ბრძანება N 12225

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12225
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12225

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 18 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს ----- (ს/ნ ----) №102420/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის მარტში შეიძინა მიწის ნაკვეთი ორი ფიზიკური პირისაგან. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გეგმავს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას.

შპს „-----“ შეძენილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურებს ნაწილობრივ ფულადი სახით, ხოლო ნაწილობრივ ამავე მიწის ნაკვეთზე აშენებული საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების ფართების მიწოდებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 7 ივნისის №195 საჯარო გადაწყვეტილების თანახმად, „გარიგება, რომლის დროსაც საქონლის/მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურება ხორციელდება ნაწილობრივ არაფულადი (საქონლის/მომსახურების) და ნაწილობრივ ფულადი სახით, წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას“. შესაბამისად, შპს „-----“-ის მიერ ხსენებულ ორ ფიზიკურ პირთან დადებული გარიგება წარმოადგენს ბარტერულ ოპერაციას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის №195 საჯარო გადაწყვეტილების საფუძველზე, შპს „-----“-სა და ხსენებულ ფიზიკურ პირებს შორის დადებული ბარტერული გარიგების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა ნულის ტოლია, რადგან მიწის მესაკუთრეებისთვის ანაზღაურებული თანხა მეტია მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაზე.

თავდაპირველად, შპს „-----“-მა ზედმიწევნით იხელმძღვანელა ფინანსთა მინისტრის N195 საჯარო გადაწყვეტილების დებულებებით და მიიჩნია, რომ 2026 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდში მას არ ჰქონდა ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის ვალდებულება. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია“. ეს გარემოება გახდა მიზეზი რატომაც შპს „------“-მა 2026 მარტში არ წარადგინა დღგ-ის დეკლარაცია. შემდგომში შპს „------“-მა შეიტყო, რომ საგადასახადო ორგანოს ზემოხსენებული ბარტერული გარიგების შემთხვევებზე (კერძოდ, როცა მიწის მესაკუთრისთვის ასანაზღაურებელი თანხა აღემატება მიწის საბაზრო ღირებულებას) ჰქონდა განსხვავებული მიდგომა.

შესაბამისად, შპს „-----“-ის დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს 9 662 767 ლარს. 2026 13 მაისს ზუსტად ეს თანხა დაადეკლარირა და ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად გადაიხადა. ასევე, სრულად გადაიხადა დარიცხული საურავიც 20 635.73 ლარის ოდენობით.

აღწერილი ფაქტებით ცალსახად დასტურდება, რომ შპს „-----“ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. უფრო მეტიც, ბარტერულ გარიგებებთან დაკავშირებით მან გაითვალისწინა საგადასახადო ორგანოს პრაქტიკული მიდგომა, რომელიც განსხვავდება ფინანსთა მინისტრის №195 საჯარო გადაწყვეტილების დებულებებისგან და ბიუჯეტის სასარგებლოდ მოახდინა 1 473 981 ლარის დღგ-ის დეკლარირება და გადახდა. ასევე, სრულად გადაიხადა დარიცხული საურავი 20 635.73 ლარის ოდენობით, რითაც დამატებით ფინანსური ზიანი მიადგა თავად შპს „-----“-ს. ამრიგად, ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შპს „-----“-ს თავისი ქმედებით არანაირი ზიანი არ მიუყენებია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საურავისა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ----- (ს/ნ -----) მიერ დაგვიანებით 2026 წლის 4 მაისს წარმოდგენილ იქნა 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია ნულოვანი ფორმით, 13.05.2026 წელს წარმოადგინა დაზუსტებული დეკლარაცია (დარიცხვით).

ზემოაღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე 2026 წლის 14 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №----- . საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა

73 699.05 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 14.05.2026 წელს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ---- (ს/ნ -----) 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დაზუსტებული დეკლარაციის საფუძველზე ბიუჯეტში გადასახადელი თანხა შეადგენს 1 473 981 ლარს, რომელიც დარიცხულია 15.04.2026 წლის სავადო თარიღით.

ერთი დღის შედარების აქტის მიხედვით 13.05.2026-დან 14.05.2026-მდე, დადგენილ ვადაში გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი 20 635.73 ლარი. აღნიშნული თანხის დარიცხვამდე, 13.05.2026 წლის მდგომარეობით, შპს ----- (ს/ნ -----) ერიცხება 0 ლარი. 13.05.2026 წელს გადახდილია 1 495 400 ლარი, რითაც დავალიანება დაფარულია სრულად: კერძოდ, დაფარულია ძირითადი 1 473 981 ლარი და საურავი 20 635.73 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2026 წლის 29 მაისის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხება ზედმეტად გადახილი თანხა 2 533.27 ლარი, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომლებიც აღიარებული არ არის,73 699.05 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს საურავისა და სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს მიერ დაგვიანებით 2026 წლის 4 მაისს წარმოდგენილ იქნა 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია ნულოვანი ფორმით, 13.05.2026 წელს წარმოადგინა დაზუსტებული დეკლარაცია (დარიცხვით). გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას, ხოლო პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი მართლზომიერია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:168(1);274(1);