ბრძანება N 3266
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება
N 3266
ფ/პ "-------" (პ/ნ --------)
(მის.:------------ )
2022 წლის 27 დეკემბრის 2023 წლის 20 და 24 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16, 18 და 26 იანვრის სხდომებზე (ოქმები №3, №4 და №6) განიხილა ფ/პ "--------" (პ/ნ ---------) 2022 წლის 27 დეკემბრის №77633/1/2022, 2023 წლის 20 იანვრის №78264/1/2023 და 24 იანვრის №78439/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 აპრილის №081-64 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების რეალიზაციის საფუძველზე დღგ-სა და ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ უძრავი ქონება რეალურად წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს მიუხედავად მისი კომერციული სტატუსისა.
გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 14 აპრილის №9476 ბრძანება და ამავე თარიღის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ "--------" (პ/ნ ---------- ) წერილობითი ფორმით ორჯერ (2022 წლის 15 აპრილსს და 4 მაისს) გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, მისამართზე - "---------" ქ. №2, ბ. №12, თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2022 წლის 23 მაისს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის 12 ივნისს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი 2022 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 14 აპრილის №9476 ბრძანებასა და ამავე თარიღის №081-64 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2022 წლის 30 ნოემბერს და საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია 2022 წლის 27 დეკემბერს, 2023 წლის 20 და 24 იანვრს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და საჩივარი დაშვებული იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4086 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "--------" (პ/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 აპრილის №9476 ბრძანება და ამავე თარიღის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 51 611 ლარი, მათ შორის, გადასახადი 32 955 ლარი, ჯარიმა 9 396 ლარი, საურავი 9 260 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
2018 წლის 11 აპრილს ფ/პ "--------" მიერ, რომლის კანონიერი წარმომადგენელია (მამა) "--------", შეძენილი იქნა შპს „---------“ "--------" ჩიხი 4/6-ში - მე-2 სართულზე მდებარე კომერციული ფართები: № 4 - 63,7 მ 2 და 17.30 მ 2 . მოხდა აღნიშნული ფართების გაერთიანება (81 მ 2) , ხოლო რეალიზაციის დროს დაყოფა შეცვლილი კვადრატულობით. ფ/პ "---------" მიერ 2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა 37 მ 2 კომერციული ფართის (ს/კ "---------" ) რეალიზაცია "------" -ზე - 36 000 აშშ დოლარად (110 595,6 ლარი). აღნიშნული ფაქტის გამო ფიზიკურ პირს უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, ხოლო 2020 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა 44 მ 2 კომერციული ფართის (ს/კ "----------" ) რეალიზაცია "--------" და "---------" - 32 000 აშშ დოლარად (98 323,2 ლარი). 2021 წლის 21 დეკემბერს მოხდა "---------" საკუთრებაში არსებული 18.9 მ 2 ავტოსადგომის რეალიზაცია (4 500 აშშ დოლარი).
შემოწმებით ფ/პ "--------" ექვემდებარება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას 2020 წლის 3 აგვისტოს. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებებით - 2020 წლის 3 აგვისტოს - 110 595,6 ლარით, ხოლო 2020 წლის 19 აგვისტოს - 98 323,2 ლარით. ჯამში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 177 049,83 ლარი (დღგ-ს გარეშე). ფიზიკურ პირს 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების მიხედვით დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
"---------" წარმომადგენლის "--------" (მამა) მინდობილმა პირმა წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას, ვინაიდან 2020 წლის აგვისტოს თვიდან არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ავტოფარეხის რეალიზაცია არ დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ფიზიკური პირის მიერ არ არის წარდგენილი 2021 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია.
ფიზიკურ პირს 2020 წლის საგადასახადო პერიოდში უფიქსირდება 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, (კომერციული ფართების რეალიზაცია 208 918 ლარი, აღნიშნული ფართების შეძენა 61 330 ლარი), რის მიხედვითაც დაუდგინდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. 2020 წელს ფიზიკური პირი საკუთრებაში ფლობდა 2 კომერციულ ფართს ქალაქ "-------- -ში :, "--------" №4-ში (ს/კ "---------" და ს/კ "----------"). აღნიშნული კომერციული ფართები რეალიზებულია 2020 წლის აგვისტოს თვეში. საგადასახადო შემოწმებით, ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ხოლო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულია ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული თვეების პროპორციულად. ამასთანავე, ფიზიკური პირის საკუთრებაში 2020 წელს ფიქსირდება ავტოფარეხი (18.9 მ 2 ). რომელიც რეალიზებულია 2021 წლის დეკემბერში, შესაბამისად აღნიშნული ფართი ჩართულია 2021 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით და დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. პირს ასევე დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა)ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილის მიზნებისათვის შემოსავლებში არ შეიტანება ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ სამეურნეო ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მართალია საჯარო რეესტრის ამონაწერში უძრავ ქონებას აქვს კომერციული ფართის სტატუსი, თუმცა მას იყენებდა საცხოვრებელი მიზნებისთვის. უძრავი ქონების რეალიზაციისას მიზანი არ ყოფილა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მის. ქ. "-------" 4, სართული 2, კომერციული ფართი 4 და 4ა, დაზუსტებული საჩივრით აღსრულების ეროვნული ბიუროდან წარმოადგინა ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი, რომლის თანახმად, ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი გამოცხადდა მისამართზე ქ. "--------" 4, სართული 2, ბინა 4- ში, ბინაში არსებული მდგომარეობის დაფიქსირების მიზნით. ოქმის მიხედვით დგინდება, რომ ფაქტების კონსტატაციას ესწრებოდნენ "-------" და "--------" . აღნიშნულ ოქმს დამატებით ერთვის უძრავი ქონების ფოტომასალაც, საიდანაც დასტურდება აღნიშნული ფართის საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება. აგრეთვე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია (ქ. "-------" 4, სართული 2, ბინა 4ა) შპს „---- - ის “ მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება მითითებულ ფართზე განსაზღვრული საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება (ს/კ " --------" და ს/კ "--------" ) გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის, არ წარმოადგენს კომერციულ ფართს და ფ/პ "---------" მიერ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ "----------" და ს/კ "----------" ) რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან, ვინაიდან, უძრავი ქონება (ს/კ "----------" და ს/კ "----------" ) გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ "----------" (პ/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უძრავი ქონების (ს/კ "----------" და ს/კ "----------" ) რეალიზაციის საფუძველზე, დღგ-ისა და ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.