ბრძანება N 10167
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10167
10.05.2023
შპს „------------“ (ს/ნ------------)
(მის.:------------)
2023 წლის 15 იანვრის, 8 თებერვლის და 17 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ ------------) 2023 წლის 15 იანვრის №78056/1/2023, 8 თებერვლის №23016/21-11 და 17 თებერვლის №29771/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №021-123 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც აქციზური მარკების გონივრული დანაკლისი არის 2%, ხოლო ამ შემთხვევაში შეადგენს 0.85%-ს, თუმცა მარკები არააქციზურია. აქციზური და არააქციზური მარკები ვიზუალურად და სასაქონლო ფორმით ერთიდაიგივეა და მარკირება ხდება ხელით, შესაბამისად დანაკლისი შესაძლოა იყოს არააქციზურ მარკებზეც. ამასთან აღნიშნავს, რომ შემოწმებით ბოთლების და საცობების დანაკლისი არ გამოვლენილა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასს.
3. გადამხდელი არ ეთანხმება გაცემულ თანხებზე მოგების გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს, რომ დამფუძნებლების ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე მოახდინეს ------------ სესხის დაფარვა, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა 15 დღის განმავლობაში, თუმცა თანხის დაბრუნება არ მოხდა, რასთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 13 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 16 დეკემბრის №31689 ბრძანება და ამავე თარიღის №021-123 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 176 281 ლარი, მათ შორის, გადასახადი 87 362 ლარი, ჯარიმა 55 300 ლარი და საურავი 33 619 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის (ლიმონათის წარმოება) მიხედვით, შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის გზით, რაშიც ასევე გათვალისწინებულ იქნა წარმოდგენილი მონაცემები 2019 წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთების შესახებ და შემოსავლების სამსახურის 24.10.2022წ ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგები, გამოვლენილ იქნა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა (39 049ც), რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შპს "-----------“ და ფ/პ ---------- შორის ხორციელდებოდა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საიჯარო მომსახურებების გაცვლა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილით და აღნიშნული მომსახურებების ურთიერთმიწოდება განიხილა საქონელის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად. ამასთან, ვინაიდან ფ/პ -------------- არ არის დღგ-ის გადამხდელი და არ აქვს დღგ-ის ჩათვლის უფლება, შპს „---------“ მიერ საიჯარო მომსახურების გაწევა დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. საბაზრო ფასად გამოყენებულ იქნა საწარმოს მიერ იმავე პერიოდებში სხვა პირებზე იგივე მისამართზე გაცემული იჯარის ფასები 1კვ.მ-ზე გათვლით - შპს „------------“ მიწოდებული (2021 წლამდე) და მიღებული ფართის სიდიდეების მიხედვით (2021 წლიდან). საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რამდენჯერმე ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც საწარმო გასცემდა მსხვილ თანხებს ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში თანხა დაფარული არ არის შესამოწმებელი პერიოდის დასრულების მომენტისათვისაც (მათ შორის, ------------ზე გაცემულია 82642 ლარი 2019 წლის იანვრიდან, ხოლო ------------ზე - 210000 ლარი 2022 წლის ივნისიდან). თანხების მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა შესაბამის პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხებად, რაც ექვემდებარებოდა დაბეგვრას მოგების გადასახადით. გარდა ამისა, არადაქირავებულ პირებზე სესხის უპროცენტოდ გაცემა ჩაითვალა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. საბაზრო ფასებად აღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები წლიური საბაზრო განაკვეთების შესახებ ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხების მიხედვით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალდებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის გზით, რომელშიც ასევე გათვალისწინებულ იქნა შემოწმებისთვის წარდგენილი მონაცემები 2019 წლის დასაწყისში სმფ-ების ნაშთების შესახებ და შემოსავლების სამსახურის 24.10.2022წ ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ფაქტიური აღრიცხვის შედეგები, გამოვლენილ იქნა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა (39 049ც), რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და დღგ-ის დარიცხვა მართლზომიერად განხორციელდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის“ თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 482 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში და ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასს და საჩივრებს თან ურთავს ექსპერტიზის დასკვნას სადავო ფართის საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულების შესახებ.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები (მ.შ. ექსპერტიზის დასკვნა) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმო მიერ ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე გაცემულია თანხები, საიდანაც გარკვეულ შემთხვევაში თანხა დაფარული არ არის შესამოწმებელი პერიოდის დასრულების მომენტისათვისაც (მათ შორის,----------------ზე გაცემულია 82 642 ლარი 2019 წლის იანვრიდან, ხოლო --------------ზე - 210 000 ლარი 2022 წლის ივნისიდან). თანხის მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხა განხილულ იქნა შესაბამის პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით. გარდა ამისა, არადაქირავებულ პირებზე სესხის უპროცენტოდ გაცემა ჩაითვალა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის საფუძველზე დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, საბაზრო საპროცენტო განაკვეთად აღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები წლიური საბაზრო განაკვეთების შესახებ ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხების მიხედვით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები (მ.შ. ექსპერტიზის დასკვნა) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება არააქციზური მარკების დანაკლისის გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის ფარგლებში საიჯარო მომსახურების საბაზრო ფასს.
3. გადამხდელი არ ეთანხმება გაცემულ თანხებზე მოგების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს ძირითადი საქმიანობის (ლიმონათის წარმოება) მიხედვით, შეძენილი და წარმოების პროცესში გამოყენებული არააქციზური მარკების რაოდენობრივი ანალიზის გზით, გამოვლენილ იქნა არააქციზური მარკების გარკვეული რაოდენობა, რომლის გახარჯვა არ დასტურდება დეკლარირებული ბრუნვის მიხედვით რეალიზებული სასაქონლო ერთეულების რაოდენობით. გამოვლენილი სხვაობის შესაბამისად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში მომჩივანსა და ფ/პ შორის ხორციელდებოდა მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საიჯარო მომსახურებების გაცვლა.
შემოწმებამ აღნიშნული მომსახურებების ურთიერთმიწოდება განიხილა საქონელის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად.
3. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, რამდენჯერმე ფიქსირდება შემთხვევა, როდესაც საწარმო გასცემდა მსხვილ თანხებს ცალკეულ ფიზიკურ პირებზე სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებით ან მის გარეშე. თანხების მოსარგებლეების მიერ საპროცენტო ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხები განხილულ იქნა შესაბამის პირებზე გაცემულ უპროცენტო სესხებად.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები (მ.შ. ექსპერტიზის დასკვნა) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9);159(1ა),164(1),168(1),16(1),18(10),160(ა),161(1,7),171(1);97(1),982(3ზ),