ბრძანება N 8730

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2018
№ დოკუმენტი 8730
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8730

16/04/2018

შპს -----

(მის: ქ. -------)

საჩივრის დაკმაყოფილებაზე

უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი N29) განიხილა შპს ----- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის N094-429 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმების მოთხოვნით.

N094-429 საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა განესაზღვრა სულ: 167013.72 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 12141 ლარი, ჯარიმა 121393 ლარი და საურავი - 33479.72 ლარი.

გადასახადის გადამხდელი სადავოდ ხდის შემოწმებით საწარმოს მიერ მის დამფუძნებელ პარტნიორებზე დივიდენდად თანხის გაცემის ხელფასად დაკვალიფიცირებას და აღნიშნული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემრბის №3051 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 29 დეკემბრის N094-429 ,,საგადასახადო მოთხოვნა“. რომლის მიხედვითაც გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სულ: 167013.72 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 12141 ლარი, ჯარიმა 121393 ლარი და საურავი - 33479.72 ლარი.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს მეტალის სამშენებლო მასალების (არმატურა) იმპორტი და საბითუმო ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. საქმიანობის ადგილია იჯარით აღებული ფართი ქალაქ თბილისში. საზოგადოებას 2014 წლის საანგარიშო პერიოდში დივიდენდად აქვს დაკვალიფიცირებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საწარმოდან გასული თანხები 1 294 860 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვა. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდება კონკრეტულად ვის მიერ იქნა გატანილი საწარმოდან გასული თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოდან დოკუმენტაციის გარეშე გადინებული ფულადი სახსრები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და გაიზარდა ხელფასის სახით გამოსაქვითი ხარჯი (1294860*0.95/0.8=1537642). ასევე შემოწმებით, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოდან დოკუმენტაციის გარეშე გადინებული ფულადი სახსრები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და და სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (1294860*0.95/0.8=1537647). შესაბამისად 1294860 ლარით შემცირდა დაბეგრილი დივიდენდი.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 100-ე მუხლის შესაბაისად 1.რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. 2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. 3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად 1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად 1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები; ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით; ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა;

ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად 1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას: ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.“

დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის მიხედვით დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მონაწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

ხოლო 154-ე მუხლის „ზ“ და „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს: რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს; პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

სსკ-ის 270-ე მუხლის მიხედვით: 1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსკ-ის მუხლი 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საურავის დარიცხვა ხორციელდება გადასახადის თანხაზე და იგი არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის: ა) იმპორტის გადასახდელებზე − ვალდებულების წარმოქმნის მე-4 დღიდან; ბ) ყველა სხვა შემთხვევაში − შესაბამისი ვალდებულების წარმოქმნის მომდევნო დღიდან.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,06 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ითვლება ვადაგადაცილებულ დღედ.

სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად: 1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 10 ნოემბირს N8482/1504-03 წერილით, საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით, შემოსავლების სამსახურს გამოეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2017 წლის 10 ნოემბირს დადგენილება სისხლის სამართლის N092121017004 საქმეზე შპს ----- რევიზიის ჩატარების თაობაზე. (შესამოწმებელი პერიოდი განისაზღრა 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 10 ნოემბრამდე).

საქმეზე არსებული მაალებითა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებილსსათვის ვერ იქნა წარმოდგენილი დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო სადავო თანხის დივიდენდად განხილვა. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა კონკრეტულად ვის მიერ იქნა გატანილი საწარმოდან გასული თანხები, შემოწმებით, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოდან დოკუმენტაციის გარეშე გადინებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად მიჩნევა და სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კანონშესაბამისია და არ არსებობს 2017 წლის 29 დეკემბრის N094-429 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს მიერ დივიდენდად გაცემული თანხის ხელფასად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საწარმოს დივიდენდად აქვს დაკვალიფიცირებული და გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საწარმოდან გასული თანხები. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო აღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვა. ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდება კონკრეტულად ვის მიერ იქნა გატანილი საწარმოდან გასული თანხა. შემოწმებით, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოდან დოკუმენტაციის გარეშე გადინებული ფულადი სახსრები ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად გაიზარდა ხელფასის სახით გამოსაქვითი ხარჯი, და სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამისად შემცირდა დაბეგრილი დივიდენდი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია. საწარმოდან დოკუმენტაციის გარეშე გადინებული ფულადი სახსრების ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად მიჩნევა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. ამდენად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები კანონშესაბამისია და არ არსებობს საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9,,ბ“);101(1); 102; 105; 154(1,,გ“); 154(1,,ზ“)