გადაწყვეტილება №18232/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18232/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ-------------------ას 17.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №---------------).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.06.2022 წლის №002-101 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27398 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 44 670 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 21 668
საშემოსავლო გადასახადი - 4 918
დღგ - 16 750
ჯარიმა - 13 517
საურავი - 9 485
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
მეწარმის საქმიანობაა მეორადი საქონლითა და ტექნიკის აქსესუარებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის --- იანვრიდან 2022 წლის --- მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საქმიანობა გამიჯნული ჰქონდა სავაჭრო ობიექტების მიხედვით (ობიექტები განლაგებული იყო ორ მისამართზე). ტექნიკის აქსესუარებით ვაჭრობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ობიექტში, მისამართზე: ქ. თბილისი, ---------- №--, ხოლო მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობას - ---------------------, №-----.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები არ ჰქონდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვ.) მონაცემების ანალიზის შედეგად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა პირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ვერ იდენტიფიცირდებოდა მყიდველები, ვერ კონტროლდებოდა ყველა ოპერაციის დაწყება, მიმდინარეობა და დასრულება.
შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ტექნიკის აქსესუარებით ვაჭრობის ნაწილში საგადასახადო ორგანომ გამოიყენა 2022 წლის -- მაისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების მასალები. საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი ფასნამატი - (საშუალოდ ------%). სარეალიზაციოდ განკუთვნილი მეორადი ტანსაცმელი გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამობით და რეალიზებული ჰქონდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი მეორად ტანსაცმელს არ ყიდდა დოკუმენტურად და საკონტროლო შესყიდვით შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა ---%. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის (მეორადი ტანსაცმლის) თვითღირებულებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის პირველი იანვარი, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმებისას დადგენილი შემოსავლის თანხები ჩაერთო დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ყოველთვიური რეალიზაციის დასადგენად შეძენების წლიური ბრუნვის პროპორციულად გაანგარიშდა ყოველთვიური შემოსავლის ხვედრითი წილი. დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ასევე, დასაბეგრი შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი შესაბამისი პერიოდების მიხედვით (შეძენილი სმფ-ების ხარჯი და სხვ.). საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის საფუძველზე დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.06.2022 წლის №15998 ბრძანება და №002-101 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27398 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, მეორად საქონელზე გავრცელებული --%-იანი ფასნამატი დადგენილია არსებული ნაშთის საფუძველზე, მაღაზიას ამუშავებს შედარებით დაბალ ფასნამატზე. ფასნამატი საშუალოდ შეადგენს --%-ს. აცხადებს, რომ მისი ძირითადი საქმიანობაა მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა, საქონელს ყიდულობს ფუთებით და ფუთების გადარჩევის შედეგად ბევრი ტანსაცმელი არის სარეალიზაციოდ უვარგისი, რის შედეგადაც იზრდება საქონლის თვითღირებულება. გამომდინარე აქედან, ითხოვს რეალიზებულ საქონელზე --%-იანი ფასნამატის ნაცვლად გავრცელდეს --%-იანი ფასნამატი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე ოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ტექნიკის აქსესუარებით ვაჭრობის ნაწილში საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა 2022 წლის 16 მაისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების მასალებით. საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების შედეგებზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. შემოწმებით შემოსავლის განსაზღვრის მიზნით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზებით დადგენილი ფასნამატი - (საშუალოდ --%). სარეალიზაციოდ განკუთვნილი მეორადი ტანსაცმელი გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამობით და რეალიზებული ჰქონდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელი მეორად ტანსაცმელს არ ყიდდა დოკუმენტურად და საკონტროლო შესყიდვით შეუძლებელი იყო ფასნამატის დადგენა, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ანალოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული აუდირებული ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა --%. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული პროდუქციის (მეორადი ტანსაცმლის) თვითღირებულებაზე.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რითაც მის მიერ საჩივარში დასახელებული არგუმენტების მართებულობა დადასტურდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.