გადაწყვეტილება №17963/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17963/2/2022
08.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ -------- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 7.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17963/2/2022).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. კომპანიის მიერ განკარგვადი თანხების განსაზღვრისას ტრანსპორტზე გაწეული და სხვა
ხარჯების გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №041-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 257 632 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 152 078
ჯარიმა - 76 029
საურავი - 29 525
პროცედურული გარემოებები გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში. აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.04.2022 წლის №9383 ბრძანება და 14.04.2022 წლის №041-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 7.05.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები.
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები და შესყიდვის ჟურნალი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი, კერძოდ, რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განხილულია ფიზიკური პირებისგან შეძენილად შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშებულია ფიზიკური პირებისთვის საქონლის შესაძენად ანაზღაურებული თანხები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ აქვს დაბეგრილი აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები, შესაბამისად, შემოწმების მიერ დაბეგრილია აღნიშნული თანხები გადახდის წყაროსთან 3%-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმებას ვერ წარუდგინა ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები და შესყიდვის ჟურნალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს, იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განხილულ იქნა ფიზიკური პირებისგან შეძენილად შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით, გაანგარიშდა ფიზიკური პირებისთვის საქონლის შესაძენად ანაზღაურებული თანხები, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. ამასთან, „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების და შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, რომელიც განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად:
- ჯართის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა თავად, კომპანიის დირექტორის საკუთრებაში არსებული ავტომობილით, რაც დასტურდება კომპანიის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, ხოლო ტრანსპორტზე გაწეული ხარჯები (მათ შორის, საწვავის ხარჯი) კომპანიას არ გააჩნია. მომჩივანი განმარტავს, რომ საქონლის შესყიდვას ახორციელებდა კახეთის რეგიონში, ხოლო რეალიზაციას - თბილისში, შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი იყო საწვავის ხარჯის გაწევა, შესაბამისად, ითხოვს განკარგვადი თანხების განსაზღვრისას საწვავზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებას;
- განკარგვადი თანხების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხები 33 607 ლარის ოდენობით
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო დანარჩენ ნაწილში შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელი განმარტავს რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ფიზიკური პირებისგან ჯართის შეძენა და იდენტიფიცირებად პირებზე რეალიზაცია. ასევე, კომპანიის მიერ შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული განპირობებულია ამ სფეროში მოუწესრიგებელი აღრიცხვიანობით, რაც გამოიხატება იმაში რომ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ფაქტობრივად შეუძლებელია შესყიდვის დოკუმენტების მოპოვება, ვინაიდან ფიზიკური პირები თავს იკავებენ ჯართის რეალიზაციისას დოკუმენტზე ხელმოწერაზე. შესაბამისად, ჯართის შესყიდვისას კომპანია დგას პრობლემის წინაშე როდესაც ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტით შესყიდვის დადასტურება. შემმოწმებლის მიერ ხარჯები განსაზღვრულია არაპირდაპირ, თუმცა მიაჩნია რომ აღნიშნული არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული და რეალურად კომპანიას არ მიუღია იმ ოდენობის მოგება რაც შემოწმების მიერ იქნა დადგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 16 დეკემბრის №ბს-----(2კ-20) გადაწყვეტილებით განმარტებულია საგადასახადო ორგანოთა მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო ორგანოს უფლება, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, არ გულისხმობდა საგადასახადო ორგანოსთვის თვითნებური შეფასებების უფლებამოსილების მინიჭებას. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გონივრული და შესაბამისად, დასაბუთებული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე. საგადასახდო ორგანო ვალდებული იყო საგადასახდო ვალდებულების დადგენისას ეხელმძღვანელა მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციით, მტკიცებულებებით და ჯეროვანი ანალიზისა და შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, განეხორციელებინა მათი გათვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრისას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის Nბს--------- (2კ-16) გადაწყვეტილებით სასამართლო იზიარებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვით, „იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ხსენებული ნორმით (სსკ-ის 73-ე მუხლი) საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა მხოლოდ ამ ნაწილითა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში გადამხდელს გადასახადი დაარიცხოს მის ხელთ არსებული მასალების/სანდო ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების მეშვეობით. ეს მასალები ან ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს თვით გადამხდელთან, მაგრამ არასრული სახით, ან საგადასახადო ორგანოში და ეხებოდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებულ სხვა პირს. ამ მასალების გამოყენებისას საგადასახადო ორგანომ, შესაბამისი კორექტივები უნდა შეიტანოს გადამხდელთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების შესაბამისად. მიზანი კი ის არის, რომ სამართლიანად, გონივრული განსჯის საფუძველზე უნდა დადგინდეს საგადასახადო ვალდებულებები. იმ პირობებში კი, როდესაც საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ერთადერთ საფუძვლად უთითებს მხოლოდ საწარმოს მიერ ბუღალტრული აღრიცხვის პირობების დარღვევას, ამასთან, არ დგინდება რაში გამოიხატა კონკრეტულად ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, მითითებული არ ქმნის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს“.
ამდენად მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ შესყიდვის მონაცემებს და ითხოვს საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელოს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ვალდებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის შესაბამისად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3 პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საჩივარში მითითებულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობა განპირობებულია ამ სფეროში მოუწესრიგებელი აღრიცხვიანობით, რაც გამოიხატება იმაში რომ ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას ფაქტობრივად შეუძლებელია შესყიდვის დოკუმენტების მოპოვება, ვინაიდან ფიზიკური პირები თავს იკავებენ ჯართის რეალიზაციისას დოკუმენტზე ხელმოწერაზე. ამდენად მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულ შესყიდვის მონაცემებს და ითხოვს საქონლის შეძენაზე გაწეული ხარჯების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელოს ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ვალდებულებებს.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ფიზიკური პირებისგან საქონლის შეძენის დამადასტურებელი შესყიდვის აქტები და შესყიდვის ჟურნალი. შემოწმების შედეგად რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის რაოდენობები განხილულია ფიზიკური პირებისგან შეძენილად შესაბამის პერიოდებში დაფიქსირებული შესყიდვის მინიმალური ფასით. ამგვარად, გაანგარიშებულია ფიზიკური პირებისთვის საქონლის შესაძენად ანაზღაურებული თანხები. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით არ აქვს დაბეგრილი აღნიშნულ პირებზე გადახდილი თანხები, შესაბამისად, შემოწმების მიერ დაბეგრილია აღნიშნული თანხები გადახდის წყაროსთან 3%-ით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გაზიარების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. კომპანიის მიერ განკარგვადი თანხების განსაზღვრისას ტრანსპორტზე გაწეული და სხვა ხარჯების გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სალაროში თანხების მოძრაობის აღრიცხვა. გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არ ქონის შესახებ. ასევე, წერილობითი ფორმით წარადგინა ინფორმაცია სალაროში არსებული ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სალაროს ნაშთი შეადგენს 16 800 ლარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებსა და გადამხდელის ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების და შემოწმების მიერ დადგენილი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებულია საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი პერიოდების მიხედვით, რომელიც განხილულია კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
არგუმენტს მოიცავს პირველი დავის საგანი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გარდა ზემოაღნიშნულისა, განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების შედეგად 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, კერძოდ, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია საქონლის შეძენაზე გაწეული დანახარჯი საშემოსავლო გადასახადის (3%) გარეშე, რაც მიაჩნია არამართლზომიერად. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას განკარგვადი თანხების განსაზღვრისას. ასევე, განკარგვადი თანხების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხები 33 607 ლარის ოდენობით. ამდენად, შემოწმების მონაცემები მითითებული გარემოებებით საჭიროებს კორექტირებას.
სადავო არ არის, რომ კომპანია ახორციელებდა ჯართის რეალიზაციას და აღნიშნული ჯართის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა თავადვე. აღნიშნულზე მიუთითებს კომპანიის მიერ გამოწერილი ზედნადებები, სადაც დასტურდება რომ საქონლის 95% რეალიზებულია ტრანსპორტირებით, ხოლო ტრანსპორტირებაზე გაწეული ხარჯები კომპანიას არ გააჩნია, მათ შორის საწვავის ხარჯები კომპანიის მიერ გაწეული არ არის. შესყიდული საქონლის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას კომპანია ახორციელებდა დამფუძნებლის და დირექტორის საკუთრებაში არსებული ავტომობილით ("-------","-----"). კომპანია საქონლის შესყიდვას ახდენდა კახეთის რეგიონში, ხოლო რეალიზაცია ხორციელდებოდა თბილისში. შესაბამისად, საქონლის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი იყო საწვავზე ხარჯის გაწევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს კომპანიის მიერ განკარგვადი თანხების განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნეს კომპანიის მიერ საწვავზე გაწეული ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძვლად გამხდარი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და სალაროში თანხების მოძრაობის აღრიცხვა. გადამხდელის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არ ქონის შესახებ. ასევე, ინფორმაცია სალაროში არსებული ნაშთის შესახებ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 16 800 ლარის ოდენობით.
საჩივარში მითითებულია, რომ განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული შემოწმების შედეგად 1333 მუხლის მიხედვით საქონლის შეძენაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, ასევე, არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხები 33 607 ლარის ოდენობით. ამასთან, ჯართის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა თავადვე, რისთვისაც აუცილებელი იყო საწვავზე ხარჯის გაწევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს კომპანიის მიერ განკარგვადი თანხების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს კომპანიის მიერ საწვავზე გაწეული ხარჯები.
მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 28.09.2022 წლის №24851 ბრძანებით:
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ტრანსპორტირების ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას საქონლის შეძენაზე დეკლარირებული და დაბეგრილი თანხების გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.