ბრძანება N 25508

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.12.2024
№ დოკუმენტი 25508
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25508

05 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ. მის.: -------------------------)

2024 წლის 8 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 8 ნოემბრის №92757/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აღნიშნავს, რომ სალაროდან გატანილი 50 000 ლარი წარმოადგენდა კომპანიის დამფუძნებლის სარეზერვო კაპიტალს. განმარტავს, რომ 2018 წლის 15 თებერვალს საწარმომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით შიდა ბაზარზე შპს „---------"-სგან შეიძინა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება (გამწევი და მისაბმელი). ვინაიდან შპს-ს არ გააჩნდა ფინანსური რესურსი, დამფუძნებლის მიერ შეტანილ იქნა სარეზერვო კაპიტალი. აღნიშნულიდან გამომდინარე გატანილი თანხა განხილულ იქნა სარეზერვო კაპიტალის გატანად და არ დაიბეგრა.

2. გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის საწვავის ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ საწვავის ხარჯი შეადგენს 96 109 ლარს, რომელზეც წარდგენილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, უცხოეთში შეძენილი საწვავის ქვითრები. რადგან 2021 წლიდან დიდი პერიოდი იყო გასული, აღნიშნული ქვითრები იყო ფერგადასული და არ იკითხებოდა მონაცემები. ხოლო საბუღალტრო პროგრამაში ზუსტად იყო აღრიცხული საწვავის შეძენები და ჩამოწერები. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწვავის მთლიანი ხარჯი არ აღემატება შემოსავლის 27%-ს. რაც მიაჩნია დასაშვებ ნორმად, რადგან აღნიშნული ხარჯის გარეშე გადამხდელი ვერ შეასრულებდა საქმიანობას. ითხოვს ხარჯის დადასტურებულად მიჩნევას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №13165 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 7 ოქტომბრის №21839 ბრძანება და 8 ოქტომბრის №041-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 420 ლარი, მათ შორის, გადასახადი 80 705 ლარი, ჯარიმა 40 353 ლარი, საურავი 34 362 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „--------" გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2017 წლის 08 სექტემბერს, ხოლო დღგ-ს გადამხდელად 2018 წლის 5 თებერვლიდან. კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახმელეთო სატრანსპორტო საერთაშორისო გადაზიდვები. გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს როგორც მისი კუთვნილი ტრაილერებით, ასევე მოქმედებს როგორც ექსპედიტორი. გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და ორისის საბუღალტრო პროგრამა. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2021 წლის 20 მარტს სალაროდან კაპიტალის სახით გატანილია 50 000 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში კაპიტალის წარმოშობის სისწორე არ დადასტურდა. ასევე, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს გადაზიდვები .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანიას გაწეული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯი. მათ შორის, საწვავის ხარჯი 96 109 ლარი, საიდანაც 61 634 ლარზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები შემოწმების მიერ დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. საწარმო შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანიებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) ------ში დაფუძნებული კომპანიის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა და გონივრული ვადის გათვალისწინებით დასაბეგრმა მოთხოვნამ ჯამში შეადგინა 268 083 ლარი. გადამხდელმა აღნიშნულ ნაწილზე წარმოადგინა მეორე მხარესთან ----------------- - შედარების აქტი, რომლითაც ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 982 -ე და 983 მუხლებით გაწეული მომსახურების ღირებულება განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად, შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ამონაწერები, ახსნაგანმარტება, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ორისის საბუღალტრო პროგრამა). ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით 2021 წლის 20 მარტს სალაროდან კაპიტალის სახით გატანილია 50 000 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში კაპიტალის წარმოშობის სისწორე არ დადასტურდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დამფუძნებელმა 2018 წლის 5 თებერვალს კაპიტალის სახით შეიტანა 50 000 ლარი, რომლითაც შეძენილია სატვირთო ავტომობილი.გადამხდელის ბუღალტერიის მიხედვით, ამავე წლის ბოლოს საწარმოს ჰქონდა 88 166 ლარის ნაღდი ფული (11 00 ანგარიშზე), რომელიც ამავე პერიოდში ჩამოიწერება და გადადის ხარჯის ანგარიშზე. საკითხის შესწავლისას გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა აღნიშნული 88 166 ლარის შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, რა ხარჯი იქნა გაწეული ამ თანხით (რადგან ბუღალტერიაში არ ჩანს რა მიზნით, მხოლოდ თანხა არის დაკრედიტებული), რაზეც გადამხდელმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა. შესაბამისად, შემოწმებამ მიიჩნია, რომ კაპიტალის გატანა განხორციელდა 2018 წლის ბოლოს, ხოლო 2021 წლის 20 მარტს სალაროდან გატანილი 50 000 ლარი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი:

ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელმა წარადგინა ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები (უცხოეთში გადახდილი ქვითრები), მათ შორის, საწვავის ხარჯის დოკუმენტები. ბუღალტრული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში საწვავის ხარჯი შეადგენს 96 109 ლარს, რაც შემოსავლის 27%-ია. წარმოდგენილი დოკუმენტებით მოხდა საწვავის ხარჯის იდენტიფიცირება 34 478 ლარის ოდენობით, რაც 2021 წლის შემოსავლის 10%-ს შეადგენს. იგივე პროპორცია (საწვავის ხარჯი შემოსავალთან მიმართებით) 2022 და 2024 წლებზე შეადგენს 11%-ს და 8% -ს. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ შემოწმებით დადგენილი სხვაობა (61 634 ლარი) არ იყო დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ხოლო ამ მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) ---------ში დაფუძნებული კომპანიის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა და გონივრული ვადის გათვალისწინებით მოთხოვნამ (დასაბეგრმა) ჯამში შეადგინა 268 083 ლარი. გადამხდელმა აღნიშნულ ნაწილზე წარმოადგინა მეორე მხარესთან -----------თან შედარების აქტი, რომლითაც ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. შედეგად, მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად, შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ მათ წარადგინეს ურთიერთშედარების ბარათი, რომლითაც არარეზიდენტი კომპანია აღიარებს დავალიანებას და აღნიშნავს, რომ არარეზიდენტი დავალიანებას ფარავს ეტაპობრივად. განმარტავს, რომ კომპანიასთან აქვთ დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა, რაღაც ეტაპზე მას შეექმნა ფინანსური პრობლემები და ვერ ახერხებდა ვალის გადახდას. ხოლო აღნიშნულ ეტაპზე ეტაპობრივად ახორციელებს თანხების გადახდას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და პირველ პუნქტს დაემატა „ლ“ ქვეპუნქტი „დებიტორული დავალიანების შესახებ“ №11 დანართის შესაბამისად.

ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმების, საქმეში არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს და აღნიშნავს, რომ სალაროდან გატანილი 50 000 ლარი წარმოადგენდა კომპანიის დამფუძნებლის სარეზერვო კაპიტალს. გატანილი თანხა განხილულ იქნა სარეზერვო კაპიტალის გატანად და არ დაიბეგრა.

2.2021 წლის საწვავის ხარჯის დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს ხარჯის დადასტურებულად მიჩნევას.

3.შემოწმების მიერ დებიტორული დავალიანების არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13165 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №21839 ბრძანება და №041-55 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 155 420 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით სალაროდან კაპიტალის სახით გატანილია 50 000 ლარი, ხოლო შემოწმების პროცესში კაპიტალის წარმოშობის სისწორე არ დადასტურდა. ასევე, საბაჟო დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს გადაზიდვები , რომელიც არ არის აღრიცხული.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიღებული თანხები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. პირს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ასევე,გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბუღალტრო პროგრამა ორისის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანიას გაწეული აქვს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯი. მათ შორის, საწვავის ხარჯი 96 109 ლარი, საიდანაც 61 634 ლარზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 პრიმა მუხლის მიხედვით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები შემოწმების მიერ დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ამასთან,საწარმო შემოსავლების ძირითად ნაწილს იღებს უცხოეთში დაფუძნებული კომპანიებიდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით. სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს უფიქსირდება მომსახურების გაწევით წარმოქმნილი მოთხოვნა (დებიტორული დავალიანება) არარეზიდენტი კომპანიის მიმართ, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში იზრდებოდა და გონივრული ვადის გათვალისწინებით დასაბეგრმა მოთხოვნამ ჯამში შეადგინა 268 083 ლარი. გადამხდელმა აღნიშნულ ნაწილზე წარმოადგინა მეორე მხარესთან შედარების აქტი, რომლითაც ადასტურებს მოთხოვნის არსებობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 96-ე, 982 -ე და 983 მუხლებით გაწეული მომსახურების ღირებულება განხილულ იქნა არარეზიდენტზე გაცემულ უპროცენტო სესხად, შესაბამისად განსაზღვრულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები, გაცემული სესხი და მისაღები პროცენტები დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დებიტორული დავალიანების არარეზიდენტზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №11-ის შესაბამისად. ასევე, შესწავლისას გაითვალისწინოს შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ჩარიცხული თანხები და აღნიშნულის მიხედვით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ა“ და „ბ“.3 „ზ“.8); 983(1); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“) ;