გადაწყვეტილება № 27067/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27067/2/2026
02 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 3.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27067/2/2026).
დავის საგანი:
1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევა;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მიღებული ავანსებისა და ფართების რეალიზაციის ნაწილში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №005-256 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4682 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 314,76 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 58 916,26
ჯარიმა - 34 733
საურავი - 30 665,5
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.09.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2025 წლის №005-256 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის №4682 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2025 წლის №25487 ბრძანებით დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28570 ბრძანებით ცვლილება შევიდა 20.11.2025 წლის №25487 ბრძანებაში, კერძოდ შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და მე4 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 ნაწილებზე.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ხანდაზმულ - 2021 წლის სავადო პერიოდზე დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წელს წარმოდგენილია 2021 წლის საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდი არ ითვლება ხანდაზმულ პერიოდად, ამდენად, შემოწმების მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელებულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით და გადასახადის გადამხდელს პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტის და დარიცხვის ბრძანების მიხედვით, 15 318 ლარის დამატებით დარიცხვა განხორციელდა 2021 წლის სავადო თარიღით, რომელიც 2025 წლის 30 დეკემბერს წარმოადგენს ხანდაზმულ ვადას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:„შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია (მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ხანდაზმულ - 2021 წლის სავადო პერიოდზე დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წელს წარმოდგენილია 2021 წლის საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული დეკლარაციები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის გათვალისწინებით, 2021 წლის საანგარიშო პერიოდი არ ითვლება ხანდაზმულ პერიოდად, ამდენად, შემოწმების მიერ 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელებულია ხანდაზმულობის ვადის დაცვით და გადასახადის გადამხდელს პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია“.
საწარმოს მიერ არ განხორციელებულა 2021 წლის არცერთი დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება, აღნიშნული ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით დარიცხული გადასახადი 15 138 ლარი, უნდა შემცირდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება:
ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები გრძელდება 1 წლით, თუ ამ ვადების გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები და გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარადგინა შესაბამისი პერიოდის საგადასახადო დეკლარაცია
(მათ შორის, შესწორებული დეკლარაცია) ან გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №28570 ბრძანებით ცვლილება შევიდა 20.11.2025 წლის №25487 ბრძანებაში და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების აქტის და დარიცხვის ბრძანების მიხედვით, 15 318 ლარის დამატებით დარიცხვა განხორციელდა 2021 წლის სავადო თარიღით, რომელიც 2025 წლის 30 დეკემბერს წარმოადგენს ხანდაზმულ ვადას. არ განხორციელებულა 2021 წლის არცერთი დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტება.
აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანმა დეკლარაციები დააზუსტა 2024 წელს, მათ შორის დააზუსტა 2021 წლის სექტემბრის დეკლარაციაც (დანართი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის 2021 წლის შესწორებული დეკლარაცია, დეკლარაციის მიღების თარიღი - 26.06.2024, რეგისტრაციის ნომერი - -------). აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება და შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმეში წარმოდგენილ მასალებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მითითება სადავო საგადასახადო მოთხოვნით საგადასახადო ვალდებულებების ხანდაზმულ პერიოდზე დარიცხვასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა წარდგენილი შესწორებული დეკლარაციის გათვალისწინებით განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მიღებული ავანსებისა და ფართების რეალიზაციის ნაწილში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შპს -------(ს/ნ --------) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და ფართების რეალიზაცია. სამშენებლო მომსახურებას უწევს ქვეკონტრაქტორები, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება 1 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა (კორპუსი აშენებულია და მისი ძირითადი ნაწილი რეალიზებულია) მისამართზე --------. საზოგადოების მიერ რიგ შემთხვევაში ხორციელდება საავანსო თანხების მიღება და შემდგომი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გადაფორმება), ხოლო რიგ შემთხვევაში ხორციელდება, ბინის გადაფორმება პირდაპირი გაყიდვით, შემოწმებით შესწავლილ იქნა კორპუსის ყველა ფართის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღებული ავანსები და ფართების საჯარო რეესტრში გადაფორმებები, გამოვლინდა, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული მონაცემების მიხედვით დეკლარირებული არ არის მიღებული შემოსავალი სრულად.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 163-ე მუხლის და 164-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 58 916 ლარი. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 34 733 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შემოწმებით შესწავლილ იქნა კორპუსის ყველა ფართის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებები, მიღებული ავანსები და ფართების საჯარო რეესტრში გადაფორმებები. გამოვლინდა, რომ კომპანიას მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დეკლარირებული. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები და მასზე შეფარდებული ჯარიმა განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების მიერ მათთვის მიწოდებული გაანგარიშების ცხრილის მიხედვით ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 4 448 006 ლარს, ხოლო ამავე ცხრილით განსაზღვრული დასაბეგრი ბაზა შეადგენს 4 550 239,19 ლარს. გაუგებარია საიდან წარმოიშვა დამატებითი 102 232,45 ლარი და შესაბამისად, დამატებით დარიცხული 15 594,78 ლარის დღგ.
შემოწმებით განხორციელდა 25 დეკლარაციის კორექტირება, რომლის თითქმის ნახევარში (11 დეკლარაცია) მოხდა დეკლარირებული თანხის შემცირება. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ მათ მიერ რეალიზაციის დაბეგვრა ხდება ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მიხედვით, ხოლო საჯარო რეესტრში აღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაცია ხდებოდა რამდენიმე დღის დაგვიანებით (შემდეგ საანგარიშგებო პერიოდში). კომპანიის მიერ ხდებოდა უფრო ადრე დაბეგვრა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ პერიოდის ცვლილების (არასწორად) გამო არ უნდა მოხდეს დამატებითი ჯარიმის და საურავის დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.
აუდიტორების ცხრილში რიგი ფართები არასწორია (უფრო დიდი თანხით) არის წარმოჩენილი, ასე მაგალითად:
აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა შემცირდეს დამატებით დარიცხული დღგ 5 980,33 ლარით.
მიუხედავად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, შემოსავალების სამსახურის მიერ დამატებით დარიცხული თანხების გათვალისწინებით სულ მოხდა 25 დეკლარაციის კორექტირება, რომლის თითქმის ნახევარში (11 დეკლარაცია) მოხდა დეკლარირებული თანხის შემცირება. ამის მთავარი მიზეზია, რომ რეალიზაციის დაბეგვრა ხდება ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მიხედვით, ხოლო საჯარო რეესტრში აღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაცია ხდებოდა რამდენიმე დღის დაგვიანებით (შემდეგ საანგარიშგებო პერიოდში). ანუ ხდებოდა უფრო ადრე დაბეგვრა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ პერიოდის ცვლილების (არასწორად) გამო არ უნდა მოხდეს დამატებითი ჯარიმის და საურავის დარიცხვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს მიერ რიგ შემთხვევაში ხორციელდება საავანსო თანხების მიღება და შემდგომი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გადაფორმება), ხოლო რიგ შემთხვევაში ხორციელდება, ბინის გადაფორმება პირდაპირი გაყიდვით. ყველა ფართის მიხედვით გაფორმებული ხელშეკრულებების, მიღებული ავანსების და ფართების საჯარო რეესტრში გადაფორმებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიღებული შემოსავალი სრულად დეკლარირებული არ არის.
აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2026 წლის №----- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების შედეგები ემყარება დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, მათ შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ხელშეკრულებებს (მათ შორის წინარე ხელშეკრულებებს), აგრეთვე საბანკო ამონაწერებს. შემოწმების პროცესში არსებული ყველა ინფორმაცია სისტემატიზებულ იქნა Excel-ის ცხრილში, მათ შორის თითოეული ბინის შესახებ მონაცემები საკადასტრო კოდის და მესაკუთრის მიხედვით. ვინაიდან ხელშეკრულებების ძირითადი ნაწილი (წინარე ხელშეკრულებები) გაფორმებულია უცხოურ ვალუტაში (დოლარში), ხოლო 2021–2022 წლებში (როცა გაფორმებულია უმეტესი წინარე ხელშეკრულება) დოლარის კურსი მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის 2023-2024 წლისათვის (მაგალითად: 2021 წლის 1 იანვარს – 3,2766; 2021 წლის 1 მაისს – 3,4503; ხოლო 2024 წლის 1 იანვარს - 2,6894; 2024 წლის 1 მაისს 2,6849), წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული/ჩარიცხული საავანსო თანხები (ჯამურად) რიგ შემთხვევაში აღემატება ბინის გადაფორმების მომენტში არსებულ ღირებულებას ლარში, შემოწმებით აღნიშნული ფაქტობრივად მიღებული ავანსები დაბეგრილ იქნა დღგ-ით. ამასთან, Excel-ის ცხრილში ასახული გადაფორმების თარიღი, თანხა და შესაბამისი ვალუტის კურსი ატარებს ინფორმაციულ ხასიათს იმ შემთხვევებში, როდესაც თანხები უკვე დაბეგრილია ავანსის სახით. ხოლო, პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, დაბეგვრა განხორციელებულია ბინის გადაფორმების მომენტში მოქმედი ვალუტის კურსისა და შესაბამისი თანხის მიხედვით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას საავანსო თანხების მიღების პერიოდებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინება შეესაბამება მოქმედ კანონმდელობას, ხოლო ბინების პირდაპირი გაყიდვით გადაფორმების შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია გაფორმებული ხელშეკრულებების და ფართების საჯარო რეესტრში გადაფორმებების მიხედვით, რაც ასევე შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადის დარღვევა
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება მიღებული ავანსებისა და ფართების რეალიზაციის ნაწილში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიღებული შემოსავალი სრულად არ აქვს დეკლარირებული. შემოწმება დაეყრდნო საბანკო ამონაწერებსა და საჯარო რეესტრის მონაცემებს. ვინაიდან წინარე ხელშეკრულებების უმეტესობა გაფორმდა 2021-2022 წლებში დოლარის მაღალი კურსით, ხოლო ბინების გადაფორმება მოხდა 2023-2024 წლებში მკვეთრად შემცირებული კურსით, ფაქტობრივად მიღებული საავანსო თანხები ლარში ხშირად აღემატებოდა გადაფორმების მომენტის ღირებულებას. შესაბამისად, აღნიშნული ავანსები სრულად დაიბეგრა დღგ-ით, ხოლო პირდაპირი მიყიდვის შემთხვევები დაიბეგრა უშუალოდ ბინის გადაფორმების მომენტში არსებული კურსით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(10);159(1);160(1);163(1,2)164