გადაწყვეტილება №8699/2/2019
📄 სრული ტექსტი
№8699/2/2019
19.02.2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------------
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.02.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------------ 5.07.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
საბანკო გარანტიებზე შექმნილი რეზერვების გამოქვითვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის -----------საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.06.2019 წლის -----------ბრძანება;
დარიცხული თანხა: 29825 ლარი
მათ შორის:
გადასახადი: 17813
მოგების გადასახადი - 12442
საშემოსავლო გადასახადი - 5371
ჯარიმა - 9004
საურავი - 3008
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2018 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელის საქმიანობის სახეა კომერციული საბანკო საქმიანობა.
შემოწმების აქტის მიხედვით, ბანკი საბანკო გარანტიას განიხილავს სესხად და შესაძლო დანაკარგების რეზერვის თანხას აღიარებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. გარანტია, სანამ არ მოხდება მისი სესხად გარდაქმნა, წარმოადგენს პირობით ვალდებულებას და ის ვერ იქნება განხილული როგორც სესხი. შესაბამისად მასზე არ უნდა მოხდეს სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების თანხების გამოქვითვა.
აღნიშნული აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის -----------საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.06.2019 წლის №19646 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (სადავო საკითხის ნაწილში არ დაკმაყოფილდა), რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის №ას-1062-1022-2016 გადაწყვეტილების მიხედვით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი), რომელიც შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობით, რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება მსესხებელის საკუთრებაში ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან.
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სესხი, საბანკო გარანტია და აკრედიტივი სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებია, საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისათვის გარანტია, აკრედიტივი და სხვა მსგავსი ხელშეკრულებები ვერ იქნება განხილული როგორც „სესხი“ და მათთან დაკავშირებული შესაძლო დანაკარგების რეზერვები არ ექვემდებარება გამოქვითვას.
მომჩივნის არგუმენტაცია
„კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ წესის მიზანია კომერციულმა ბანკებმა თავიანთი აქტივების კლასიფიკაციისა და რეზერვებთან დაკავშირებული ვალდებულებებისათვის უზრუნველყონ შიდა პროცედურებისა და საანგარიშგებო მოთხოვნების ჩამოყალიბება და შესრულება. გარანტიაზე შექმნილი რეზერვის თანხით 2015 წლის გამოქვითვების შემცირება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების მიზნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საგადასახადო კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბანკები და საკრედიტო კავშირები სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებენ კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 17.07.2014 წლის №51/04 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი არის კომერციული ბანკის აქტივებისათვის შექმნილი რეზერვის ანგარიში, რომელიც წარმოადგენს სასესხო და არასასესხო აქტივების და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების დასაფარავად გათვალისწინებულ თანხას. ეს რეზერვი მოიცავს როგორც სპეციალურ, ისე საერთო რეზერვებს.
ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სესხი არის სესხის ხელშეკრულებით კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემული ქონება (სათანადო უზრუნველყოფით ან მის გარეშე), რომელზეც მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ეს ქონება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით. ეს ტერმინი მოიცავს აგრეთვე სამეურნეო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემულ ავანსს, ასევე სესხის და კრედიტის პირდაპირ ან არაპირდაპირ გაცემას, ამ კომერციული ბანკის იურიდიულ ვალდებულებას გასცეს კრედიტი ნებისმიერი ფორმით, როგორიცაა ოვერდრაფტი, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა სახელშეკრულებო ვალდებულება კონკრეტული პირობებით, ან ბანკის ნებისმიერ სხვა პირობით ვალდებულებას.
ბანკებს და საკრედიტო კავშირებს, უფლება აქვთ კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, განახორციელონ ამავე წესით განსაზღვრული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბანკო გარანტიებზე შექმნილი რეზერვების გამოქვითვა გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შემოწმების აქტით აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.06.2019 წლის -----------ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2018 წლის -----------საგადასახადო მოთხოვნა;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საბანკო გარანტიებზე შექმნილი რეზერვების გამოქვითვის გათვალისწინებით უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.