გადაწყვეტილება №27192/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27192/2/2026
02 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----ის (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ლიკვიდირებული შპს ---ის დირექტორი -----ს 20.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27192/2/2026).
დავის საგანი:
შპს -----ის საგადასახადო შემოწმების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 188 928.04 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 599 881
დღგ - 271 087
საშემოსავლო გადასახადი - 328 794
ჯარიმა - 299 941
საურავი - 289 106.04
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563 ბრძანება და ამავე თარიღის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 4.07.2024 წლის №23178/2/2024 (17.07.2024წ. 03/54927) გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.07.2024 წელს, რაც არ გასაჩივრებულა.
კომპანიის დირექტორი-------- მომართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს შპს -----ის მიმართ გამოცემული სადავო აქტების გაუქმებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია დარეგისტრირდა 13.06.2016 წელს. რეგისტრაციის დღიდან ფაქტიური მმართველი იყო ----. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მშენებლობა (აშენდა მხოლოდ ერთი კორპუსი). 2016-2019 წლებში აშენდა ათ სართულიანი კორპუსი, ---ში, ---ის ქ. №--ში. ბინების რეალიზაცია მოხდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების და შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც წესი გადახდები ხორციელდებოდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და როდესაც დაიფარებოდა სრული თანხა, შემდეგ ხდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ დარეგისტრირება.
2022 წელს განხორციელდა კომპანიის საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. კომპანიის დირექტორს ჰქონდა კომუნიკაცია საგადასახადოს თანამშრომელთან, რომელსაც მიაწოდე იმ დროისთვის ხელთ არსებული ინფორმაცია. მოგვიანებით შეიტყო, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და კომპანიას დაერიცხა გადასახადი, რასაც თავიდანვე არ დაეთანხმა. აღნიშნული შემოწმების აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა, რაზეც პასუხი არ მიუღია. 26.03.2026 წელს ჩამბარდა შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ საჩივრდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული აქტები ეფუძნება აშკარად არასწორ ინფორმაციას, დარიცხული გადასახადები გამოთვლილია არასწორად და ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებს. არ არის მითითებული კონკრეტულად რა ბაზებით და რეესტრის რომელი მონაცემებით იხელმძღვანელა შემმოწმებელმა ორგანომ. დარიცხული გადასახადის ოდენობა არ შეესაბამება რეალურ ბრუნვას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563, ამავე თარიღის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა, 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანება და ასევე, ითხოვს ობიექტურად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და მისი (დირექტორის) მონაწილეობით/ჩართულობით ჩატარდეს კომპანიის საგადასახადო შემოწმება და გათავისუფლდეს უკანონოდ და თვითნებურად დარიცხული გადასახადებისგან.
გაუგებარია თუ რას დაეფუძნა ზემოაღნიშნული საგადასახადო აქტები, რა სახის შემოწმება ჩატარდა და რამდენად სარწმუნოა. მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა (12.03.2026წ.), შემოსავლების სამსახურმა არ მიაწოდა საგადასახადო შემოწმების წარმოების მასალები სრულად. საგადასახადო შემოწმების აქტები და ბრძანებები ეფუძნება ვარაუდებს და არანაირად არ ასახავს სიმართლეს. გადასახადს აფიქსირებდა სწორად და არანაირ მაქინაციებს არ ახორციელებდა. აუხსნელია თუ საიდან მოიტანეს გადასახადების ის ოდენობა, რაც დაფიქსირებულია საგადასახადო შემოწმების აქტებში და ბრძანებებში. არ იყენებს საგადასახადო ელექტრონულ სისტემას და კომპანია არ ფუნქციონირებს (ლიკვიდირებული). შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც საქართველოში აქვს მუდმივი საცხოვრებელი და მარტივადაა შესაძლებელი მასთან (დირექტორთან) დაკავშირება, შემოსავლების სამსახურის შეფარული მოქმედებები და სიცრუეზე დაფუძნებული საგადასახადო დოკუმენტების ფარულად შედგენა,არ შეიძლება გაზიარებული იქნეს უპირობოდ და გასაჩივრების უფლება მოესპოს, მხოლოდ იმიტომ, რომ საგადასახადო ორგანოს მუშაკმა არ აცნობა შედგენილი აქტების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს:
- გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563 ბრძანება, 23.12.2022 წლის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა, შპს ------ის 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანება;
- ობიექტურად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით და მისი მონაწილეობით/ჩართულობით ჩატარდეს შპს ----ის საგადასახადო შემოწმება და კომპანია გათავისუფლდეს უკანონოდ და თვითნებურად დარიცხული გადასახადებისგან;
- საჩივრის განხილვისას გამოყენებული იქნეს №- საქმის მასალები და დაცვის მტკიცებულებები, ასევე მის მიერ 6.05.2026 წელს აღმოჩენილი და №-- საქმეზე დართული შპს ----ის საქმიანობის შესახებ საბუღალტრო ინფორმაცია.
- საჩივრის განხილვის დროის და ადგილის შესახებ ეცნობოს წინასწარ, რათა წარადგინოს პოზიციის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, კომპანიის დირექტორმა ------ აღნიშნა, რომ კომპანია ლიკვიდირებულია, თუმცა სასამართლოში მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე. განხილული საკითხის ხელახლა განხილვა შესაძლებელია ახლად აღმოჩენილი გარემოებით, რასაც წარმოადგენს საჩივრის დანართად და ითხოვს მისი მონაწილეობით/ჩართულობით ჩატარდეს შპს ------ის საგადასახადო შემოწმება და კომპანია გათავისუფლდეს უკანონოდ და თვითნებურად დარიცხული გადასახადებისგან.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს -----ის საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 7.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში და მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32563 ბრძანება და ამავე თარიღის №081-281 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2.02.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 4.07.2024 წლის №23178/2/2024 (17.07.2024წ. ---) გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.07.2024 წელს, რაც არ გასაჩივრებულა. საბჭო მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2025 წლის განჩინებით (საქმის №---, საქმე №--) შპს --- გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 6.06.2025 წლის №------ გადაწყვეტილებით.
ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების მხარე შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხოლო ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას და ამ მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს. ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, ასევე უფლებამოსილებას.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ასევე, ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ამგვარად, ვინაიდან იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ კომპანია აღარ არსებობს როგორც სამართლის სუბიექტი და ვეღარ მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის – დავის წარმოებაში. რადგან ლიკვიდირებული კომპანია აღარ არის სამართლის სუბიექტი, მას აღარ გააჩნია პროცესუალური ქმედუნარიანობა – ვერ იქნება მხარე საგადასახადო დავაში და შესაბამისად, მისი სახელით საჩივრის წარდგენა სამართლებრივად შეუძლებელია. ამასთან, კომპანიის ლიკვიდაციის დასრულებისთანავე წყდება დირექტორის უფლებამოსილებაც, იგი ვეღარ წარმოადგენს არარსებულ სუბიექტს. შესაბამისად, ----- არ არის უფლებამოსილი პირი, იმოქმედოს კომპანიის სახელით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სადავოს არ წარმოადგენს ფაქტი, რომ კომპანია ლიკვიდირებულია, საჩივრის ავტორი, ----, არ არის უფლებამოსილი წარმოადგინოს შპს ----. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა - შპს ------ის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე/განახლებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის საგადასახადო შემოწმების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №19772 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32563 ბრძანება და №081-281 საგადასახადო მოთხოვნა.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №17571 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №23178/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 19.07.2024 წელს, რაც არ გასაჩივრებულა.კომპანიის დირექტორი მომართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მომჩივანის მიმართ გამოცემული სადავო აქტების გაუქმებაზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „გ“);