ბრძანება N 5642
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5642
15 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 25 სექტემბრის და 17 ოქტომბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 თებერვლის №21287/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------ს“ (ს/ნ ------) №161377/21 და №174638/21 საჩივრები შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორი მიუთითებდა, რომ როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით შევიდა საბაჟო საწყობში, გაკეთდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ შეცდომით მოჰყვებოდა შპს „-------ს“ კუთვნილი ტვირთის დოკუმენტები, ვინაიდან აღნიშნული ტვირთი უკვე ჩამოსული და განბაჟებული იყო წინა პერიოდში. აღნიშნული ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ამიტომ დაიწყო ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლა და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად არ იყო მსგავსი ტვირთი ტრაილერში დატვირთული, მიმართეს საბაჟო ორგანოს.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლას და ტვირთის გადამოწმებას დასჭირდა ერთი სრული დღე. შესაბამისად, მეორე დღეს მიმართა საბაჟო ორგანოს.
საჩივრის ავტორის განმარტებით საჩივარზე წარმოდგენილი აქვს -------ს საბაჟოს გადაწყვეტილება, რომლითაც მისი მოსაზრებით, დასტურდება, რომ ტვირთი ნამდვილად არ დატვირთულა ტრაილერში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძვლით საქმის წარმოების განახლება, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19722 ბრძანების, 2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება და გადახდილი თანხის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის პირველ ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ კონტროლის ზონაში შემოვიდა ------- (პ/ნ ------) მართვის ქვეშ მყოფი №------- სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირების მიზნით მძღოლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (11 სატრანსპორტო ზედდებული; საერთო წონა - 17846.3 კგ) საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა №---------- (01.06.2023) აღრიცხვის მოწმობა.
სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 5 ივნისს გამოცხადდა შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საბაჟო საწყობში (-------), სადაც საქონლის ნაწილი №------- (31.05.2023); №------ (31.05.2023); №------ (31.05.2023); №------ (30.05.2023); ------- (30.05.2023) საბაჟო დეკლარაციებით გაფორმდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო საქონლის ნაწილი საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე დროებით იქნა შენახული (დეკლარაციები: №------- (05.06.2023); №------- (05.06.2023); №------ (05.06.2023); №------ (05.06.2023); №------ (06.06.2023)) შპს „--------ს“ საბაჟო საწყობში.
2023 წლის 8 ივნისს შპს „------ს“ №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №------- სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №------ (06.06.2023) დროებით შენახვის დეკლარაციაში მითითებული, შპს „-------ს“ (ს/ნ ------) კუთვნილი საქონელი (საერთო წონით 135 კგ; ინვოისი №------- (27.04.2023) - ღირებულება 1707.75 ევრო).
ვინაიდან მომჩივნის მიერ არ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-------ს“ (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 2000 ლარი).
2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მიერ გასაჩივრდა 2023 წლის 13 და 21 ივლისის №119850/21-10-21 და №124936/21-10-21 საჩივრებით.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19722 ბრძანებით შპს „------ს“ №119850/21-10-21 და №124936/21-10-21 საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
2023 წლის 25 სექტებრის და 17 ოქტომბრის საჩივრებით შპს „-------მა“ მოითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლება.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26269 ბრძანებით შპს „------ს“ (ს/ნ ------) მოთხოვნა 2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დავის განახლებაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 19 თებერვლის №21287/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა, მომჩივნის განმარტებაზე, რომ „4.09.2023 წელს მიღებული აქვს -------ს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, სააგენტო „საბაჟოების“ ქ. ------ს საბაჟო ტერიტორიული დირექტორატის გადაწყვეტილება, სადაც მითითებულია, რომ მოხდა საქონლის დუბლირება და საქონელი შეცდომით არის დეკლარირებული ერთზე მეტ საბაჟო დეკლარაციაში. აღნიშნული იძლევა საფუძველს, რომ სადავო საკითხზე მიღებული იყოს განსხვავებული გადაწყვეტილება“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება უნდა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად და საბაჟო დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში უნდა დაევალოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განიხილოს საჩივარი და ახლად აღმოჩენილი გარემოებების შეფასების შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნულზე მითითებითით, საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 25.10.2023 წლის №26269 ბრძანება და№EL215386 4.07.2023 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში საჩივარი განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან: ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად; ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;
ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საჩივრის ავტორის მითითებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცლას და ტვირთის გადამოწმებას დასჭირდა ერთი სრული დღე და მეორე დღეს მიმართა საბაჟო ორგანოს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 8 ივნისს შპს „------ს“ №------ განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №------- სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა №------ (06.06.2023) დროებით შენახვის დეკლარაციაში მითითებული, შპს „-------ს“ (ს/ნ -------) კუთვნილი საქონელი (საერთო წონით 135 კგ; ინვოისი №------- (27.04.2023) - ღირებულება 1707.75 ევრო).
საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტის ნათარგმნი ვერსის მიხედვით, ქ. -------ს საბაჟოს ტერიტორიული დირექტორატის №------- გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოხდა ინვოისი MRN -------- თარიღი 23/05/2023 საქონლის დუბლირება MRN ------ თარიღი 12/05/2023 ექსპორტის ქვეშ მყოფ საქონლის ნაწილთან. ე. ი. საქონელი შეცდომით არის დეკლარირებული ერთზე მეტ საბაჟო დეკლარაციაში. შესაბამისად, გადაწყვიტა:
1. აუქმებს ექსპორტის რეჟიმში MRN ------- 23.05.2023;
2. გაუქმება უნდა განხორციელდეს ექსპორტის საბაჟო საინფორმაციო სისტემაში (MISI).
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის პირველ ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის ზოგადი დეკლარირების მიზნით მძღოლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (11 სატრანსპორტო ზედდებული; საერთო წონა - 17846.3 კგ) საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწერა №69601/D84792 (01.06.2023) აღრიცხვის მოწმობა. სატრანსპორტო საშუალება 2023 წლის 5 ივნისს გამოცხადდა მომჩივნის საბაჟო საწყობში, სადაც საქონლის ნაწილი შესაბამისი საბაჟო დეკლარაციებით გაფორმდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, ხოლო საქონლის ნაწილი საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე დროებით იქნა შენახული მომჩივნის საბაჟო საწყობში. 2023 წლის 8 ივნისს მომჩივნის განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ სატრანსპორტო საშუალებაში არ აღმოჩნდა დროებით შენახვის დეკლარაციაში მითითებული, შპს-ს კუთვნილი საქონელი (საერთო წონით 135 კგ; - ღირებულება 1707.75 ევრო). ვინაიდან მომჩივნის მიერ არ შესრულდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ და „ქ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, №EL215386 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 2000 ლარი).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - საბაჟო სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივრები უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1), 163(11).
საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის N455 დადგენილება.