ბრძანება N 12539
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12539
06 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 5 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 5 თებერვლის №78848/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №021-145 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „----------“ შპს „---------“-ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფ/პ ---------- შპს „----------“-ის წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33329 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) წილის შეძენიდან გამომდინარე განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33669 ბრძანება და ამავე თარიღის №021-145 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 286 852 ლარი, მათ შორის, გადასახადი 139 807 ლარი, ჯარიმა 69 904 ლარი, საურავი 77 141 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „----------“-ის დამფუძნებლები 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით არიან ---------- - 31.5%, ---------- - 21%, შპს „----------“ - 12% და შპს „----------“ - 35.5%. შპს „----------“ 2019 წლის 22 აგვისტოს იყიდა შპს „----------“-ის 35.5% წილი შპს „----------“. შპს „----------“ დამფუძნებლები არიან ---------- 50%, ---------- - 25%, ---------- - 25%.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-19 და 130-ე მუხლების, 97 მუხლის პირველი და 981 მუხლის პირველი ნაწილების გათვალისწინებით, მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს „----------“-ის წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები. შედეგად აღნიშნული განაცემის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 − 984 მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევის და სხვა გადახდების/განაცემების განხორციელების მომენტად ითვლება მათი ფაქტობრივად გაწევის/განხორციელების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიერ იმის მითითება, რომ წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს „----------“-ის წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება და მოცემული ოპერაციის, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, საეჭვო სამეურნეო ოპერაციად მიჩნევა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა არასწორია. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შპს „----------“-ის 35,5% წილი ერთმა იურიდიულმა პირმა (შპს „----------“) მიყიდა მეორე იურიდიულ პირს (შპს „----------“), ხოლო ამ იურიდიულ პირების დამფუძნებლები არიან სრულიად სხვადასხვა ფიზიკური პირები. კერძოდ, შპს „----------“ 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო ----------, ხოლო შპს „----------“ დამფუძნებლები კი არიან ----------, ----------, ----------. შესაბამისად, რომელი წილის გამსხვისებელი რომელი ფიზიკური პირები რჩებიან ამ გასხვისებული წილის ირიბ მესაკუთრედ და საერთოდ რა თანხა ჩაითვალა დივიდენდად და ვისზე გაცემულად გაუგებარია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დგინდება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით შპს „----------“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო ----------, ხოლო შპს „----------“ დამფუძნებლები არიან ----------, ----------, ----------.
შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით განმარტავს, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ შორის ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები არც ირიბად არ ფლობენ შპს „----------“-ის წილს და იცვლება წილის მესაკუთრეც. შესაბამისად, შპს „----------“ წილის შეძენის ოპერაციაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შპს „----------“ წილის შეძენის ოპერაციაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, კვალიფიკაციის შეცვლისა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს შპს „----------“ ასევე შეიძინა შპს „----------“-ის 0,5% პროცენტი წილი ----------. შემოწმებით კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლად მითითებულია, რომ წილის გასხვისება „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად“, რაც არასწორია, ვინაიდან არც საეჭვო სამეურნეო ოპერაციის ტერმინს და არც ამ საფუძვლით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს არ იცნობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის არც 73-ე და არც რომელიმე სხვა მუხლი. სავარაუდოდ, შემმოწმებელთა მიერ აღნიშნული ტერმინი აღებულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 ივლისის №20231 ბრძანებით დამტკიცებული „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“ მეთოდური მითითებიდან, რაც ასევე სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მეთოდური მითითებით ვერ მოხდება საგადასახადო კოდექსით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დადგენა. ეს ტერმინიც ამ მეთოდურ მითითებაში შემოტანილია იმ მიზნით, რომ შემმოწმებელმა საეჭვოდ მიჩნეული ოპერაცია შეისწავლოს, აღწეროს და გააანალიზოს საფუძვლიანად და ყველა შესაბამისი ქმედების ჩატარების შემდგომ მიიღოს სამართლებრივად გამართული და კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, სადავო წილის გასხვისების ოპერაცია განხორციელდა 2019 წლის აგვისტოში, აღნიშნული მეთოდური მითითება კი დამტკიცებული იქნა 2022 წლის ივლისში, შესაბამისად, ოპერაციის განხორციელებიდან 3 წლის შემდგომ მიღებული მეთოდური მითითების გამოყენება ამ ოპერაციის შესაფასებლად უსამართლოა. ოპერაციის ფორმა რა ნაწილში და რის საფუძველზე არ შეესაბამება მის შინაარსს აქტში არაფერია მითითებული. ფ/პ ---------- 2014 წლიდან ფლობდა შპს „----------“-ის წილს, რომლის გასხვისება გადაწყვიტა 2019 წელს და ამ წილის ნაწილის მფლობელი გახდა შპს „----------“, საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, ფორმაც და შინაარსის ცხადი და შესაბამისია ერთმანეთთან.
მომჩივანი ასევე, მიუთითებს, რომ გაურკვეველია რომელი საწარმოს მიერ განაწილებულ რომელ თანხას ბეგრავს შემოწმება. როგორც შემოწმების აქტიდან ჩანს, დასაბეგრ ბაზად აღებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების პერიოდში და ჩაითვალა, რომ მყიდველი საწარმოს მიერ მოხდა ნასყიდობის თანხის განაწილება მოგების სახით, რაც აფსურდია, რადგან შემოწმების აქტით ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლის მთავარი მოტივი არის ის, რომ შესაძლოა ფიზიკური პირის მიერ ხდება შპს „----------“-დან კუთვნილი დივიდენდის დაუბეგრავად გატანა. შესაბამისად, კიდეც რომ ჩაითვალოს, რომ შემოწმების მიერ ოპერაციისათვის კვალიფიკაციის შეცვლა განხორციელდა სწორად და კანონის მოთხოვნათა დაცვით, გამოდის რომ მოგების განაწილება და დივიდენდის გატანა განხორციელდა შპს „----------“-დან და ამავე საწარმოზე უნდა მომხდარიყო ამ ოპერაციის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაც. ამასთან, განაწილებულ მოგებად უნდა ჩათვლილიყო ფაქტობრივად გატანილი თანხები გატანის შესაბამის პერიოდებში და არა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მთლიანი თანხა ხელშეკრულების დადების მომენტში.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს „----------“ მიერ ფ/პ ---------- შეძენილი შპს „---------ს“ 0.5% წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შპს „----------“ წილის შეძენის ოპერაციაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, კვალიფიკაციის შეცვლისა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს შპს „----------“ მიერ ფ/პ ---------- შეძენილი შპს „-----------ის“ 0.5% წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება შპს-საგან წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვას.
2. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირისაგან წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელმა შეიძინა საწარმოს წილი შპს-საგან და ფიზიკური პირისაგან. მოცემულ პირობებში, ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები ირიბად კვლავ სრულად ფლობენ შპს-ის წილს, ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები.
შედეგად, აღნიშნული განაცემის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადოკოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით განმარტავს, რომ შპს-ებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ იკვეთება, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირები არც ირიბად არ ფლობენ წილს და იცვლება წილის მესაკუთრეც. შესაბამისად, წილის შეძენის ოპერაციაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად კვალიფიკაციის შეცვლა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვა დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, წილის შეძენის ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და ფიზიკურ პირებზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს ფიზიკური პირისაგან შეძენილი წილის ნასყიდობის სანაცვლოდ თანხის გადახდის განხორციელების მომენტი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(12); 19; 73(9); 97; 981(1); 130; 136(4); 154(1-ზ); 275