის ღირებულება შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და თუ დადასტურდება სადავო ქონებაზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების ფ/პ --------- მიერ დაფარვის ფაქტი, სარგებლის ღირებულება განისაზღვროს ქონების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობით და მის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სარგებლის ღირებულება შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და თუ დადასტურდება სადავო ქონებაზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე განსაზღვრული ვალდებულებების ფ/პ ---------- მიერ დაფარვის ფაქტი, სარგებლის ღირებულება განისაზღვროს ქონების საბაზრო ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობით და მის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს საქმიანობის სფეროა მშენებლობის მომსახურების გაწევა. 2021 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით საწარმოში კაპიტალი არ ფიქსირდება. 2020 წლის 21 დეკემბრის პარტნიორთა გადაწყვეტილებით საწარმოს კაპიტალიდან გატანილია უძრავი ქონების ნაწილი. ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 793 000 ლარით (დღგ-ის ჩათვლით). კომპანიაში შემონატანი ვერ დადასტურდა, ფაქტობრივი გარემოებით კი გადაცემული ქონება ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად. განისაზღვრა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დასაბეგრი ოპერაციის დრო (2020 წლის დეკემბერი) და პირს დაერიცხა დღგ. ხოლო აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე საქონლის საბაზრო ფასით მიწოდებად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:161(1);100(1);101(1,2);154(1);