გადაწყვეტილება №17705/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2022
№ დოკუმენტი 17705/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17705/2/2022

25.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 5.09.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17705/2/2022).

 

დავის საგანი:

დამატებით გამოვლენილი რეისების ფასი, მისი გაანგარიშების მეთოდი და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №001-499 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 58 865 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 31 564

ჯარიმა - 15 782

საურავი - 11 519

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება. ძირითადად ახორციელებს რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით, გადააქვს მალფუჭებადი სახის საქონელი, როგორიცაა: ბოსტნეული, საკონდიტრო ნაწარმი, ასევე, ღვინო. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება და 2018 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს საბუღალტრო პროგრამა „ორის“-ში. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც სრულად არ იქნა წარდგენილი. ასევე, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საიდანაც, მიწოდებული იქნა, ინფორმაციის ნაწილი. ამასთან, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო დეპარტამენტისგან.

ვინაიდან, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ იყო სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ერთმანეთს შედარდა შემოწმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ გადაგზავნილი ინვოისები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, CMR და საბაჟო კვეთებისა და დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. დადგინდა, რომ კვეთების მიხედვით არსებული ინფორმაცია განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი განხორციელებული რეისებიდან გაანგარიშდა მისაღები შემოსავლების ოდენობა. ფასი განსაზღვრული იქნა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით. დამატებით არსებული ფულადი ნაშთი, „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2021 წლის №41740 ბრძანება და №001-499 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.07.2022 წლის №19517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების მიერ არ არის გამოკვლეული და შეჯერებული საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები. კერძოდ, დამატებით გამოვლენილი რეისების ფასის განსაზღვრისას გამოყენებულია საშუალო არითმეტიკული მეთოდი, რომელიც არის დაკვირვებათა ჯამის შეფარდება დაკვირვებათა რაოდენობაზე, არა აქვთ გამოკვლეული და შეჯერებული რა სახის ტვირთებზეა საუბარი, მალფუჭებადია ტვირთი თუ არა, სახმელეთო მარშრუტია თუ საზღვაო, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეისის ფასის (ღირებულების) განსაზღვრაზე. მნიშვნელოვანია, ასევე ის ფაქტი, რომ შემმოწმებლებს არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ შემოწმების მიერ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამდენივე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას, აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად და დასაბეგრია საშემოსავლო გადასახადით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლის მოთხოვნები. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

ამავე კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ. ამდენად, ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან და საბაჟო დეპარტამენტისგან. ერთმანეთს შედარდა შემოწმების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინვოისები, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, CMR და საბაჟო კვეთებისა და დეკლარაციების შესახებ ინფორმაცია. შედეგად დადგინდა, რომ კვეთების მიხედვით არსებული ინფორმაცია განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციისაგან და აღემატებოდა მის მიერ შესრულებული რეისების რაოდენობას. შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი განხორციელებული რეისებიდან გაანგარიშდა მისაღები შემოსავლების ოდენობა, ხოლო ფასი განისაზღვრა შესაბამისი მიმართულების ქვეყნისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ინვოისში დაფიქსირებული რეისის ფასის მიხედვით. ამასთან, დამატებით არსებული ფულადი ნაშთი, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი არ ეთანხმება დამატებით გაანგარიშებული რეისის ფასის (ღირებულების) განსაზღვრის მეთოდს, აღნიშნავს, რომ არ არის გამოკვლეული და შეჯერებული რა სახის ტვირთებზეა საუბარი, მალფუჭებადია ტვირთი თუ არა, სახმელეთო მარშრუტია თუ საზღვაო, რაც გავლენას ახდენს რეისის ფასის განსაზღვრაზე. ასევე, საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, რომ დამატებით გამოვლენილი რეისებით განსაზღვრული თანხები ზუსტად ამდენივე ოდენობით მიღებული აქვს კომპანიას, მაგრამ არ წარმოადგენს ინფორმაციას, მტკიცებულებას, გაანგარიშებას, თუ არა შემოწმებით გამოყენებული მეთოდისა, რეალური შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, მისი არგუმენტების გათვალისწინებით, რა მეთოდით და რა მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიჩნევს გაანგარიშებას და შესაბამისად დარიცხვას არამართლზომიერად. ამდენად, მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია.

აუდიტის დეპარტამენტი 12.09.2022 წლის №91892-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, ფაქტობრივ გარემოებებზე დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში განხორციელდა გადასახადის გადამხდელთან კონტაქტი, მისთვის მიწოდებული იქნა შემოწმების პროცესში არსებული გაანგარიშებები და მიეცა დრო პოზიციის წარსადგენად, რომელიც მისი მხრიდან არ იქნა განხორციელებული.

საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, ამდენად, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.