გადაწყვეტილება №21378/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21378/2/2023
22 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 21.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21378/2/2023).
დავის საგანი:
ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ბინის საბაზრო ფასი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №007-365 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27841 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 22 450 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 14 201
დღგ - 10 847
მოგების გადასახადი - 3 354
ჯარიმა - 5 503
საურავი - 2 746
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით, პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 9.01.2017 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 10.01.2017 წელი. გადასახადის გადამხდელმა, საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით, 2017 წელს შეიძინა 2 570 კვ.მ.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, "-------"-ში,შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის მარტში გადაცემულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე "--------"-ზე საცხოვრებელი ბინა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ბინა მიჩნეული იქნა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შესაბამისად, სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის, მე-19 მუხლის, 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის, აგრეთვე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32618 ბრძანება და №007-365 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11293 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 სექტემბრის №19912/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და 13.11.2023 წლის №27841 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27841 ბრძანება ნაწილობრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, წარდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომ კომპანიას გააჩნია რამდენიმე კატეგორიის საბაზრო ფასი, კერძოდ, ფასები განსხვავდება ერთიანი გადახდის, განვადებით გადახდის, შპს „------- -ის “ მიერ რეალიზაციისა და მომჩივანის მიერ ბინის რეალიზაციის დროს. ასევე, მშენებლობის საწყის და დასრულების ეტაპზე სარეალიზაციო ფასები განსხვავდება. ვინაიდან, აღნიშნული ბინის რეალიზაცია განხორციელდა მშენებლობის საწყის ეტაპზე (სხვა კომპანიების თუ მაკლერების დახმარების გარეშე), ზურა დადვანმა „წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ გაფორმების მომენტში წინსწრებით გადაიხადა ბინის ღირებულების 60%, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მიაჩნია რომ მიწოდება განხორციელდა იმ მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასით, ასევე მსგავსი და მიახლოებული ფასებით განხორციელებულია სხვა რეალიზაციებიც არაურთიერთდამოკიდებულ პირებზე. თუ არ იქნება გათვალისწინებული ზემოაღნიშნული პოზიცია, ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული ბინის საბაზრო ფასი განისაზღვროს მომჩივანის საკუთრებაში არსებული ბინების ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე შპს „------ -ის “ მიერ განსაზღვრული სარეალიზაციო ფასების მიხედვით. კერძოდ, მომჩივანსა და შპს „------ -ს “ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომჩივანის ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას შპს „------- -ს “ წინასწარ განსაზღვრული ბინების გაყიდვაზე, ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია სარეალიზაციო ფასები დღგ-ის ჩათვლით, განვადებით გაყიდვის შემთხევაში 1 კვ.მ. - 580 აშშ დოლარი,ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 1 კვ.მ. - 530 აშშ დოლარი. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, შპს „-------“ მომსახურების სახით იღებდა სარეალიზაციო ფასის 7%-ს თითოეულ რეალიზებულ ბინაზე. შესაბამისად, 580 დოლარად გაყიდული ბინიდან, მომჩივანს ერგებოდა 580-580*7%=540 დოლარი, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში 530-530*7%=493 დოლარი. შპს „------ -ს “ პროექტიდან ექსკლუზიურად გაყიდვის უფლება ჰქონდა 3 300 კვ.მ-ზე, დანარჩენი სარეალიზაციო ფართების გასხვისება შეეძლო თავად მომჩივანს.შემოწმების მიერ დადგენილი მაქსიმალური საბაზრო ფასი, რომელიც გამომდინარეობს შპს „------ -თან ” დადებული ხელშეკრულებიდან, არარელევანტურია იქიდან გამომდინარე, რომ ბინის რეალიზაცია მოახდინა კომპანიამ დამატებითი მარკეტინგული აქტივობების გარეშე (ბინის რეალიზაციაში მონაწილეობა არ მიუღია „შპს ------ -ს ” ან სხვა ე.წ. მაკლერს). შედეგად, გადასახადის გადამხდელი ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული დღგ-ის და მოგების გადასახადის გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ეწეოდა სამშენებლო საქმიანობას. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაქირავებული ყავდა თანამშრომელი შრომის უსაფრთხოების პოზიციაზე, რომელიც კვირაში ერთხელ ცხადდებოდა სამსახურში (თუმცა ამ უკანასკნელს მნიშვნელობა არც უნდა ჰქონდეს). კომპანიას აღნიშნულ თანამშრომელზე 2021 წლის მარტში გადაცემული ქონდა საცხოვრებელი ბინა (37 კვ.მ.) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ოპერაცია, რომელიც განხორციელდა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დღგ-ის მიზნებისათვის მიჩნეულ იქნა როგორც ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული და აღნიშნული მიწოდება დაიბეგრა საბაზრო ფასით. ფაქტობრივი გასაყიდი ფასი იყო 400 აშშ დოლარი. შემოწმებამ დღგ დაარიცხა 580 აშშ დოლარიდან.
აღნიშნული საკითხი გასაჩივრებული იყო შემოსავლების სამსახურში, რომელმაც არ გაიზიარა გადასახადის გადამხდელის პოზიცია, შემდეგ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც უკან დააბრუნა განსახილველად აღნიშნული საკითხი, თუმცა შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურმა კვლავ არ ჩათვალა მართებულად დაეკორექტირებინა აღნიშნული თემა და მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, კვლავ აფიქსირებს პოზიციას, რომ თანამშრომელზე შეღავათიანი ფასით საქონლის მიწოდება საგადასახადო კოდექსის 2021 წლის შემდგომი პერიოდების რეგულაციების თანახმად, არ ითვლება დღგ-ში დამატებითი დარიცხვის საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
- საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. განსახილველ შემთხვევაში, დაქირავებულ თანამშრომელს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს კომპანიის საქმიანობაზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დაკონკრეტებულია თუ რა შემთხვევები შეიძლება გავიდეს „განსაკუთრებულ ურთიერთობებში“.
არც ერთ ჩამოთვლილ პოზიციებში თანამშრომლისა და კომპანიის ურთიერთობა არ მოიაზრება.
- დღგ-ის ახალი რეგულაციების ძალაში შესვლიდანვე, საჯარო და სხვა ტიპის განხილვებში მუსირებდა ის აზრი, რომ ამ რეგულაციებით დღგ-ის მიზნებისათვის თანამშრომელზე შეღავათიანი ფასით საქონლის მიწოდება დამატებით საგადასახადო ვალდებულებებს არ წარმოშობდა. იგივე მიდგომა იყო თანამშრომელზე საქონლის უსასყიდლო მიწოდებასთან დაკავშირებითაც - იბეგრება იმ შემთხვევაში, თუ დასაბეგრი პირის მიერ ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. აღნიშნული კი არის ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე განხილული მიდგომები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ თანამშრომელზე საქონლის შეღავათიანი ფასით მიწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს დღგ-ში დამატებითი დარიცხვის საფუძვლად და აღნიშნულზე არ უნდა განხორციელდეს დამატებითი დარიცხვები.
ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას და შესაბამის სამსახურისათვის დავალებას, რათა მოახდინოს 2022 წლის 23 დეკემბრის №007-365 საგადასახადო მოთხოვნის კორექტირება ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 13 ნოემბრის №27841 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ:
ა) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს ამ კოდექსის შესაბამისად, არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება და მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე;
გ) დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა მაღალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის მარტში ურთიერთდამოკიდებულ პირზე "------"-ზე გადაცემულია საცხოვრებელი ბინა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ბინა მიჩნეული იქნა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შესაბამისად სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, განსახილველი საკითხის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ თანამშრომელზე საქონლის შეღავათიანი ფასით მიწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს დღგ-ში დამატებითი დარიცხვის საფუძვლად და რომ აღნიშნულზე არ უნდა განხორციელდეს დამატებითი დარიცხვები.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბაზრო ფასის განსაზღვრის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანს მიაჩნია, რომ თანამშრომელზე საქონლის შეღავათიანი ფასით მიწოდება არ შეიძლება ჩაითვალოს დღგ-ში დამატებითი დარიცხვის საფუძვლად და აღნიშნულზე არ უნდა განხორციელდეს დამატებითი დარიცხვები.
ითხოვს მოხდეს 2022 წლის 23 დეკემბრის №007-365 საგადასახადო მოთხოვნის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 13 ნოემბრის №27841 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 9.01.2017 წელი, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 10.01.2017 წელი. გადამხდელმა, საცხოვრებელი კორპუსის აშენების მიზნით, 2017 წელს შეიძინა 2 570 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის მარტში გადაცემულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე საცხოვრებელი ბინა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად. ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ბინა მიჩნეული იქნა საბაზრო ფასით რეალიზებულად, შესაბამისად, სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელის მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32618 ბრძანება და №007-365 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.11.2023 წლის №27841 ბრძანება ნაწილობრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
18,19,97,981,159,164.