გადაწყვეტილება №25519/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25519/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 25.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25519/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. დაკისრებული სანქციების შემცირების მიზანშეწონილობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.05.2025 წლის №002-64 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15362 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 83 816.43 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 44 970.33
ჯარიმა - 34 043.40
საურავი - 4 802.70
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საკვები პროდუქტებით, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 2 აგვისტოდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 2 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის №10478 ბრძანება და №002-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.07.2025 წლის №15362 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, საკონტროლო-სალარო აპარატის, პოსტერმინალის მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, კერძოდ, საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი შედგება პროდუქციის რეალიზაციით მიღებული (პოსტერმინალის მეშვეობით მიღებული ჩარიცხვებით და სალაროს ჩეკებით) თანხებით. საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების მეშვეობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგენილი ბრუნვის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან შედარების შედეგად გამოვლინდა სხვაობები, რომლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ისგან გათავისუფლებული პროდუქციის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მოხვედრასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. კერძოდ, შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა ისეთი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ასევე არ წარუდგენია შესყიდვის აქტები ან სხვა სახის მტკიცებულებები და არც სიტყვიერად განუმარტავს გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში წარუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობის პროცესში ეწევა დღგ-ის დაბეგვრისგან გათავისუფლებული ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასაც (წარმოადგენს შეძენილი ქართული პროდუქციის რეესტრს, ხოლო დაზუსტებული საჩივრით დაზუსტებულ რეესტრს). მსგავსი პროდუქცია შეძენილი აქვს ძირითადად სასაქონლო ზედნადებით. ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდულობს აგრარულ ბაზარზე გლეხებისგან და ახდენს მის რეალიზაციას. შემმოწმებლებმა სალაროთი და პოსტერმინალით მიღებული თანხები სრულად დაბეგრეს დღგ-ით და არ გაითვალისწინეს დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია.
ითხოვს აუდიტორებს დაევალოთ, გადასახადის გადამხდელის ან გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ჩართულობით, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხების ხელახლა გადაანგარიშება და უსაფუძვლოდ, ზედმეტად დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
შემოწმების მიერ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი შედგება პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხებით, კერძოდ, პოსტერმინალის მეშვეობით მიღებული ჩარიცხვებითა და სალაროს ჩეკებით. შემოწმების მიერ, საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების მეშვეობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც შედარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და გამოვლენილი სხვაობებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ახდენს დღგ-ის დაბეგვრისგან გათავისუფლებული ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციასაც, მსგავსი პროდუქცია შეძენილი აქვს ძირითადად სასაქონლო ზედნადებით. ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყიდულობს აგრარულ ბაზარზე გლეხებისგან და ახდენს მის რეალიზაციას. შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული საქონლის რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2025 წლის №------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, სადავო საკითხზე აღნიშნულია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა ისეთი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას, ასევე არ წარუდგენია არც შესყიდვის აქტები ან სხვა მტკიცებულებები და არც სიტყვიერად განუმარტავს გათავისუფლებულ პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. არც საჩივარს არ ერთვის თან ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგებს. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტერიას და შემოწმების პროცესში განმარტა, რომ დღგ-ის დეკლარაციებს ავსებდა შეძენილი საქონლის ღირებულებით. შემოწმების შედეგად არ დასტურდებოდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა, რაც შესაძლოა გათვალისწინებულიყო. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრისგან განსხვავებით, ამჟამად წარმოდგენილ საჩივარზე, გადასახადის გადამხდელს დამატებით წარმოდგენილი აქვს ექსელის ცხრილში ჩამოწერილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის სია და ფასები, თუმცა არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება ან დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული ცხრილის ნამდვილობას, არ არის წარმოდგენილი არც შესყიდვის აქტები ან სხვა ისეთი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენის არსებობას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში არ არის ისეთი გარემოებები მითითებული და არც დამატებით არ არის წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შემოწმების შედეგებს.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური არგუმენტები, ამასთან აღნიშნა, რომ საჩივარზე დამატებით წარმოდგენილი აქვს შეძენილი ქართული პროდუქციის რეესტრი, ჩვეულებრივი მარკეტია, მაგრამ ძირითადად ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შემოწმების პროცესში წარდგენილი არ ყოფილა დოკუმენტაცია, რომელიც დღგ-ით დაბეგვრისგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას დაადასტურებდა, არ წარუდგენია შესყიდვის აქტები და არ განუმარტავს გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით, აღნიშნულს არც ამჟამად წარმოადგენს, წარმოდგენილია საჩივარზე დანართის სახით მხოლოდ საქონლის რეესტრი ექსელის ფორმატში.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციების შემცირების მიზანშეწონილობა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 მაისის №002-64 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 34 043.40 ლარი და განესაზღვრა საურავი 4 802.70 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებულ სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს დაკისრებული სანქციების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გამოყოფს ორ შემთხვევას, როდესაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევა და მისი დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება, უფრო კონკრეტულად, გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი ზოგადად და სამართალდარღვევის ფაქტის მიმართაც, ხოლო თავად სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს არცოდნით ან შეცდომით.
განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს აუდიტორებს დაევალოთ, გადასახადის გადამხდელის ან გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ჩართულობით, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი თანხების ხელახლა გადაანგარიშება და ზედმეტად დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება.
2.ითხოვს დაკისრებული სანქციების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების მეშვეობით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგენილი ბრუნვის დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან შედარების შედეგად გამოვლინდა სხვაობები, რომლის გათვალისწინებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილ სხვაობაზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2. გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 34 043.40 ლარი და განესაზღვრა საურავი 4 802.70 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
1.საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
163,164,172(4),269(7).